„იტალიაში, საბავშვო სამოსის გამოფენაზე, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები მონაწილეობენ (Dolce & Gabbana, Bugatti, Escada), საქართველოს სახელით Willi & Milli • ვილი & მილი გახლავთ ღირსეულად და დამსახურებულად წარმოდგენილი, მათთან ერთად კი – ნიაკო“, - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ნოზაძის მეუღლე, ნიაკო ნოზაძის დედა ია დუდაშვილი.
ია დუდაშვილი: ნიაკოსა და საბავშვო კლასიკური სამოსის ბრენდ Willi&Milli-ის ურთიერთობა თანამშრომლობით დაიწყო, თუმცა, მალევე მეგობრობაში გადაიზარდა და უკვე თითქმის ერთი წელია, ეს მეგობრობა ყოველგვარ საზღვრებს გასცდა. როდესაც ადამიანებისა და საქმის სიყვარული ერთდროულად ასეთი დიდია, იქ წარმატებაც გარდაუვალია. კოლაბორაციის ფარგლებში ჩვენ არაერთი პროფესიონალური ფოტოსესია გვქონდა და სწორედ, ერთ-ერთი ფოტოსესიის თემიდან იყო ამორჩეული ბანერზე განთავსებული ფოტო, რომელსაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა თავად გამოფენის ფარგლებში. როდესაც თბილისში ამ ფოტოსესიას ვგეგმავდით, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ეს ფოტო ერთ-ერთი საერთაშორისო გამოფენის მთავარ სასაუბრო თემად იქცეოდა.
Willi&Milli-ის სამოსი საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარდგენილი იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში. სამოსი პრემიუმ სივრცეში განთავსდა, ისეთი პოპულარული და წარმატებული ბრენდების გვერდით, როგორიცაა Dolce&Gabbana, Bugatti, Escada და ასე შემდეგ. საერთაშორისო გამოფენას მოწვეული „ბაიერები“ და სააგენტოები სტუმრობდნენ, რომელთა მხრიდანაც უდიდესი დაინტერესება იყო. აზიის, ევროპისა და ამერიკის სააგენტოები დღემდე აქტიურ კომუნიკაციაში არიან ბრენდთან. „ნიაკო არის გოგონა, რომელიც Willi&Milli-ის ხასიათს, კონცეფციასა და სინაზეს ზუსტად გადმოსცემს”, – ამბობს ბრენდის კრეატიული დირექტორი.
საგამოფენო პავილიონში საოცარი სინთეზი იყო – წარმოდგენილი სამოსისა და ნიაკოს ბანერის. როგორც ჩანს, დაუვიწყარი შთაბეჭდილებაც მოვახდინეთ. ბრენდი და ნიაკო უყურადღებოდ არც საერთაშორისო ტელევიზიებს დარჩენიათ, ძალიან მალე ამ ამბითაც გაგახარებთ, გამოქვეყნებამდე დეტალებს ვერ გავამხელთ.
– თვითონ როგორ აღიქვამს ამ წარმატებას?
– თავად ნიაკოს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა, მაგრამ ვფიქრობ, 7 წლის ასაკში ბოლომდე ვერ გაიაზრა, ეს რას ნიშნავს. სიმართლე გითხრათ, მიხარია კიდეც, რომ ჩვეულებრივად იღებს ამას და ეს მის თვითშეფასებაზე უარყოფითად არ მოქმედებს. ზრდასრული ადამიანისთვისაც კი ძალიან რთულია დიდი წარმატების ფონზე იმის კონტროლი, რომ რეალობაში დარჩე, ღრუბლებში არ აგიტაცოს და თავში არ აგივარდეს. ჩემთვის პრიორიტეტია: რასაც არ უნდა მიაღწიოს, ყოველთვის დარჩეს გულწრფელ ადამიანად და არასდროს შეიცვალოს. არასდროს დაკარგოს ღირსება და ის, რითიც ძალიან ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი. წლების შემდეგ, ალბათ, ძალიან იამაყებს იმით, რასაც ამ ასაკში მიაღწია.
– როგორია მშობლის როლი ამ პროცესში?
