რთველი დასრულდა, ღვინოც ქვევრებში დუღს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ჭაჭის ამოღება შეიძლება და არყის გამოხდის დროც მოვიდა. კახელები „ზავოდობას“ ზუსტად ისევე უდგებიან, როგორც ღვინის დაწურვას.
ერთი კაცი ჩადის ქვევრში, დანარჩენები კი სათლებს აწვდიან. დიდხანს ქვევრში გაჩერებაც არ შეიძლება. დადუღებულ ჭაჭას საკმაოდ ძლიერი არომატი აქვს და დახურულ სივრცეში თავსაც აბრუებს.
დღეს არაყი გაბრიელ ტატიაშვილთან იხდება. ეს ე.წ. „ზაოდი“ მან საკუთარი ხელით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ააშენა. ეს ის დრო იყო, როდესაც სახლებში არყის ხდა იკრძალებოდა.
თავდაპირველად ყურძნის ჭაჭა დიდ ქვაბში იყრება, რომელსაც შემდეგ ზარქუშს ახურავენ. მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ჰერმეტულობა. შემდეგ უკვე ყენდება მილი, რომელიც გასაციებელ მოწყობილობას უკავშირდება. ბოლოს ცეცხლსაც დაანთებენ და იწყება არყის ხდა.
ერთხელ დანთებული არყის სახდელი შეიძლება დღეების განმავლობაში აღარ განელდეს. არყის გამოსახდელად ყველას თავისი რიგი აქვს და გაბრო ძიასაც საქმე არ ელევა.
მილიდან პირველი არყის წამოსვლას, დაახლოებით, ერთი საათი სჭირდება. ეს დროც ტყუილად არ იკარგება. არ არსებობს „ზაოდობა“ ნამდვილი კახური მწვადისა და შარშანდელი ღვინის გარეშე. ეზოშიც ყველას თავისი საქმე აქვს.
ამასობაში სახდელი ბოლომდე გახურდა და არაყიც წამოვიდა. ვინც ამ საქმეში ბოლომდეა ჩართული, სასმლის სიძლიერეს გრადუსის საზომის გარეშეც ხვდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორია ქისტების საახალწლო ტრადიციები - საინტერესო სიუჟეტი პანკისიდან
⭕„ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი...“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს