![ციცინო ზივზივაძე ციცინო ზივზივაძე](https://digest.ge/uploads/files/2025/02/12/65201/tsitsino-zivzivadze_w_h.jpeg)
ციცინო ზივზივაძე საქართველოში ერთ-ერთ ცნობილი გიდია, რომელიც მცხეთაში ჩასულ სტუმრებს დეტალურად აცნობს ქვეყნის ისტორიასა და კულტურულ ძეგლებს. იგი დაჯილდოებულია გამორჩეული მანერებით და სპეციფიკური აქცენტით, რომლითაც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ციცინო ზივზივაძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ კარიერასა და ცხოვრებაზე ისაუბრა:
ციცინო ზივზივაძე: ჩემი ცხოვრება სვეტიცხოველს დიდი ხნის წინ დაუკავშირდა. მცხეთის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში უფროს მეცნიერ-მუშაკად მუშაობა ძალიან ახალგაზრდამ დავიწყე და ამ თანამდებობაზე ბევრი წელი გავატარე. მუზეუმში შტატების გაუქმების შემდეგ კი გიდად დავიწყე მუშაობა და უკვე თორმეტი წელია, ამ საქმეს ვაკეთებ.
პროფესიით ისტორიკოსი ვარ, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და მთელი ცხოვრება მცხეთას მივუძღვენი.
50 წელია, სვეტიცხოველში ვარ. რომ არ დაგიმალოთ, ცოტა გადავიღალე კიდეც. 69 წლის ვარ და სიბერე თავისას აკეთებს. ძველებური ენერგია არ გაქვს.
– თავიდანვე იქცევდა ყურადღებას თქვენი, როგორც გიდის, განსაკუთრებული ქარიზმა?
ციცინო ზივზივაძე: კი, თავიდანვე მოსწონდათ ჩემი საუბარი. ყოველთვის მოწესრიგებული ვიყავი და ვცდილობდი, ჩემი ქვეყნის ისტორია პატრიოტული სულისკვეთებით გადამეცა ვიზიტორებისთვის. მე ასეთი ვარ, ამ საქმისთვის არ შევცვლილვარ. ვცდილობ, ყოველთვის ენერგიულად გადმოვცე ჩვენი ისტორია, რომ ჩვენი ქვეყნის წარსული ყველას გონებაში კარგად აღიბეჭდოს. თუმცა, მე ვერ შევაფასებ ჩემს თავს, ეს ხალხმა უნდა გააკეთოს – უცხოელმა ტურისტებმა თუ ქართველებმა, ვისაც ამ ინფორმაციას გადავცემ.
– როგორც ვიცი, არაჩვეულებრივი შეფასებები გაქვთ. უცხოელები მსოფლიო დონის და ყველაზე ქარიზმატულ გიდს გიწოდებენ.
ციცინო ზივზივაძე: ჩემი თავის ქებას არ დავიწყებ, მაგრამ მოსწონთ, მთელი სულითა და გულით რომ ვესაუბრები. კი, ამ სიტყვებს მიწოდებენ ხოლმე, ისე მაქებენ, რომ მრცხვენია კიდეც. საოცარი, საკვირველი და ასე შემდეგ, რა სიტყვებით აღარ მამკობენ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„რას უნდა ვუცქერდე ახლა მოაზროვნე ახალგაზრდა საქართველოზე უკეთესს?...“ - რას წერს გია მურღულია
⭕„გიგზავნით სიყვარულს საქართველოდან“ - ჯორჯინა უზკატეგუია ოჯახურ კადრებს აქვეყნებს