„ეს სოკრატეა, აგულის გაკეთებული არ გეგონოთ, ძველი ნამუშევარია, ბნელი რომ იყო ხალხი, მაშინდელი....“ გაიცანით, ელდარის საუკეთესო ფილმები: „შერეკილები“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სავარძელი“... თუ ვერ მიხვდით, ეს ასეთ სტილში უნდა წაგეკითხათ: „გაიცანით ჩემი სავლეს საუკეთესო მეგობრები: ფერმის გამგე აპექსი, ბიბლიოთეკარი ალექსი, ბაქოსი, მისი ვაჟი ამბროსი“.
საინტერესოა, როგორ იქმნება შედევრები, კლასიკური ნამუშევრები, რომლებიც დროს უძლებს და ყველასთვის ახლო მდგომი, მისაღები ხდება. ალბათ, ასეთი ადამიანები, თავად დროს უსწრებენ, ემიჯნებიან აწმყოს და ქმნიან გენიალურ ნამუშევრებს. სწორედ ასეთი ადამიანია კინორეჟისორი - ელდარ შენგელაია, რომელიც 26 იანვარს იუბილარია. ის 90 წლის გახდა.
„დაიჯესტი“ სწორედ მის ცხოვრებისეულ ფრაგმენტებზე გიამბობთ, თუ რაოდენ რთულია იყო გენიოსი და ეჭიდებოდე ბუნების არაკანონზომიერ კანონზომიერებას - როგორიც მამისთვის შვილის გარდაცვალებაა.
ნაბოლარა შვილის გარდაცვალება
2009 წელს ელდარ შენგელაიას ნაბოლარა ქალიშვილი, 23 წლის ელენე შენგელაია ავტოავარიით დაიღუპა.
25 წლის აღსანიშნავად მამამ შვილს ფილმი მიუძღვნა, რომელსაც ვიდეოალბომს ეძახდა. ფილმი ელენეს ბავშვობიდან, ცხოვრების ბოლომდე, გადაღებული ვიდეო მასალების ნაკრებია. საოცრად თავმდაბალ ქალიშვილს, „თავის თავზე ფილმი საშინლად არ ესიამოვნებოდა“ – ასე ამბობდა დედამისი - ნელი დავლიანიძე.
„ქმარი არ მეყოლება… მალე უნდა მოვკვდე…“
დედა ელენეს ნათქვამ ფრაზებს იხსენებდა. ის წინათგრძნობები უფრო იყო – „მე არ გავთხოვდები, ქმარი არ მეყოლებაო. ზოგჯერ ამბობდა, მინდა შვილს ნიცა დავარქვაო. იმ ბოლო ზაფხულს, აგვისტოში, ქობულეთში 10 დღე დაისვენა. სანამ წავიდოდა, უთხრა, ისეთი შეგრძნება მაქვს, მალე უნდა მოვკვდეო. არ ესიამოვნა…
„საერთოდ, არაფერს იჩემებდა. იმ ზაფხულს მანქანის ყიდვა არანორმალურად აიჩემა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე სან-ფრანცისკოდან ჩამოვიდა. უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა, მოეწყო GIPA-ს მაგისტრატურაში და საღამოს უნდა ევლო ლექციებზე. უცებ გადაწყვიტა, სწავლისთვის თავი დაენებებინა. უნდა დავისვენო, ძალიან დავიღალეო. თუ ვერ მარჩენთ, მოწაფე ამიყვანეთო... ის ერთი, დასასვენებელი წელი მოიწყო. გამონაცვალი მანქანა ვუყიდე… გონიერია და ჭკვიანურად ატარებს-მეთქი, ვამბობდი. ელდარი ბობოქრობდა. არაფრით უნდოდა მანქანის შეძენა. ეგ არ არის ძლიერი გოგო, რა მაგის საქმეა მანქანაო… ის დღე, 11 სექტემბერი, არაფრით ყოფილა გამორჩეული… სახლში მომიყვანა და… მერე, ეს ტრაგედიაც დაგვატყდა… მე რაღაცნაირად დავიჯერე, რომ რაც მოხდა, ასეც უნდა მომხდარიყო. ეტყობა, განგების მიერ მისი ცხოვრება 23 წლით იყო შემოფარგლული. თავის ასაკთან შედარებით ბევრი რამის ნახვა მოასწრო. თუმცა, რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე ადრე უნდა წასულიყო“, - იხსენებდა ელდარის ცოლი.
