საქართველოს პროკურატურამ ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის მსახიობსა და რეპერს, კახა აბუაშვილს, იგივე კაბუს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს - თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა. აღნიშნულის შედეგად, თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. გარდა ამისა, ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია.
კახეთის გზატკეცილზე მსვლელობისას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, დაზარალებულმა შენიშნა გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ბრალდებულის ავტომანქანაში მყოფმა თ.ა.-მ, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად მოუწოდა. პოლიციელები ბრალდებულს დაედევნენ, შეაჩერეს ავტომანქანა და კ.ა. ადგილზე დააკავეს“, - წერია განცხადებაში.
ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ კაბუმ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით - 1,28 გრამს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.
პროკურატურა კაბუს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩემი შემდეგი საფეხბურთო წიგნი მიხეილ მესხზე იქნება“ - გიორგი კეკელიძე