Digest Logo

2024 წლის ტრაგედიები, რამაც ქართველი საზოგადოება ერთი ტკივილის ქვეშ გააერთიანა

1735326840
ტრაგედიები

რამდენიმე დღეში ახალი 2025 წელი დადგება. ქართველი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მას სიხარულითა და მადლიერებით შეეგებება. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით ადამიანებზე, რომლის ოჯახის წევრები 2024 წელს ტრაგიკულად დაიღუპნენ. ცხადია, მათ არასოდეს დაავიწყდებათ წელი, რომელმაც მათ გულებს სამუდამო დაღი დაასვა და მოუშუშებელი ტკივილი დაუტოვა. ვფიქრობ, არც ჩვენ, საქართველოს რიგით მოქალაქეებს არ უნდა დაგვავიწყდეს ის ტრაგედიები, რომლის დროსაც საზოგადოება გაერთიანდა, განურჩევლად წარმომავლობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა.

„დაიჯესტი“ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ უმძიმეს დღეებს და ტრაგედიებს, რომლებიც 2024 წელს მოხდა საქართველოში.

მეწყერი გურიაში - სოფელი ნერგეეთი

ღამის პირველი საათი და 46 წუთი - სოფელ ნერგეეთში დრო სწორედ ამ წამიდან გაჩერდა. შუაღამით მოვარდნილმა მეწყერმა 9 ადამიანის სიცოცხლე და მომავალი ჩაიტანა.

მეწყერს რობაქიძეების ოჯახის 4 წევრი შეეწირა, მამა, 14 წლის ტყუპი დები და 16 წლის ძმა. მათი ცხედრები მაშველებმა მდინარის კალაპოტამდე ჩატანილ სახლის ნანგრევებსა და მიწის მასაში იპოვეს.

„ანგელოზი სამი შვილი, ერთი ოჯახიდან, ტყუპი გოგოები, ერთი ბიჭი და მამა, დედა წასული შვილებისთვის, რომ უჭირდა, საზღვარგარეთ, რა ექნა. იქით ორი მოხუცი ცხოვრობდა კიდევ, ისინიც არ ჩანან“, - ამბობდა ადგილობრივი.

კიდევ ერთი ოჯახის ახლობელი ამბობდა, რომ დაღუპულებს შორისაა 20 წლის გოგო და მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი.

„ოჯახია ჩემი ერთი, დაღუპულია დედამთილი, რძალი და მაზლის შვილი, 20 წლის გოგო, სტუდენტი. მეორე ოჯახი არის ბიძაშვილები, დაღუპულები არიან იქ მამა და სამი შვილი, ტყუპები არიან გოგოები 15 წლისები.  მესამე ოჯახში დედა-შვილი არიან“, - ჰყვებოდა ადგილობრივი.

ტრაგედიის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი მუშაობდა, სტიქიის ეპიცენტრში შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფიც.

ტრაგედია გუდაურში 

ცოტა ხნის წინ მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო მოიცვა, რომელიც გუდაურში, ერთ-ერთ ინდურ რესტორანში დატრიალდა. ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი შემთხვევით აღმოაჩინეს. გარდაცვლილებიდან 11 უცხო ქვეყნის, ინდოეთის მოქალაქე იყო, ხოლო ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგო ქართველი, 25 წლამდე ასაკის იყო და რესტორანში მიმტანად მუშაობდა.

„კერძო სახლია, რომელიც ეკუთვნის მარსაგიშვილებს, მათ მთლიანად ჰქონდათ გაქირავებული. პირველ სართულზე იყო ეს რესტორანი და მეორეზე - საძინებელი ოთახები. წუხელ საშინელი ქარიშხალი და სიცივე იყო, ამიტომ გაითიშა ელექტროენერგია გუდაურში. როგორც ირკვევა, მათ გენერატორი შიდა სივრცეში შეიტანეს და მთელი ღამე ამუშავეს. საუბედუროდ, გამონაბოლქვით არიან გარდაცვლილები, ვერც ერთმა ვერ შეძლო გარეთ გასვლა.

