Digest Logo

2 ქორწინება, 14 წლით უმცროსი მეუღლე და კონსერვატორიიდან „გაგდებული“ - ვაჟა აზარაშვილის პორტრეტი

1707301131
ვაჟა აზარაშვილი

7 თებერვალს 88 წლის ასაკში კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა.

„სიმღერის მეტი ქონება მე მართლა არ გამაჩნია, მაგრამ მაინც მდიდრად მივიჩნევ ჩემს თავს. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაყურებლის ტაში და გულწრფელი სიყვარულია. ეს ძალას მმატებს...“ , - ეს სიტყვები ვაჟა აზარაშვილს ეკუთვნის. დღეს სწორედ მისი ცხოვრების შესახებ გიამბობთ.

ვაჟა აზარაშვილმა მთელი ცხოვრება მუსიკას შეალია, თუმცა პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავდა. პირველმა ქორწინებამ სულ სამ-ოთხ წელს გასტანა. მეორე ქორწინებიდან ჰყავს მშვენიერი ნათია, რომელიც აგრეთვე პროფესიულ მუსიკაშია, საფორტეპიანო განხრით. კომპოზიტორის დღიურები საინტერესო მოგონებებს ასახავს. 

ბავშვობა

ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს დაიბადა....

„მამაჩემი, შალვა აზარაშვილი, ახალციხიდან წამოვიდა. მახსოვს, გვიამბობდა: თურქეთთან ომი და არეულობა რომ იყო, მამამ დაგვსხა ბავშვები ურემზე და გამოვემგზავრეთო. დასახლდნენ ბორჯომში, შემდეგ თბილისში ჩამოვიდა. კონსერვატორიაში სწავლობდა. იყო ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრი, რომელსაც სანდრო კავსაძე და ვალერი ცაგარეიშვილი ხელმძღვანელობდნენ. დედა, ოლღა მიქანაძე, გურიიდან გახლდათ, პედაგოგი. მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩვენს ეზოში სამუსიკო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ცხოვრობდა.

მან მითხრა: ნიჭიერი ბავშვი ხარ და მუსიკა უნდა ისწავლო. რადგან ფორტეპიანო არ გაქვთ, ვიოლინოს მოგცემთო. რა დროს მუსიკა და გართობაა, მამაჩემი ცოცხალია თუ მკვდარი არ ვიცით -მეთქი. არ მომეშვა, მაიძულა, სწავლა დამეწყო. მე-4 კლასში ჩვენ, როგორც საგანი, ორკესტრი გვქონდა და იქ ვუკრავდით. ძალიან ვზარმაცობდი, მერე თანდათან მომეწონა და ვთქვი – ამას თავს ვერ დავანებებ-მეთქი. ერთ დღეს, 14 იანვარს, დედამ დეიდასთან წამიყვანა თბილისში. მამაჩემის მამიდაშვილი მოსულა, რომელიც ფიროსმანის ქუჩაზე ცხოვრობდა. მამაჩემი რომ ჩამოსულა, სახლში კი არ მოვიდა, თავის მამიდაშვილთან მისულა. რა ვიცი, ჩემი ცოლი კარგი გარეგნობის ქალია, იქნებ გათხოვდაო, – უთქვამს. საღამოს კიდევ მოვიდა ეს ქალი და გვეუბნება, – შალვა ცოცხალია და ჩემთან არისო. დედამ იფიქრა, ან ხელი აკლია, ან ფეხი, რატომ მოერიდა და არ მოვიდა სახლშიო. მარჯანიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ფიროსმანიდან იქამდე არც თუ დიდი მანძილია. ცხარე ცრემლით ვტიროდი. ეს იყო სიხარულის, ბედნიერების ცრემლები. მერე მითხრეს, რომ დედაჩემს დაუჩოქია მამაჩემისთვის, რა გინდა, ჩაგბარდი პატიოსნად, როგორც გინდოდაო.

სასწავლებელი

... მეოთხე მუსიკალურ სასწავლებელში ვასწავლიდი, კონსერვატორიაში პროფესორი ვიყავი, მაგრამ გაუმართლებელი მიზეზების გამო, უსინდისოდ გამომიშვეს. არ მაპატიეს ის სიმართლე, რასაც ბორჯომის სახლის ირგვლივ ვამბობდი.

მე ვიყავი კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე 11 წელი და ვის უნდა ებრძოლა, თუ არა მე. ეს სახლი ჩვენი თანხებით არის აშენებული. 1981 წლიდან ვისვენებდით, თან, ვმუშაობდით. მე ყველაფერში პირდაპირი კაცი ვარ, ყველაფერში.

