ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან „ბასტი-ბუბუს“ სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო.
მედიასთან დიდხნიანი პაუზის შემდეგ ტელეწამყვანი და მომღერალი ნინი ბადურაშვილი „დაიჯესტთან“ ოჯახზე, კარიერაზე, მარტოხელა დედობის სირთულეებსა და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს.
როგორც ნინი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, დღევანდელ დღემდე მოსასვლელი გზა, არც თუ ისე მარტივად გაიარა და ამბობს, რომ საქართველოში ცნობადობას, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები აქვს.
შვილთან - ელენესთან მუდამ ცდილობს მართალი იყოს და მარტოხელა დედობის სირთულეების დაძლევაში მას, ოჯახი ეხმარება.
1. რა იყო თქვენი ბავშვობის ოცნება და როგორი ბავშვი იყავით?
ყოველთვის ვოცნებობდი მომღერლობაზე, არასოდეს სხვა პროფესიაზე არ მიოცნებია, ყოველთვის ვიცოდი რა მინდოდა, ასე მეუბნებიან ლაპარაკი და სიმღერა ერთდროულად დამიწყია. თუმცა მეუბნებიან, რომ როცა ცოტა გავიზარდე, მომინდა ჟურნალისტობა, მაგრამ ეს ოცნება მაშინ ვერ ავიხდინე, ოჯახის რჩევით თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობოზე ჩავაბარე, მაგრამ ყველაზე ნაკლებად მსახიობობა მინდოდა.
რაც შეეხება, იმას თუ როგორი ბავშვი ვიყავი, როგორც მეუბნებიან საკმაოდ მშვიდი და უკონფლიქტო ბავშვი ვიყავი. თინეიჯერობის ასაკში ცოტა ხასიათი შემეცვალა, მაგრამ არა რადიკალურად, ახლაც მგონია, რომ მშვიდი ვარ და რთულია ჩემი მწყობრიდან გამოყვანა...რამაც შეიძლება აქამდე მიმიყვანოს ეს არის ადამიანის უზომო თავხედობა და უზრდელობა, თუმცა ვცდილობ, რომ არ ავყვე და ვაკონტროლო.
2. დღევანდელ დღემდე მოსასვლელად, რთული გზა გაიარეთ?
ხშირად მესმის ჩემი მისამართით ფრაზები, მაგას რა ენაღვლება ცნობილი ოჯახიდან არის და მარტივი იყო მისთვის ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემთვის უფრო მარტივი იყო, ისეთ ოჯახში დავიბადე, სადაც ყველა ცნობილი იყო, მაგრამ რომ არ მეშრომა და ჩემი თავის განვითარებისთვის ამხელა შრომა არ ჩამედო, ვფიქრობ აქამდე ვერ მოვიდოდი. ერთია როდესაც გყავს ოჯახი, რომელიც ხელს გიწყობს პირველი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ მეორეა რას იზამ შენ. არასოდეს არ ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი, სულ მინდა განვითარება და ამიტომ არ მგონია, რომ ჩემი წარმატება ოჯახის ხარჯზე იყო.
3. როგორი დედა ხართ, როგორ ზრდით შვილს - მარტოხელა დედობა რთულია?
ყოველთვის ვეკითხები ელენეს, როგორი დედა ვარ, რამე შენიშვნები ხომ არ აქვს ჩემთან. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ და გვაქვს მეგობრული დამოკიდებულება, მეც ეკასთან დღემდე ასეთი დამოკიდებულება მაქვს, თუმცა უნდა არსებობდეს რაღაც ბარიერი.
მიუხედავად ჩემი ასეთი გრაფიკისა, ყოველთვის ვცდილობ ადრე მივიდე, ელენესთან მქონდეს ურთიერთობა, სულ მგონია, რომ რაღაცას ვაკლებ, მაგრამ ეს ალბათ ჩემი გრაფიკის ბრალია.
ვერ ვიტყვი, რომ მარტოხელა დედა ვარ, მე ძალიან დიდი ოჯახი მყავს ზურგს უკან და ძალიან მეხმარებიან ამ ყველაფერში. როდესაც ქალს ჰყავს მეუღლე უფრო მარტივია გადანაწილებულია ყოველდღიური დეტალები, ამას ძირითადად მე და ეკა ვინაწილებთ, ელენეს მამა აქ არ არის, რა თქმა უნდა კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ყველაფერი ყოფითი მნიშვნელოვანი საკითხები ჩემზე გადადის.