დილით, ჩვეულებრივ, პროდუქტებით დატვირთული მივიდა მამაკაცი, რომელიც ამ რესტორნის მფლობელია - ფართი ჰქონდა დაქირავებული და ამუშავებდა, არც ერთი თანამშრომელი რომ არ დახვდა რესტორანში, ეტყობა, მოიკითხა ისინი, ავიდა მეორე სართულზე, სადაც მათ ეძინათ და იქ მისულს ეს საშინელი სურათი დახვდა. ორი ახალგაზრდა კართან იყო გარდაცვლილი, ხოლო დანარჩენები თავიანთ საძინებელ ოთახებში ნახეს.

შემთხვევის ადგილზე მივიდა სახლის მეპატრონეც, სამწუხაროდ, 12-ვე გარდაცვლილი იყო. ეს არის უბედური შემთხვევა და გამოწვეულია იმით, რომ თვითონ სახლის შესასვლელში ედგათ გენერატორი. ეტყობა სციოდათ და დენის გამათბობელი ამ გენერატორზე ჩაურთავთ, გაუღიათ ოთახების კარები, ალბათ იფიქრეს, რომ ასე გათბებოდნენ და საუბედუროდ, გამონაბოლქვით მოიწამლნენ.

ორმა მათგანმა ეტყობა თავი ცუდად იგრძნო, გაიღვიძეს, მაგრამ ვერ მოასწრეს კარის გაღება და გარეთ გამოსვლა. თითქმის გარეთა კართან იყვნენ მისულები და იქ იყვნენ გარდაცვლილები. გულიც აერიათ ინტოქსიკაციის შედეგად.

ძალიან განვიცდით ამ ამბავს. ძალიან ვწუხვართ და თანავუგრძნობთ მათი ოჯახის წევრებს. ყველა გარდაცვლილი ახალგაზრდაა, ასაკოვანი არავინ იყო. მათ შორის ერთი გოგონა ქართველია, 25 წლამდე ასაკის. მიმტანად მუშაობდა. გარდაცვლილებს შორის არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.

თავიდან ითქვა, რომ თითქოს გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. იმ სახლის შიდა სივრცეში არაა დამონტაჟებული არც გენერატორი, არც გაზის კალონკა, არაფერი მსგავსი. სახლს აქვს ცალკე საქვაბე, თუნდაც იმ საქვაბეში რომ ჩაერთოთ ეს გენერატორი, რადიატორები ამუშავდებოდა და ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გენერატორის სახლში დამონტაჟება და ჩართვა კატეგორიულად არ შეიძლება.

12 ადამიანიდან ერთმა მაინც როგორ არ იცოდა, რომ ეს არ შეიძლება.

ასეთი ტრაგედია ამიტომ დატრიალდა. ყველა ოთახის კარი ღია იყო, გენერატორზე დენის გამათბობელი შეაერთეს და წესით ასე თბებოდნენ და სინამდვილეში, ამ გამონაბოლქვით მოიწამლნენ, მოხდა ინტოქსიკაცია და ყველა ადგილზე დაიღუპა“, - ჰყვებოდა ადგილობრივი.

ხანძარი ზუგდიდში

ტრაგედია ყველასთვის მძიმე და მტკივნეული თემაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხებათ. უბედურმა შემთხვევამ, რომელიც ზუგდიდში მოხდა, მთელი ქვეყანა მოიცვა. ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი 5 წლის  ტყუპი ძმები დაიღუპნენ. 

ბავშვები ბინაში მარტო იმყოფებოდნენ. ისინი მარტოხელა, სოციალურად დაუცველ დედასთან ცხოვრობდნენ, თუმცა უბედური შემთხვევის დროს დედა სახლში არ იმყოფებოდა. როგორც  დაღუპული ბავშვების დედა ამბობდა სამუშაოდ იყო წასული.

„დედა არ იღებდა ტელეფონს. ბოლო 3 - 4 თვე ქირა არ გადაუხდიათ. ოჯახი სოციალურად დაუცველები არიან, როგორც ვიცი ისინი მამასთან ერთად ცხოვრობდნენ“, - ამბობდა ბინის მეპატრონე.