„აქედან ვერ ამოშლი, აქედან!“ - „შერეკილები“
„მთავარი სირთულე საფრენი აპარატი იყო. მოსკოვში ვინახულე ჩემი ნაცნობი გენერალი რუდეცი და ავუხსენი, რა მინდოდა. მე და რეზო გაგვიშვა იქ, სადაც სამხედრო კონსტრუქტორები მუშაობდნენ.
შენობა გარედან ჩვეულებრივი ორსართულიანი იყო, მაგრამ ლიფტით მინუს მერვე სართულზე ჩაგვიყვანეს. ჩვენი აპარატი კონსტრუქტორმა სათაროვმა დაამზადა და თვითმფრინავით თბილისში ჩამოგვიტანეს.
გადაღებები გვქონდა იმერეთსა და კახეთში. ის კადრები, როცა ფილმის გმირები გაფრინდებიან და ულამაზესი ხედები ჩანს ზემოდან, სულ ჩემი გადაღებულია.
ფილმი შევფუთეთ ისე, თითქოს ზღაპარი გადავიღეთ, რადგან აშკარად არ იჯდა საბჭოთა სტანდარტებში. საფესტივალო ჩვენება თეირანში გვქონდა. ფესტივალი ამ ფილმით გაიხსნა და ირანის დედოფალი და ელიტა ესწრებოდა. როცა გავედი, გავოცდი, უამრავი ციცინათელა დაფრინავდა, ბოლოს მივხვდი, რომ ეს ციცინათელები კი არა, დარბაზში მსხდომი მანდილოსნების ბრილიანტების ათინათები იყო.
თეირანში სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ ვცხოვრობდით, სადაც ღია ანგარიში მქონდა. ცხოვრება, ჭამა-სმა, ყველაფერი უფასო იყო. ამიტომ მთელი საბჭოთა საელჩო ჩემთან იკრიბებოდა და იქ სადილობდა. ყველაფერი უმაღლესი ხარისხის და განუსაზღვრელი რაოდენობის იყო“, - იხსენებდა ჟურნალ „სარკესთან“ შენგელაია.
„გაიტანეთ, გაიტანეთ გრენლანდია!“ - „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“
„ჯერ კიდევ „სამანიშვილის დედინაცვალს“ ვიღებდი, როცა ჩემმა მეგობარმა, მწერალმა რეზო ჭეიშვილმა, წამაკითხა პატარა მოთხრობა „ცისფერი მთები“. ვუთხარი, ამისგან კარგი ფილმი გამოვა-მეთქი. სცენარზე მუშაობას 1 წელი მოვუნდით.
მოსკოვში გვითხრეს, ანტისაბჭოთა ფილმიაო. სწორედ იმ ზაფხულს ბიჭვინთაში ისვენებდა საკავშირო ცკ-ის მდივანი მიხაილ გორბაჩოვი, რომელმაც მოისურვა ქართული ფილმების ყურება. სასწრაფოდ გავუგზავნეთ „ცისფერი მთები“, რომელიც ქართულ ენაზე იყო და დასჭირდა თარჯიმანი.
შემდგომ თარჯიმანი მიყვებოდა, გორბაჩოვმა ბევრი იცინა, მერე გვერდით მჯდომ შევარდნაძეს გადაულაპარაკა, რამე თუ არ ვიღონეთ, თავზე დაგვექცევა ქვეყანაო.
ამის შემდეგ გავფრინდი მოსკოვში და ერმაშს, რომელსაც შეეძლო ფილმები დაეშვა ან აეკრძალა, ვაჩვენე ფილმი. ვუთხარი, გორბაჩოვმა უკვე ნახა და მოეწონა-მეთქი. რას იზამდა, ასე ჩაეშვა ფილმი კინოგაქირავებაში.
