ფეხბურთელ გიორგი ჩაკვეტაძემ და მისმა ოჯახმა დევნილობის შემდგომ ცხოვრება მოსკოვის გამზირზე დაიწყო. 6 წლის იყო, როდესაც მის მიერ სახლში აკენწლილმა ბურთმა მიახვედრათ, რომ გიორგის ნიჭი ჰქონდა და ამ ნიჭს წვრთნა ესაჭიროებოდა.
„გოგო, უყურე ზევიდან გიორგის თამაშს და რა მაგარი არისო, ფეხბურთზე არ მიგყავსო? კი -მეთქი, მაგრამ ჯერ პატარაა, 6 წლის იყო. მარკელიამ მითხრა, წავიყვანოთო დინამოშიო“, - იხსენებს გიორგი ჩაკვეტაძის დედა.
ასე მოხვდა პატარა ჩაკვე დინამოს აკადემიაში. ბიჭი, რომელსაც არც ერთი ღამე მშობლების გარეშე გათენებული არ ჰქონდა, დინამოს კედლებში მიიბარეს. ფიზიკურ დატვირთვაზე მეტად ოჯახთან განშორება გაუჭირდა.
„არსად მაგას ღამე არ ჰქონდა გათენებული, ერთხელ დაიძინა ჩემს მულისშვილთან დარჩა, მეექვსე სართულზე აქვე და მე თვითონ ვერ გავძელი, ავედი და ჩამოვიყვანე. 10 წლის იყო აკადემიაში რომ წავიდა, იქ იყვნენ, იძინებდნენ და დედასთან უნდოდა წამოსვლა“, - ამბობს გიორგის დედა.
საკუთარი სახლისგან მოშორებამ ჩაკვე კიდევ უფრო მტკიცე და მოტივირებული გახადა. ვარჯიში მაშინაც კი, როცა სხვა აღარ ვარჯიშობდა გიორგის ცხოვრების წესად იქცა, ამიტომ შეადარეს ის ადრეულ ასაკშივე მიხეილ მესხს.
„მწვრთნელი იყო გივი ლომიძე, ნახა მისი ფინტები და ჰკითხა, ბიჭო, შენ რა გვარი ხარო. ჩაკვეტაძეო უპასუხა და მწვრთნელს უთქვამს შენ ჩაკვეტაძე კი არა მგონი მესხი ხარო“, - იხსენებს ჩაკვეტაძის დედა.
გიორგი აკადემიაში მაშინვე შეამჩნიეს და გამოარჩიეს. იქაც ყველამ იცოდა, რომ მისი „კუმირი“ კრიშტიანუ როლანდუ იყო. ამიტომ იდგა მის გვერდით ყველაზე დიდხანს და ამიტომ უყურა მსოფლიო ვარსკვლავის მასტერკლასს ერთ მეტრიან დისტანციაზე.
„მისი ფანი იყო განსაკუთრებული, ძალიან უყვარდა და აღნიშნავდა მის გოლებს. ახლა პორტუგალიასთან თამაშისას ვთხოვე, იქნებ მაისურზე წარწერა გააკეთებინო -მეთქი, მაგრამ ძალიან მორიდებით უდგას წინ“, - განაცხადა მთვარისა რუხაძემ.
გიორგი ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც უეფას ერთა ლიგაზე, 2018 წელს გოლი გაიტანა. ეს მის ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი იყო. აღნიშნული გოლის შემდეგ, მისით არაერთი უცხოური კლუბი დაინტერესდა. მაშინ დასრულდა იმედგაცრუების ბევრ წლიანი ეპოქა. სწორედ 19 წლის ჩაკვეტაძის გოლმა დაუბრუნა ქართველ გულშემატკივარს რწმენა, რომ ფეხბურთს ჩვენს ქვეყანაში წარმატების მიღწევის შანსი ისევ ჰქონდა.
შემდეგ იყო უცხოური კლუბების არაერთი შემოთავაზება და პირველი კონტრაქტი.
„ბელგიას უნდოდა გიორგი, ჩამოვიდა მწვრთნელი და მოვიდა სახლში. უნდა ვნახო სად ცხოვრობსო, მაშინ ერთი პატარა ოთახი მქონდა. ბიჭები სამივე იქ ცხოვრობდნენ. უცხოელებისთვის ეს უცნაურია და გაგიჟდა, ახლავე წადით და მონახეთ ბინა და მე ვყიდულობო. ჩვენ ბევრი რამ არ ვიცოდით მაშინ და ეს ბინა გვიყიდეს ბელგიელებმა“, - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძის დედა.
ბელგიაში იცოდნენ, რომ ჩაკვეტაძე რონალდუს ფანი იყო და ამიტომ 7 ნომრიანი მაისური დაახვედრეს. ფეხბურთელის მოტივაცია იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მიღებული ტრავმა, რამაც 2 წელი დააკარგვინა. მედლებისა და თასების კუთხეს მალე გაფართოება მოუწევს, რადგან ტრავმა უკან მოიტოვა და ის კარგ ფორმაშია.
„საქართველოში რომ ჩამოდიოდა, თვითმფრინავიდან სულ ხელში ვუყურებდი, ყოველთვის პრიზები ასე მოჰქონდა. ვუყურებდი აბა თუ მოიგო რამე და მე ეს ძალიან მიხაროდა“, - ამბობს მთვარისა რუხაძე.
გამარჯვების სიხარული ყველაზე კარგად 26 მარტს გამოამჟღავნა. ეს გიორგისგან იმდენად უცხო იყო დედისთვის, რომ შვილი ვერ იცნო.
„გამიკვირდა, ბიჭო შენ როდის იყო მღეროდი და ცეკვავდი -მეთქი. საერთოდ თუ მღეროდა არც ვიცოდი. იცით როგორია? სიტყვას არ გაგცემს, პასუხს. იცინოდა. ერთი იცის კიდევ თავის დაქნევა“, - ამბობს გიორგის დედა.
ჩაკვეს დედა სოციალურ ქსელს თვალს ადევნებს და ხვდება, რომ გამარჯვებებმა და დიდ ფეხბურთში სრულფასოვნად დაბრუნებამ ახალი გიორგი ჩაკვეტაძე წარმოშვა, ლაღი, გახსნილი, მხიარული და იუმორით სავსე.
„სერიოზული ურთიერთობა არც აქამდე ჰქონია. ამ მხრივ აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა. გოგონები უფრო აქტიურობდნენ, აქ რომ იყო, ეზოში მოდიოდნენ და ყვიროდნენ: „ჩაკვე, ჩამოდი! ჩაკვე, ჩამოდი!" მთავარია, უბოროტო და მართალი ადამიანი იყოს“ , - ამბობს ფეხბურთელის დედა შვილის პირადზე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„შენ ხარ პასუხი ჩემ ყველა შეკითხვაზე...“ - დავით გოგიჩაიშვილის ემოციური მილოცვა ცოლს
⭕გიორგი გასვიანის დედა იუბილარია - როგორ მიულოცა ტელეწამყვანმა რუსუდან კაჭარავას დაბადების დღე
⭕„ვამაყობ საქართველოს ნაკრების წარმოუდგენელი თამაშით, მათ ისტორია შექმნეს“ - რას წერს ილია თოფურია