აფეთქება სასროლეთში

ადგილი, რომელიც ბევრისთვის განტვირთვის, საცეცხლე მომზადებისა და წვრთნის სივრცე იყო,  7 აპრილს სიკვდილის საწყისად იქცა. მუხრანში, სასროლეთში აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„ბეთლგრაუნდის“ ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა 24 წლის რატი საგანელიძე. ის „გალფ ჯორჯიას“ თანამშრომელი, ლოგისტიკის მენეჯერი იყო და სასროლეთში ხშირად დადიოდა ცოლთან ერთად.

„ჩემო რატატუი, ჩემო შვილო, როგორ გაამწარე მშობლები...სული მეწვის ჩემო ზე სიმპატიურო ბიჭო, ვერ ვანუგეშებ შენს მაკას, რა ვუთხრა დედას, რომელიც შენი ბედნიერებით ტკბებოდა, რით ვანუგეშო ჩემი მაკა, სიტყვები უძლურია შვილო.

არ მინდა ამ სიტყვების თქმა, დამშვიდობებას ჰგავს, ნათელში იყავი ჩემო ზე სიმპატიურო, ძალიან მიყვარხარ ჩემო რატი.

შეხვედრამდე ზეციურ ქვეყანაში“,- წერდა ოჯახის ახლობელი.

„არ ვაპირებ საჯაროდ ჩემი ძმის დატირებას, მინდა ყველას ისეთი ბედნიერი, მოღიმარი და ლაღი გახსოვდეთ, როგორიც იყო.

სადაც არ უნდა იყო, ვიცი რომ ჩემს გვერდით იქნები. პირობას გაძლევ გეყოლება და რომლითაც სულ იამაყებ“, – წერდა ანა საგანელიძე.

რატი საგანელიძესთან ერთად აფეთქებას მისი თანამშრომელი, 39 წლის ლევან ჯეირანაშვილი ემსხვერპლა, რომელიც სამი შვილის მამა იყო. 

„იმ ავ­ბე­დი­თი აფეთ­ქე­ბი­სას, გარ­და­იც­ვა­ლა იქ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მყო­ფი ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის შვი­ლი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მე­გო­ბა­რი, ახალ­გაზ­რდა კაცი, სამი შვი­ლის მამა, ლე­ვან ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი. 90-იანი წლე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­და­ვა­ტა­ნი­ნეთ, ერ­თად ვზი­დეთ პი­რა­დი და სა­ზო­გა­დო ტვირ­თი. შვი­ლებს ერ­თმა­ნე­თი შე­ვაყ­ვა­რეთ...

ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ. დი­ლით ერთ „ნი­ვა­ში“ ქაფ­ში­ე­ბი­ვით ეწყო­ბო­და 9 ბავ­შვი. ერთ რა­მედ ღირ­და მერე სკო­ლის ეზო­ში ამა­თი იმ "ნი­ვი­დან" ჩა­მოც­ლა: ჯერ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა თეკ­ლა, მერე მი­ყო­ლე­ბით: დე­დუ­ნი, ელი­სო, ირაკ­ლი, ბა­ი­სო, ილია, ნინო, ლე­ვა­ნი... ლე­ვა­ნი ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი იყო. დღეს მზე ასე დაბ­ნელ­და 90-ია­ნე­ბის მე-18 კორ­პუ­სე­ლე­ბის­თვის.... ნანა, გუ­რამ, თქვენ­თან ერ­თად დავ­ტი­რით ჩვენს ღი­მი­ლის ბიჭს. ნა­თე­ლი და­უმ­კვიდ­როს უფალ­მა!“ - წერდა ენათ­მეც­ნი­ე­რი მა­რი­ნე ბე­რი­ძე.

დაღუპულთა შორის იყო იური ლომიძე, რომელიც სასროლეთის თანამშრომელი, ინსტრუქტორი და დარაჯი იყო. სტრასბურგში მცხოვრები ქართველი გენერალი, გოგი თავთუხაშვილი ამბობდა, რომ პოლკოვნიკი იური ლომიძე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. მისივე თქმით, იური ლომიძე 2007 წელს, ე.წ. კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

საჰაერო ბუშტის კატასტროფა ასურეთში

ტრაგედია, რომელსაც ახლა შეგახსენებთ, ყველას გულს შეეხო. 7 თებერვალს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა. უბედური შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 3 ადამიანი, რომლებიც შემთხვევის დროს საჰაერო ბურთში იმყოფებოდნენ. 

