Digest Logo

„გარკვეული ჯგუფი, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხელისუფლების შესაცვლელად, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავდა - იგეგმებოდა კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი “ - სუსის ანგარიში

1713520447
სუსი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარკვეული ჯგუფი, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხელისუფლების შესაცვლელად დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, განიხილებოდა მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რაც მოიცავდა სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავებას და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს.

როგორც სუსში აღნიშნავენ, ასევე იგეგმებოდა ე.წ. „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანა და აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი.

„2023 წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეული იყო პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნებულიყო ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მოლოდინი გათვლილი იყო იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნებოდა უარყოფითი, რაც საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად მიმაგრებული პრორუსულობის ლოზუნგით, საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს შექმნიდა. აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმებოდა უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც გამოყენებული იქნებოდა უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობდა პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. განიხილებოდა მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავდა სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა მძიმე პროვოკაციები. მათ შორის, იგეგმებოდა ე.წ. „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანა და აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

სუსის განცხადებით, აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით, ახორციელებდა ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებებს.

„საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები და პირთა ჯგუფები განაგრძობდნენ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას სტრატეგიულ პარტნიორებთან და დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების დაზიანებას, საზოგადოების პოლარიზებისა და სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუარესების მცდელობებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე გადავარჩინე ძალიან ბევრი ახალგაზრდა... ყველაზე ბედნიერი წლები ჩემს ქმართან ერთად გავატარე“ - გაიცანით 100 წლის ლიდა ოსიტაშვილი

🎥 „ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედან, არ მჭირდებიო...“ - რას ჰყვება გიორგი წიტაიშვილი

⭕კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში საქართველოსადმი მიძღვნილი უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენა გაიხსნა