„დინამო, დინამო“

... ჩემი რამდენიმე სიმღერა სხვადასხვა სიტუაციაში, ექსპრომტად დაიწერა. მაგალითად, „დინამო, დინამო“ დამაწერინა დიდმა სიხარულმა. ეს გამოწვეული იყო თბილისის „დინამოს“ მიერ 1976 წლის 3 სექტემბრის ისტორიული გამარჯვებით, როდესაც პირველად მოვიპოვეთ სსრ კავშირის თასი. სიხარულით გამოწვეული ემოციის გამო დილის 5 საათამდე ვერ დავიძინე. ადგილს ვერ ვპოულობდი და ბოლოს სამზარეულოში, ფორტეპიანოს გარეშე (ოჯახის წევრები და მეზობლები რომ არ შემეწუხებინა), ზეპირად გადავიტანე ჩანაფიქრი ნოტებზე. მეორე დღეს სასწრაფოდ გავეშურე პოეტ მორის ფოცხიშვილთან, რომელმაც ასევე ოპერატიულად მიუსადაგა ტექსტი. რამდენიმე დღის შემდეგ, ჯემალ ბაღაშვილის თხოვნით, სიმღერა ჩაიწერა სტუდია „მელოდიაში“ და ის პირველად შეასრულა ანსამბლმა „ივერიამ“. არანჟირება ეკუთვნის ალექსანდრე ბასილაიას.

სიყვარული

ვაჟას მეორე მეუღლე პოეტი, მანანა დანგაძეა.

„მეუღლე ჯერ კიდევ ბავშვობაში წერდა ლექსებს… მის ლექსებზე შეიქმნა ვოკალური ციკლი, რომელიც 7 ნაწილისგან შედგება. მანამდე მის ლექსზე სიმღერაც დავწერე – „ჩემო ქართულო მიწავ“. გუნდთან ერთად ვმღერი და ამ სიმღერით ვამთავრებ ხოლმე კონცერტებს. ისეთი ლექსი და მუსიკაა, ხალხი ფეხზე დგება.
ნუნუ დუღაშვილმა, მაცაცო სებისკვერაძემ, მარიკა კვალიაშვილმა, გოგი ჩლაიძემ, მერაბ მერაბიშვილმა… დაწერეს მის ლექსებზე სიმღერები. ზოგი უკვე პოპულარული გახდა“,- იხსენებდა აზარაშვილი.

მანანა დანგაძე:

გათხოვებამდე ვწერდი ლექსებს. როგორც კი გავთხოვდი, ვაჟა უკვე აღიარებული კომპოზიტორი და წარმატებული შემოქმედი იყო… მივხვდი, რომ ხელშეწყობა უნდოდა, არ გამოდიოდა, მე ლექსები მეწერა, ვაჟას – მუსიკა, ასე სოფელი არ აშენდება -მეთქი, ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო ხელშემწყობი. მარტივად, უპრობლემოდ დავდე კალამი და დავიწყე ვაჟას ცხოვრებით ცხოვრება.

მე 20 წლის ვიყავი, ვაჟა 34 - როცა ოჯახი შექმენით.

პატარა ასაკი ნამდვილად არ არის. ბიოლოგიურად შვილის გაჩენისთვის 20-იდან 25 წლამდე - შესანიშნავი დროა. ამ თვალსაზრისით, ქორწინება ჩემთვის ნაადრევი არ იყო.

ჯვრისწერა არ გვქონია, რადგან მაშინ ეს ისე არ იყო მიღებული, როგორც ახლაა. თავდაპირველად უფრო აღვნიშნავდით ქორწინების დღეს, მერე და მერე - ნაკლებად. ადრე უფრო დალაგებული ყოფა იყო, დღეს ყველას ცხოვრება გაცილებით პრობლემატურია, დამძიმებულები და დატვირთულები ვართ.

მთელი ჩემი ცხოვრების დიდი მეგობარი და მასწავლებელი დედა იყო. მასზე ახლობელი და ჭკვიანი გვერდით არავინ მყოლია. ჩემი დაქორწინება და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებაც მისი რჩევით მოხდა. ამბობდა, რომ მეუღლისთვის ხელი უნდა შემეწყო და ჩემი ინტერესები გვერდით გადამედო. თავიდან თუ კარგად არ მესმოდა, რა მელოდა წინ, წლების შემდეგ, ვაჟას შემოქმედების თანაზიარი რომ გავხდი, მომეწონა კიდეც ეს როლი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

სტიქია ხაშურში - დატბორილია საცხოვრებელი სახლები

„არ ვიცი როგორ გავაგრძელო ცხოვრება შენი ღიმილის და ხუმრობების გარეშე“ - ვინ იყო ბაღდათის ტრაგედიის დროს დაღუპული ახალგაზრდა

5-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა