საბერძნეთში მასობრივი ძარცვის ბრალდებით საქართველოს 7 მოქალაქე სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ათენში და მის მიმდებარე ქალაქებში ძარცვის სქემას ე.წ. კანონიერი ქურდი, 41 წლის ირაკლი ხოხიაშვილი, იგივე ირაკლი „ქუთაისკი“ ხელმძღვანელობდა.
ე.წ. კანონიერ ქურდთან ერთად დაკავებულები არიან მისი გარემოცვის წევრები. ყველა მათგანი საბერძნეთში რამდენიმე წლის წინ წავიდა და წარსულში სამართლებრივი პრობლემების გამო, მათ უმრავლესობას პერსონალური მონაცემები შეცვლილი აქვს.
ახლობლები საქმის დეტალებზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
საბერძნეთში ავსტრალიის მთავარეპისკოპოსი ერთ-ერთია, ვინც ქართველი მძარცველების სამიზნე გახდა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირთან ერთად მრავალტომიან საქმეში დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებს ბერძენი პროკურორიც, რომლის სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს.
საქართველოს მოქალაქეების დაკავებას აქტიურად აშუქებს ბერძნული მედია. პრესა წერს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დედაქალაქში და მის მიმდებარედ გაძარცვეს ათობით სახლი, გაიტაცეს დიდი ოდენობით ფული, ძვირფასეულობა და ანტიკვარული ნივთები.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ლეგალიზება ფიქციურად შექმნილი კომპანიის მეშვეობით ხდებოდა. რეალურად კი ნაძარცვით ე.წ. შავი სალარო ივსებოდა, რომელსაც ერთპიროვნულად ე.წ. კანონიერი ქურდი აკონტროლებდა.
ათენის გარდა, საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება 60-მდე ძარცვა კუნძულ კრეტაზეც. გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულთა შორის არიან ქალაქ ჰერაკლიონის მერი და ვიცე-მერი.
ბრალდებულებმა ადგილობრივი მაღალჩინოსნების სახლებში ჯერ უსაფრთხოების სისტემა გატეხეს, შემდეგ ფული და ძვირფასი ნივთები მოიპარეს. პოლიციის ინფორმაციით, კიდევ ერთი გაძარცული სახლიდან ქართველებმა 72 ოქროს მონეტა და 25 000 ევრო გაიტაცეს. საქმის მასალებში წერია, რომ ქართველი დამნაშავეები ყველაზე თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების გათიშვასაც კი ახერხებენ. საპოლიციო ღონისძიების დროს ამოღებულია ნაძარცვი ნივთები, დიდი ოდენობით თანხა, ავტომობილები, ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკები. საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქებში საპოლიციო ღონისძიებები ამ დროისთვისაც გრძელდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვისი ბრალია ეს ავტოსაგზაო შემთხვევა?“ - რა კადრები ვრცელდება სოცქსელში