ელენეს ცეკვავს ძალიან კარგად, ასევე აქვს სმენაც და ხმაც, მაგრამ როგორც ახლა ამბობს სიმღერაზე გაყოლა ნაკლებად უნდა. უფრო დაინტერესებულია მსახიობობით, სამოდელო სფეროთი და მოცეკვავე იყოს.
4. რას ხედავთ ამ თაობის მთავარ პრობლემად?
თინეიჯერობის ასაკში ირევა ფიქრები და ყველაფერი ერთად, ამ დროს მშობელმა შვილის მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რომ რაღაც არ გაიპაროს. თინეიჯერებში მთავარ პრობლემას სოციალურ ქსელზე მიჯაჭვულობას ვაწყდები, რაც მე ძალიან არ მომწონს, თუმცა ეს მგონი ყველა თაობის პრობლემაა.
5. რა არის თქვენი მთავარი ღირებულება?
ვიყო საკუთარ თავთან მართალი და არასოდეს ვატკინო სხვებს. კეთილსინდისიერება და სიმართლე არის ჩემთვის მთავარი ღირებულებები.
6. რის და ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება?
ჩემთვის ცხოვრება წარმოუდგენელია ჩემი პროფესიის და ახლობელი ადამიანების გარეშე - პირველ რიგში ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანის ელენეს გარეშე.
7. რომ არა საქართველო, სად იცხოვრებდით?
ადრეულ ასაკში ყოველთვის მქონდა ფიქრი საქართველოდან წასვლის და სხვა ქვეყანაში წასვლის, თუმცა ყოველთვის ვხვდებოდი, რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი არ შემეძლო დიდხანს იქ ყოფნა, მივხვდი რომ ყველაზე კარგად თავს ჩემ ქვეყანაში ვგრძნობ.
8. საქართველოში ცნობადობას უფრო მეტი დადებითი აქვს თუ უფრო მეტი უარყოფითი?
სასწორზეა, ვფიქრობ 50-50-ზეა დადებითობაც და უარყოფითობაც, ან უფრო მეტი დადებითი.
ჩემ შემთხვევაში საკუთარ თავზე ბევრი უსამართლობა გადამიტანია და ბევრი, რამ მწყენია, მაგრამ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გაგრძნობინებენ, რომ ძალიან უყვარხარ მათ და ძალიან ბევრ დადებით ემოციებს იღებ უცნობი ადამიანებისგან.
9. ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება მუდამ განხილვის საგანია, ჭორებზე როგორ რეაგირებთ?
ჩვენ პატარა ერი ვართ და ძალიან გვიყვარს ჭორები, კრიტიკა და განკითხვა. შეიძლება ისეთმა ახლობლებმა დაწეროს შენზე სოციალურ ქსელში საშინელი რამ, რომ ვერ დაიჯერებ.
მე ყოველთვის ვცდილობ ადამიანებს არ ვატკინო გული და მოვექცე მათ კეთილსინდისიერად.
როდესაც ცნობილი ხარ უნდა იცოდე, რომ კრიტიკის საგანი შესაძლოა გახდე. ჩემ შემთხვევაში ისეთი ჭორებიც აგორებულა, სადაც სიმართლის მარცვალი საერთოდ არ ყოფილა. ყოფილა ისეთი ჭორები, რომელიც დიდხანს მოგვდევს, ამან კი შეიძლება გაგიფუჭოთ რეპუტაცია, პირადი ცხოვრება და ხელი შეუშალოს ადამიანებთან ურთიერთობა.
10. რა ხდება თქვენ კარიერაში, მამათქვენის ფილმში მონაწილეობის „ხიდი“ ემოციებზე რომ გვესაუბროთ?
ახალი ვიდეო რგოლი გადავიღე, რომელსაც მალე იხილავს მსმენელი, ეს არის ეკას სიმღერა „უშენოდ“, რომელსაც იგი ასრულებდა და ამაზე გადავიღეთ ვიდეო რგოლი. ვიდეოს ავტორი კი არის ლაშა ცერიაშვილი.
რაც შეეხება მამაჩემის ფილმის ემოციებს, უფრო შიში მქონდა, რადგან ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო, ვუთხარი კიდეც ერეკლეს, ამ როლზე ეცადე ნახო გამოცდილი მსახიობი. როდესაც ერეკლემ დამარწმუნა, რომ იგი ხედავდა ჩემ თავს ამ პერსონაჟის ადგილას უკვე ეს შიშები გაქრა.
ავტორი: თათია ამაღლობელი
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თაკო ტაბატაძე შეყვარებულს დაშორდა?! - მორიგი სკანდალი მსახიობის ირგვლივ
⭕ოლივერი, ჯერი, ტუსია... - ცნობილები, რომლებმაც შვილებს უჩვეულო სახელები დაარქვეს