ერთ-ერთი გარდაცვლილი კომპანია „სქაი თრეველ გრუფის“ დამფუძნებელი და დირექტორი, რევაზ უთურგაური იყო.

„მივფრინავ, მთლიან საქართველოს უნდა გადავუფრინო“, - ამბობდა დაღუპული უბედურ შემთხვევამდე. 

„გუშინ მამაჩემი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე ფიქრობდა. ღიმილით წავიდა თავისი ძალიან ლამაზი, საყვარელი საქმის კეთებისას და დამტოვა მიწაზე...“, - წერდა ირენ უთურგაური, გარდაცვლილის ქალიშვილი.

საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას ახალგაზრდა ოპერატორის მიშო ბიძინაშვილის სიცოცხლეც შეეწირა. იგი ტელეკომპანიაში „იმედი“ მუშაობდა. 

„ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის და პილოტების გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

მომხდარი ტრაგედიის გამო, ტელეკომპანია „იმედი“ საეთერო ბადეს ცვლის“,- წერდა ტელეკომპანია.

ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ცოლი ჰყავდა, რომელიც სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნიდა.

„წარმოდგენა არ მაქვს როგორი ბედისწერით დავიბადე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ არსებობდა ის ერთი, ვისაც ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო თუნდაც ერთი გაღიმებით, ერთი ჩახუტებით.

რა საოცრებაა, ვისაც მართლა ესმის შენი, ვინც გრძნობს შენი გულის ამინდებს, საჭირო დროს რომ შენს გვერდით აღმოჩნდებოდა, დადებით ენერგეტიკას რომ ატარებდა, კეთილი თვალებით სითბოს და სინათლეს რომ ასხივებდა, ჩემი გამზევება რომ შეეძლო, სიკეთისფერი ადამიანი, რომ იყო და ბედნიერება მოჰქონდა..

აი სწორედ ასეთი იყავი ჩემო მიშო.

ჩვენ ისევ ვიპოვით ერთმანეთს!“, - წერდა ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის მეუღლე.

ავტოავარია სვანეთის გზაზე

2 მაისს, გვიან ღამით, სვანეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მდი­ნა­რე ნაკ­რა­ში მაშ­ვე­ლე­ბმა 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც ახალ­გაზ­რდე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.

დაღუპულები ეკა და გი­ორ­გი ვიბ­ლი­ა­ნე­ბი და საბა გვარ­მი­ა­ნი იყვნენ. 

„წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა სვანეთში...

სამი ახალგაზრდა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მდინარე ნაკრაში გადაცვივდნენ და ტალღებმა გაიტაცა ავტომობილიანად ენგურისკენ...

მაშველები ამ დრომდე ეძებენ... სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ნაკრელებს, მთელს სვანეთს... უდიდესი დანაკლისია ყველასთვის!“, - წერდა „სვანეთინიუსი“.

ტრაგედიას ამძაფრებდა ისიც, რომ ცხედრების პოვნა გართულდა. პირველად ეკუნა ვიბლიანი იპოვეს. მოგვიანებით კი გიორგი და საბა. 

„უფალო, დიდება შენს წმინდა სახელს. დღეს ხომ, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეა. დღე, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია.ერთი სასწაული უკვე მოახდინა უფალმა, აბობოქრებულ მდინარეში უკვე იპოვეს ეკუნა ვიბლიანის ცხედარი. უფალო მოახდინე კიდევ ერთი სასწაული ამ მადლიან დღეს. არ მიატოვო საბას და გიორგის ცხედრები ვერაგ მდინარეში. მიეცი მათ მშობლებს შესაძლებლობა, შვილები მიაბარონ მშობლიურ მიწას. გევედრები უფალო“,- წერდა სოციალურ ქსელში ჯაბა საღლიანი.

ცნობილი ალპინისტის გარდაცვალება

34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას მეხი დაეცა. შემთხვევა 10 აგვისტოს, მოხდა, იგი 15 აგვისტოს დაკრძალეს.

