მსოფლიო ტურის ფარგლებში, მილიონობით ადამიანისთვის საყვარელი და ლათინური პოპის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა რიკი მარტინი, 16 ივლისს საქართველოს ეწვევა და თავისი ყველაზე ენერგიული და პოპულარული ჰიტებით მსმენელების წინაშე წარდგება.
იგი მასშტაბურ პერფორმანსს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართავს.
ცოტა რამ რიკი მარტინის შესახებ:
ბავშვობა:
რიკი მარტინის ნამდვილი სახელი ენრიკე მარტინ მორალესია. იგი 1971 წლის 24 დეკემბერს დაიბადა პუერტო-რიკოს დედაქალაქ სან-ხუანში. მისი დედა, ნერეიდა მორალესი, ბუღალტერი იყო, ხოლო მამამისი, ენრიკე მარტინ ნეგრონი, ფსიქოლოგი.
როდესაც ის ორი წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ და მარტინი მონაცვლეობით ცხოვრობდა მამის ახალ ოჯახთან და მამის მხრიდან ბებიასთან. მას ორ-ორი ნახევარძმა ჰყავს დედის და მამის მხრიდან.
რიკი ბავშვობიდან პოპულარულია. პუერტო-რიკოს ტელევიზიის 11-ზე მეტ რეკლამაში გამოჩნდა. 13 წლის ასაკში ახალგაზრდულ პოპ ჯგუფ Menudo-ში გაწევრიანდა. მარტინი ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო და პროექტის მენეჯმენტმა თავდაპირველად უარი თქვა მასზე, მაგრამ ბიჭი დაჟინებით განაგრძობდა კასტინგებზე დასწრებას და საბოლოოდ ადგილი მოიპოვა.

კარიერა:
17 წლის ახალგაზრდამ გადაწყვიტა, საზღვარგარეთ ეცადა ბედი. შეერთებულ შტატებში გადავიდა და ტიშის ხელოვნების სკოლაში ჩაირიცხა. თუმცა, სწავლის დრო არ ჰქონდა, რადგან მიმზიდველი შეთავაზებები მიიღო როგორც მექსიკური თეატრალური დასიდან, ასევე ხმის ჩამწერი სტუდიიდან.
ორივე შეთავაზება მიიღო და ორივე სფეროში წარმატებას მიაღწია. მეხიკოში ენთუზიაზმით დაიწყო მუშაობა მიუზიკლზე და კინოპროდიუსერების ყურადღება მიიპყრო. მსახიობმა დაიწყო მონაწილეობა სატელევიზიო მელოდრამაში „მიაღწიე ვარსკვლავს“ ორ სეზონში გამოჩნდა, შემდეგ კი სრულმეტრაჟიან ვერსიაშიც ითამაშა.
სამსახიობო კარიერის პარალელურად, სოლო მუსიკალური კარიერაც დაიწყო. მან კონტრაქტი Sony Music Entertainment-ის ლათინურ-ამერიკულ ფილიალთან გააფორმა, კონტრაქტის წაკითხვის გარეშე.
საბოლოოდ, გაყიდული თითოეული ჩანაწერიდან მხოლოდ ერთ ცენტს იღებდა.
პირველივე ესპანურენოვანმა ალბომმა, Ricky Martin, ოქროს ტიტული მოიპოვა არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში, არამედ შეერთებულ შტატებშიც.
ისეთი ჰიტები, როგორიცაა Fuego Contra Fuego და El Amor de Mi Vida, მსოფლიო რადიო ეთერში გაჟღერდა.
ამას მოჰყვა არანაკლებ წარმატებული ალბომები Me Amarás და A Medio Vivir. ამ უკანასკნელიდან სიმღერა - Maria ახალგაზრდა მომღერლის პირველ გლობალურ ჰიტად იქცა.

1998 წელს რიკიმ გამოუშვა ახალი ალბომი, Vuelve, მაგრამ მისი უდიდესი მიღწევა იმ წელს იყო მისი გამოსვლა საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც შეასრულა სიმღერა La Copa de la Vida, რომელიც ტურნირის ერთგვარ ჰიმნად იქცა.
მომდევნო წლების განმავლობაში მან გაიმყარა ნამდვილი ვარსკვლავის სტატუსი და გარდა პოპულარობისა, უზარმაზარი ქონების მფლობელიც გახდა. ასევე მიიღო არაერთი ჯილდო, როგორც ლათინური ამერიკის მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებისგან, ისე ამერიკულ პრესტიჟულ ცერემონიებზე.
პირადი ცხოვრება:
ახალგაზრდობაში რიკი მარტინი ამბობდა, რომ მექსიკელ ტელეწამყვან რებეკა დე ალბას ხვდებოდა. წყვილი დაქორწინებასა და ოჯახის შექმნასაც კი გეგმავდა. თუმცა, 2005 წელს გამოცხადდა, რომ რიკი და რებეკა 14-წლიანი ურთიერთობის შემდეგ აღარ იყვნენ ერთად.

სამი წლის შემდეგ არტისტი ტყუპის, მატეოს და ვალენტინოს მამა გახდა, რომლებიც სუროგატი დედისგან დაიბადნენ. მშობლობამ რიკის მწერლობა დააწყებინა - 2013 წელს მან გამოაქვეყნა ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნი „სანტიაგო, მეოცნებე ვარსკვლავების ქვეყანაში“.
2010 წელს რიკი მარტინმა თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაცხადა, რომ გეია.
მუსიკოსის თქმით, წლების განმავლობაში დუმილი და დამალვა მასზე ზეწოლას ახდენდა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ გამხელა სწორად მიაჩნდა. მომღერალმა ინტერვიუებში იმაზეც ისაუბრა, რომ არ სურს ერთ ორიენტაციაზე იყოს მიბმული, ამიტომ პარტნიორებად როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს მიიჩნევს, მაგრამ მხოლოდ ერთნაირსქესიან პარტნიორებთან სურს გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
იმავე წელს, ოპრა უინფრის შოუში, მომღერალმა საჯაროდ გაიმეორა თავისი გეი იდენტობა. მალევე, მუსიკოსმა თავისი პარტნიორი, ეკონომისტი კარლოს გონსალეს აბელაც წარადგინა. წყვილმა მალე დაქორწინებაზე ისაუბრა, მაგრამ მარტინი და აბელა 2014 წელს დაშორდნენ.
2016 წელს მარტინმა სირიელი წარმოშობის შვედ მხატვარ ჯვან იოსეფთან გააბა რომანი. ის მომღერალზე 12 წლით უმცროსია. ისინი მიმოწერით დამეგობრდნენ. პირველ შეხვედრამდე ექვსი თვის განმავლობაში ონლაინ ურთიერთობდნენ. როგორც რიკიმ მოგვიანებით გაიხსენა, ჯვანთან პირადმა შეხვედრამ მასზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა.

წყვილმა ქორწინება არ გადადო; ისინი შეხვედრიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ.
2018 წელს მათ ქალიშვილი, ლუსია შეეძინათ. 2019 წლის ოქტომბერში ვარსკვლავი მეოთხედ გახდა მამა - ვაჟი შეეძინა. მხატვარმა ამის შესახებ თავის „ინსტაგრამის“ გვერდზე განაცხადა, სადაც შვილთან და ქმართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.


2023 წლის ზაფხულში მარტინმა გულშემატკივრები განქორწინების ამბით გააკვირვა. მისი თქმით, წყვილი მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა და შვილებს ერთად ზრდიან.2



სკანდალი:
2022 წელს მომღერლის ძმისშვილმა ის ფიზიკურ, სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა. ბრალმდებელთან მისი ურთიერთობის გათვალისწინებით, რიკის 50 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
ამ ამბის კომენტირებისას მარტინმა უარყო ბრალდებები და მიანიშნა, რომ მის ნათესავს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.
სასამართლო პროცესზე რიკიმ უამრავი მტკიცებულება წარმოადგინა, რომ მას ძმისშვილთან რომანი არ ჰქონია და ნათესავმა სარჩელი უკან გაიწვია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რიკი მარტინი საქართველოში კონცერტს გამართავს - ბილეთების გაყიდვა დაწყებულია
⭕„უკვე დათესილი სურვილები ფორმას იღებს, პროცესები ჩქარდება...“ - 24 მარტის ნუმეროლოგიური პროგნოზი
წყარო: mshoblebi.ge