18 დეკემბერი პოეტ ნიკოლოზ (ბაჩანა) რაზიკაშვილის გარდაცვალების დღეა. ის 1866 წლის 16 მაისს, სოფელ ჩარგალში დაიბადა.
პოეტმა დაწყებითი განათლება ჩარგალში მიიღო, ხოლო შემდეგ მშობლებმა მიაბარეს გორის საოსტატო სემინარიაში, სადაც მისი უფროსი ძმა ვაჟა-ფშაველა სწავლობდა.
მწერლობა 80-იან წლებში დაიწყო. ბაჩანას პოეზიაში მთის ხალხთა ზეპირსიტყვიერებისა (კრებდა მის ნიმუშებს) და ქართული კლასიკური მწერლობის (განსაკუთრებით უფროსი ძმის, ვაჟა-ფშაველას) დიდი გავლენა შეინიშნება. მისი შემოქმედების თემატიკას იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა განსაზღვრავდა.
ლექსებში „ნატვრა", „ტყის სიმღერა", „მუხა", „ვინა სთქა საქართველოზე“ და სხვ. ბაჩანა სიმბოლურ-ალეგორიული სახეებით გადმოსცემდა სამშობლოს მძიმე მდგომარეობას, რაც განაპირობებდა მის ლექსთა ელეგიურ ტონს („ოცნება პატიმრისა“, „გზააბნეული“). ბაჩანას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბუნებას, როგორც ადამიანის ცხოვრებაში მონაწილე ყოვლისშემძლე ძალას. პოემაში „თაღლაურა“ (1884), „ნანაის სიმღერა“ (1889), „საფრთხე“ (1891) პოეტი მთიელთა ყოფა-ცხოვრებას აღწერს; პოემა-რომანში „წაწლობა“ (1919–1924) ფშავის თემის ზოგიერთი წეს-ჩვეულების დრომოჭმულობას ააშკარავებს.
შეგახსენებთ, რომ პოეტი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა მოხდება 2025 წელს? – ვანგას შოკის მომგვრელი წინასწარმეტყველება