12 აგვისტოს კი შსს-მ განცხადება გაავრცელა და ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილის ცხედარი 3800 მეტრის სიმაღლეზე კლდოვან ფერდობზე იპოვეს.

სოციალურ ქსელში მეგობარმა თამარ ჯიშკარიანმა მას ემოციური სტატუსი მიუძღვნა.

„დღეს, არჩილ ბადრიაშვილი დავასაფლავეთ. ახალგაზრდა კაცი, რომელიც მეხმა იმსხვერპლა შხელდაზე (შხელდა ჰქვია იმ მთას, არა შხარა - ის სხვაა და მყინვარწვერი კიდევ, საერთოდ სხვაგანაა... მყინვარები კიდევ, მთების ძირში ყინულის მასაა, რომელიც სხვთა შორის მოძრაობს... ჰო, მთა რა არის აქ არ ავხსნი... სხვა სტატუსში მაქვს ახსნილი) და მისი სიკვდილიც მეხივით გავარდა ამბად!

ყველამ დაიწყო კაკუნი, პროფესორობა და, და, და...

დღეს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ალპინიზმში, თანამედროვე ალპინიზმის ერთ-ერთი თვითმყოფადი სახე, ოქროს წერაყინის მფლობელი, ნოვატორი კაცი დავკრძალეთ. ლურჯი მონასტრიდან, ჩავატარეთ ალპური კლუბის წინ, საიდანაც წესით ეკუთვნოდა გამოსვენება (მავანმა თქვა მერე ყველა იქიდან მოითხოვს დაკრძალვასო!!! აი, ასე მარტივად, დაალაგა ბიჭები და ჰაიდა... ), რამდენიმე წუთით ვერის ბაღის გადასახედთან, იქ სადაც ჯაფარიძეა დაკრძალული (თუ იცით, რომ საერთოდ იქ ვინმეა დაკრძალული?) და მერე საბურთალოს სასაფლაოზე წაასვენეს (იქ, სადაც შორიახლო ლევან თათარაშვილი (2005-ში შხელდაზე გადარჩენილი და იმავე დღეს, იმავე დროს 2007 წელს უკვე თბილისში, ძველი ეკონომიკის სამინისტროს შენობის სასიმაღლო სამუშაოების დროს გარდაცვლილი) და ვანო იმნაიშვილი (2023 წელს, მყინვარწვერზე გაყინული) მთამსვლელები განისვენებენ) და მიწას მივაბარეთ...

ალპინიზმი უმაყურებლო სპორტია. ვიღაცები იქაურ სირთულეებზე კინოებით და რომანტიზმამდე დაყვანილი ნაწარმოებებით მსჯელობენ, არადა, რეალურად სულ სხვა სამყაროა, მკაცრი, დაუნდობელი და "რამანწიკისთვისაც" დრო არ გრჩება...

სენსაციებზე მონადირე მედიის ნაწილს, რომ სცოდნოდა, რომ თეა წულუკიანი, სამოქალაქო სამძიმარზე, რიგითი მოქალაქესავით რიგში დადგებოდა იქ ალბათ, ჩამოდგებოდა მიკროფონების რიგი და ატყდებოდა შტატივების რახარუხი... ჰო, არ იცოდნენ, თორემ იმის „ხათრით“ მაინც მოვიდოდნენ, სულ სხვა თემაზე შეეკითხებოდნენ და იქნებ, მერე რომელიმე ტელევიზიას ენამუსა და ეთქვა, რომ დღეს საქართველოსა და თანამედროვე ალპინიზმის სახე, ჩუმად, სამეგობრო წრემ მიაბარა მიწას!

ხო, არც ის იცოდით, რომ ის მაშველი-მთამსვლელებიც იქ იყვნენ დღეს, ვინც ჯერ სამი ადამიანი ცოცხლად ჩამოიყვანა მთიდან და მერე, უკიდურესად რთულ პირობებში სიმბაც ჩამოგვიყვანა სვანეთიდან თბილისში.
დღეს, მთელი „მთა“ თბილისში იყო, მაგრამ მთაში რომ „პარკეტი“ არაა, და აბა, „მთის ბილიკებზე", როგორ მოცდებოდით...

