Digest Logo

🎥 18-მილიონიანი აფერა - უძრავი ქონების გასხვისების მორიგი თაღლითური სქემა, რაზედაც აუცილებლად უნდა იცოდეთ!

1740334262
უძრავი ქონება

მობინადრემ მშენებარე კორპუსში კომერციული ფართი შეიძინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ რეალურად სადარბაზო იყიდა. საკადასტრო კოდებით და ექსპერტიზის დასკვნით, კორპუსის მთავარი შესასვლელი ახლა მის მფლობელობაშია. სამართლებრივად, ნატო სხირტლაძეს შეუძლია, სადარბაზოს კარი ჩაკეტოს და 150-მდე მობინადრეს საკუთარ სახლებში შესვლის უფლება არ მისცეს. ის, ისევე როგორც სხვა ათობით ოჯახი, სამშენებლო კომპანიის მიერ თაღლითური მაქინაციის მსხვერპლი აღმოჩნდა.

დიღომში, ფარსადანის ქუჩაზე, კორპუსს კომპანია "დელუქს დეველოპმენტი" 2018 წლიდან აშენებს. დგინდება, რომ ბინების მრავალჯერ გადაყიდვის, საკადასტრო კოდების და განშლის გეგმის აღრევის შედეგად, კომპანიამ მილიონობით ლარი მიითვისა. მშენებელი თორნიკე ზურაბიშვილი ახლა ძებნაში იმყოფება. საბრალდებო სკამზე ზის კომპანიის სამი ხელმძღვანელი პირი. მათ მიერ შემუშავებული სქემის შედეგად, მოქალაქეები უკვე წლებია კორპუსში კუთვნილ ფართებს ეძებენ და ჯერაც ვერ უპოვიათ. ზოგს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბინა უკვე მისი საკუთრება ეგონა, როდესაც კარზე სხვა მესაკუთრემ მიუკაკუნა და სახლის გათავისუფლება მოსთხოვა. აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე ფართი მშენებელმა, სხვადასხვა საკადასტრო კოდით, რამდენიმე პირს მიყიდა.

თაღლითური მაქინაციის შედეგად, ოჯახთან ერთად, ქუჩაში დარჩა და ახლა ქირით ცხოვრობს გვანცა სანიშვილი. მან, კორპუსში ფართის შესაძენად, კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა და ფულიც ჩარიცხა, თუმცა ნახაზში ნაჩვენები ქონება სხვისი აღმოჩნდა. თავად რომ ვერ იპოვა, საკუთრების დადგენა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სთხოვა. დასკვნამ აჩვენა, რომ მისთვის მინიჭებული საკადასტრო კოდით ფართი კორპუსის გარეთ მდებარე ღია სივრცეა. დაზარალებული ითხოვს, სხვა პირებთან ერთად, დაისაჯოს "დელუქს დეველოპმენტის" დამფუძნებლის, თორნიკე ზურაბიშვილის დედა, მაია ჯოხაძე, რომელიც შვილის მიმალვის შემდეგ ბიზნესს თავად განკარგავს.

სამშენებლო აფერამ ქუჩაში უამრავი ოჯახი დატოვა. ამ ხნის განმავლობაში, ზოგმა, ბინასთან ერთად, სიცოცხლეც დაკარგა. მობინადრეები ჰყვებიან, რომ "დელუქს დეველოპმენტთან" დავას უკვე არაერთი ადამიანი შეეწირა.

მაია ჯოხაძე, რომელიც ახლა კომპანიის სახელით მოქმედებს, კამერების წინ არ ჩნდება, პირად საუბრებში კი დაზარალებულებს თაღლითობაში თავად ადანაშაულებს.

თანხების მითვისებას უარყოფს ადვოკატიც, რომელიც მაია ჯოხაძის და მისი შვილის, თორნიკე ზურაბიშვილის ინტერესებს წარმოადგენს. იურისტი დაზარალებულ ოჯახებს პასუხისგებაში მიცემით ემუქრება.

ორგანიზებული თაღლითობის ფაქტზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. „კურიერი P.S-მა“ პროკურორს ჰკითხა, რა ოდენობის თანხა მიითვისეს კომპანიის წარმომადგენლებმა. მტკიცებულებებით დადგინდა, რომ საუბარია დაახლოებით 18 მილიონზე, რომელსაც "დელუქს დეველოპმენტის" მფლობელებს მობინადრეები ედავებიან.

თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია სამი და ძებნაში ორი პირი. სასამართლო დარბაზში "კურიერი P.S-ის" კამერის გამოჩენამ ბრალდებულები გააღიზიანა, რის გამოც ჯერ სხდომის დახურვა, შემდეგ კი გადადება მოითხოვეს. პროცესი გადაიდო, თუმცა განაჩენი მალე გამოცხადდება.

ბრალდებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან საინტერესოა ცხოვრება...“ - მსახიობი გია ბურჯანაძე სცენაზე დაბრუნდა

როგორ გადის ჯოჯოხეთურ ცხოვრებას დედამიწაზე გიორგი შალვაშვილი და რატომ იყო მისი დაბადება მისტიკური

არველაძეები პატარა სოფიასთან ერთად - მაკუნა ზედაშიძე ახალ ფოტოს გვიზიარებს

წყარო: rustavi2.ge