შემდეგ მოითხოვეს კანის ფესტივალზე, მაგრამ დიდი საფესტივალო ჩვენებისათვის ერმაშმა უარი განაცხადა. მხოლოდ დილის ჩვენებაზე დაუშვეს სპეციალისტთა ვიწრო წრისთვის, მაგრამ მოხდა საოცრება, იმდენად მოეწონათ, მეორე დღესაც აჩვენეს და პრესა აჭრელდა ქება-დიდებით. „ეს არის კაფკა“, – წერდნენ კინოკრიტიკოსები“, - იხსენებდა ჟურნალ „სარკესთან“ შენგელაია.
სიყვარული, რომლის სახელია - ნელი დავლიანიძე - ვერტიკალურია და თან ბრუნვადი
„ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი!“
„სიყვარული... სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! მიდით ერთაოზ!“ - იტყვის ქრისტეფორე მგალობლიშვილი ფილმ „შერეკილებში“.
მის ამ გენიალურ ფრაზას რეჟისორის მეუღლეს ეთანხმება.
ნელი: „ნამდვილად ასეა. სულ ვერტიკალურია, საითაც უნდა შებრუნდეს, რა კუთხიდანაც უნდა დაინახო, ყოველთვის სიყვარულია. ერთად ცხოვრების დაწყებისას მჩქეფარეა, მზის სხივებს ისვრის, განათებული ხარ შიგნიდან და გარედან, მერე ღვინდები, წყნარდები, ურთიერთობა ტკბება, ტემპი იცვლება, საზრუნავი გემატება.
ელდარი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, რა თქმა უნდა, ლამაზი ქალების მხრიდანაც. ვიყავი ეჭვიანი, უყვარდა ცოტა ფლირტი, მაგრამ ჩვენი ოჯახი მტკიცე იყო, არც ერთს გვქონია დანგრევის სურვილი და სერიოზული მიზეზი.
ელდარს ჩემთან ცხოვრება რომ არ ნდომებოდა, არც ჩემი ეჭვიანობა შეაჩერებდა და არც ხვეწნა-მუდარა. იგი ყოველთვის იყო კარგი მამა და მეუღლე. ზოგჯერ გვქონდა შეხლა-შემოხლა, ჩვენი შვილის ტკივილის შემდეგ კი ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ერთი მთელი ვართ.
ელდარი: ნელი აქამდე იყო ჩემი მეუღლე, ახლა ვხუმრობ ხოლმე, არის ჩემი დედა, რადგან მან იცის, როდის უნდა ვჭამო, როდის რა წამალი მივიღო, როდის წავიდე შეხვედრაზე, რა მაქვს დაგეგმილი.
ნელი მედეა ჩახავას დაბადების დღეზე გავიცანი. იქიდან გამოვაცილე, მერე ვხვდებოდით. ერთხელაც ნარდი ვეთამაშე და მომიგო. მე კიდევ არ მიყვარს წაგება. ჰოდა, ვიფიქრე, მოვიყვან ცოლად და აღარ მომიგებს, დამითმობს-მეთქი.
ნელი: შესანიშნავი ადამიანია, იუმორით სავსე, თბილი, დამთმობი, მოსიყვარულე. ადრე ცოტა უფრო მკაცრი იყო, ახლა სრულიად დარბილდა. აბსოლუტურად თავისუფალია ბოროტი, ქვენა აზრებისა და სამაგიეროს გადახდის სურვილისგან.
ხომ არის ხოლმე შემთხვევები, როცა ადამიანი გაწყენინებს, ისე მოიქცევა, რომ მისალმების სურვილსაც დაგიკარგავს. ელდარს ეს არ შეუძლია, როგორც უნდა მოექცეს ვინმე, მაინც გაუღიმებს, მიესალმება, მოიკითხავს. ყველაფერზე მაღლა დგას. იქ, სადაც ის არის, ყველაფერი სხვანაირად ჩანს. (ამბობდნენ გამოცემა „სარკესთან“ საუბრისას).
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ელდარ შენგელაია 91 წლის გახდა - როგორ მიულოცა კინორეჟისორს შვილიშვილმა დაბადების დღე
🎥 „ორი ვარსკვლავი“ - პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე იუმორისტულ გადაცემას წაიყვანენ