ალპინიზმი უმაყურებლო სპორტია და თქვენგან განსხვავებით, სენსაციების მოყვარულო ჩემო კოლეგებო, დღეს, არჩილის დაკრძალვაზე სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა პროფესიის, მთებში ნავალი ხალხი ვიყავით...
დღეს, დასრულდა ქართული ალპინიზმის კიდევ ერთი ეპოქა... წინა მიხეილ ხერგიანის სიკვდილის შემდეგ იყო, დღეს ეპოქა, რომელიც წესით ახლა უნდა "გახურებულიყო"... ასე, ყველაფერზე რომ დარბიხართ, ისტორიისთვის, რაღაც კადრები რომ მაინც შემოგენახათ არ გინდოდათ?

ფოტო: ნინო ალავიძის

პს - რამდენიმე კოლეგა შევნიშნე, მადლობა მათ არჩილის დაფასებისთვის...“, - წერდა თამარ ჯიშკარიანი.

ავტოსაგზაო შემთხვევები, რომელიც მსხვერპლით დასრულდა...

თერჯოლაში დატრიალებულ კიდევ ერთ ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2 მარტს მდინარე ძუსადან მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. დაღუპულებს შორის იყვნენ მამა-შვილი და კიდევ ორი გოგონა. ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ.  

კიდევ ერთი უმ­ძი­მე­სი ავა­რია, რომელიც ტრაგედიად იქცა, 24 ოქტომბერს წალ­კა­ში მოხდა. ოთხი ახალ­გაზ­რდა ბიჭი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა: გია ფირცხელანი, ლაშა ქალდანი, ამირან გურჩიანი და გოჩა ვიბლიანი. 

„ძა­ლი­ან ცუდი ამ­ბა­ვი მოხ­და, 4 ახალ­გაზ­რდა კა­ცია გარ­დაც­ვლი­ლი. სვა­ნი ბი­ჭე­ბი, ტრა­სა­ზე იდ­გნენ, თა­ვი­ან­თი მან­ქა­ნა გა­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ და გამ­ვლელ­მა მან­ქა­ნამ და­არ­ტყა ამ დროს. სამ­წუ­ხა­როდ, ოთხი­ვე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. არ მი­სუ­ლი წალ­კამ­დე მოხ­და ეს ტრა­გე­დია. ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, 35 წლის არის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი, უმ­ცრო­სი კი 22 წლის. რო­გორც ვიცი, სვა­ნე­თი­დან მო­დი­ოდ­ნენ მან­ქა­ნით. ვინც და­ე­ჯა­ხა ის გამ­ვლე­ლია, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით მოძ­რა­ობ­და და გა­ი­ტა­ნა ყვე­ლა­ნი. თბი­ლის­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი ცხედ­რე­ბი და ახლა მი­დის ექ­სპერ­ტი­ზა, ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. ოთხი­ვე ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მძი­მე ტრა­გე­დი­აა. თა­ნა­ვუგ­რძნობ მათ ოჯა­ხებს. მეც შე­ვეს­წა­რი მომ­ხდარს, ავა­რია უკვე მომ­ხდა­რი იყო, პო­ლი­ცია იქ იყო, გა­ვა­ჩე­რეთ მან­ქა­ნა და გა­ვი­გეთ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა...“, - ამ­ბობდა წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის მო­ად­გი­ლე ემ­ზარ გე­ლო­ვა­ნი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

რა საგანგაშო ცნობებს აწვდიდა მოსკოვიდან ილია შიოლაშვილი-ღუდუშაური საქართველოს პატრიარქს - უცნობი ამბავი

„ამას რაც დავწერე, მხოლოდ ის ხალხი გაიგებს, ვისაც ჩემსავით არანორმალურად უყვარს სამშობლო“ - რას წერს ნუკა არველაძე

🎥 „ერთი სული გვქონდა ნაძვის ხესთან დადებულ საჩუქრებს როდის გადავცემდით ერთმანეთს“ - როგორ ხვდებოდა ლორთქიფანიძეების ოჯახი ახალი წელს