
21 თებერვალს თბილისში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. მოკლულია 20 წლის ბიჭი, მას ოჯახი 2 დღის განმავლობაში ეძებდა. იგი თანატოლებმა ერთ-ერთი მეგობრის სახლში მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს.
მოკლული თაზო მთივლიშვილია, რომელიც საშაურმეში მუშაობდა.
მომხდარზე ინტერვიუში მოკლულის მეგობარი ამბობს;
ნინო, თაზოს მეგობარი, თანამშრომელი:
- სასწაული, მართლა სასწაული ადამიანი იყო თაზო, რამდენჯერაც გაბრაზებული ვიღაცაზე ცუდ რამეს ვწერდი, სულ იმას მპასუხობდა, არავისმა ცუდმა ქცევამ არ გაგაბოროტოსო. 23 წლის იყო, მაგრამ ძალიან ბავშვური. ღამეებს ვათენებდით ხოლმე „მესიჯობაში“, იმდენ რამეს მიყვებოდა. სამწუხაროდ, არასოდეს უთქვამს, რომ რამე პრობლემები ჰქონდა. მაგაზე არასდროს არაფერი უხსენებია. ნეტავ რამე ეთქვა, დღეს ალბათ ისევ გვერდით მეყოლებოდა. გაცნობის დღიდან ისე დავმეგობრდით, უკვირდა ხალხს, ასე მალე როგორ მოახერხეთო. იმდენი საერთო გვქონდა, ხომ შეიძლება ვინმემ თქვას, რა იცი, იქნებ რამე დააშავაო, ამაზე ადამიანი ვერ იტყვის მაგას. არასდროს არაფერს აშავებდა, ისეთი იყო. ეს შოკის მომგვრელი ამბავი რომ გავიგე, ვერ ვიჯერებდი, იმდენად უწყინარი ადამიანი იყო. ძალიან განვიცდი თაზოს მკვლელობას. თაზო საშაურმეში მუშაობდა ჩემთან ერთად. იქ მუშაობდნენ ის ბიჭებიც, რომლებიც ახლა დაჭერილები არიან. დაკავებული სამი პირიდან ჩვენი საშაურმის ორი მოლარეა დაკავებული, კიდევ ერთი პირი, მეშაურმე გაქცეულია. როგორც ვიცი, ორია გაქცეული ქვეყნიდან, ჩვენი მეშაურმე, რომელსაც ბაირამი ჰქვია და მასთან ერთად გაქცეულია მისი ძმაკაცი, რომელსაც მე არ ვიცნობ. მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი ბაირამის ძმაკაცია და მის სახლში მოხდა ეს მკვლელობა. ნეტავ რამე ვიცოდე, ყველაფერს ვიტყოდი, რომ ყველა დამნაშავე საკადრისად დაისაჯოს. ის ორი დაკავებული ძალიან ახალგაზრდები არიან - ალბათ 20 წლისები. როგორც ვიცი მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. მეშაურმესთან, რომელიც გაქცეულია, არ მქონდა ახლო ურთიერთობა. მგონი 1 კვირის წინ ჩვენმა უფროსმა დაწერა სამსახურის „ჩათში“, რომ თაზო სოფელში ბრუნდებოდა და სამსახურში ვეღარ გამოვიდოდა ცოტა ხნით. თაზო კახეთიდან იყო, ასე ვიცოდით, რომ უბრალოდ ცოტა ხნით ბრუნდებოდა სოფელში და მერე ისევ აპირებდა ალბათ ჩვენთან მუშაობის გაგრძელებას. ვიცი, რომ ადრეც გაუკეთებია ასე, რაღაც პერიოდი სოფელში იყო დაბრუნებული და მერე ისევ რომ ჩამოვიდა აქ დაიწყო მუშაობა.
- ჯგუფში რომ დაწერეს სოფელში მიდისო, მაშინ მოკლული ჰყავდათ?
- არ ვიცი როდის მოკლეს. 17 თებერვალს თაზოს დაბადების დღე ჰქონდა. ზუსტად თაზოს დაბადების დღეზე მწერდა ეს მეშაურმე, რომ ტატუზე ჩამწერეო, ტატუს ვაკეთებ და უნდოდა ჩაწერა, თან მთვრალი იყო და სისულელეებს მწერდა. მეორე დღეს ჩავწერე, მაგრამ ჯერ მითხრა, ცოტა გადავდოთ, რამდენიმე საათითო და მერე საერთოდ აღარ მოვიდა. მეორე, ვინც დაჭერილია მოლარე, იმ ბიჭმაც 17 რიცხვში, თაზოს დაბადების დღეზე სმენის გადაცვლა მთხოვა და გადავუცვალე. ზუსტად როდის მოკლეს, არ ვიცი.
- რომ დაიწერა „ჩათში“ თაზო სოფელში წავიდაო იმ დროსთვის უკვე მოკლული ჰყავდათ?
- არ ვიცი, შეიძლება. უბრალოდ გამაოგნებელია ის, რომ გუშინ ერთ-ერთი დაკავებული სმენაში იყო ჩვეულებრივ მოსული და მას არანაირი მღელვარება არ ეტყობოდა. მიკვირს როგორ შეძლო ამ ამბის შემდეგ მოსვლა. თან გუშინ საღამოს მომწერა, რომ ტატუს გაკეთება უნდოდა, ასე უსინდისოდ. არ ვიცი რა მოხდა იქ. არადა ამ ბიჭებიდან არავისზე ცუდი შთაბეჭდილება არ დამრჩენია. ასეთ რამეს როგორ წარმოვიდგენდი. თაზოს დედა ჰყავს თიანელი და ეს რომ გავიგე, მას მერე კიდევ მეტად დავმეგობრდით, რადგან მეც თიანეთიდან ვარ.
- მკვლელობის მოტივად რას ამბობენ?
- როგორც ვიცი, ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელიც ჩვენი თანამშრომელია მაგან თქვა, რომ ფულის გამო იჩხუბეს. სხვა დეტალი ჩემთვის უცნობია. როგორც გავიგე, ცემით ჰყავს მოკლული. მაგიდაზე ნარტყამი აქვს თავიო. სხვა დეტალი მართლა არ ვიცი, თორემ არაფერს დავმალავ, ყველამ საკადრისად უნდა აგოს პასუხი. ზუსტი პასუხი არავინ ვიცით, ჩვენც ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით რა იქნება. ვის რა როლი აქვს ამ დანაშაულში, რატომ გაიმეტეს ახალგაზრდა ბიჭი ასე სადისტურად მოსაკლავად, კონკრეტულად ვინ ჩაიდინა ეს მკვლელობა ეს და სხვა მრავალი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაკავებულია სამი პირი. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕შოთა და აჩი არველაძეები იუბილარები არიან - ცნობილი ტყუპები 52 წლის გახდნენ