– მშობლის როლს რაც შეეხება – უდაოდ ძალიან დიდია. ზუსტად უნდა გრძნობდე შენს შვილს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგერიოს მისი სურვილები საკუთარში. მისი აზრი ჩვენთვის პრიორიტეტია და ის ამას გრძნობს, რაც თავდაჯერებულობას მატებს. ეს კი წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მუდმივად ვცდილობთ, მასში გარკვეული უნარები განვავითაროთ, რაც შემდეგ დაეხმარება, იცოდეს, რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს სასურველ შედეგს. ჩემთვის წარმატება, მისი ბედნიერების პარალელურად, მისი პოტენციალის სრულად გამოყენებაა.
– ფსიქოლოგიური ხასიათის ვიდეოები, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებ, ალბათ, სხვა დედებს და პატარებსაც ეხმარება...
– ჩემი მთავარი მესიჯი, რომელიც მინდა, საზოგადოებას მივაწოდო პოზიტიური მშობლობაა. ამ ვიდეოებით ვცდილობ, მშობლებისთვის საამისოდ ინსპირაცია ვიყო. რუტინული ყოველდღიურობის ფონზე ხშირად ურთიერთობები გვიუბრალოვდება და ჩვენი ვიდეოების საშუალებით ვცდილობ, ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელში თვალს გვადევნებს, მთავარი ღირებულებები შევახსენო. როცა ასიათასობით ადამიანი გიყურებს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფრის გამოქვეყნება არ შეიძლება. ამიტომ ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, თუმცა ვაქვეყნებ მხოლოდ იმას, რაც ბუნებრივად ასახავს ჩვენს რეალურ ცხოვრებას. ადამიანებს ეს ძალიან მოსწონთ, რადგან ვფიქრობ, რომ გრძნობენ ჩვენს გულწრფელობას.
– ვინც თვალს გადევნებთ, იცის ის სირთულეები, რომელიც წარსულში გამოიარეთ და ახლანდელ ურთიერთობას ხედავს, ალბათ, აინტერესებს, როგორ მოხდა ეს? მგონია, რომ ეს მეტწილად შენი დამსახურებაა. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ურთიერთობა ჰარმონიული გახდეს?
– შეიძლება, ასეცაა და დიდწილად ჩემი დამსახურებაა ის, რომ ასეთი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ წყვილში ორივეს სურვილია აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობა შედგეს. ცალმხრივად არასდროს არაფერი გამოვა. გამორიცხულია, ჩვენი ოჯახი შემდგარიყო, თუ ეს ირაკლის სურვილიც არ იქნებოდა. რაც შეეხება ასეთ ჰარმონიულ ურთიერთობას, რაზედაც შეიძლება ითქვას, რომ მე შევძელი, ისაა, რომ ირაკლის ძალიან დიდი სიყვარული დავანახვე. ეს არის უპირობო სიყვარული და ამან ის ძალიან შეცვალა. თავიდან, როცა სხვა ფორმით ვუდგებოდი – პრეტენზიებით, ეჭვებით და ასე შემდეგ, ეს არ ამართლებდა. შემდეგ ჩამოვიშორე ყველაფერი უარყოფითი და დავტოვე მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა. სწორედ ამაზე აშენდა ის, რასაც დღეს უყურებთ.
– თუმცა, ალბათ, რთულია ამ თვისებების მოშორება და როგორ მოახერხე?
– ამაში ღირებულებების გადაფასება დამეხმარა. დავინახე, რომ ოჯახი და მე მისთვის მთავარი პრიორიტეტი ვიყავით, ეს დამეხმარა უარყოფითი თვისებების ჩამოშორებასა და ისეთად ქცევაში, როგორიც ახლა ვარ. ამას ირაკლის დახმარების გარეშე ვერ შევძლებდი. შეიძლება ითქვას, რომ მოვერგეთ ერთმანეთს.
– თუმცა, ავიწროებ წონის გამო. ვიდეო გედო, ოჯახიდან მიდიოდა...
– კი, ასეა (იცინის). გრანდიოზული რეიტინგი დადო მაგ ვიდეომ (იცინის). ბოლო ორი წელია, რაც წონაში მოიმატა. თავიდან ასე პირდაპირ არ ვეუბნებოდი, მერე ცოტა შევაპარე, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, არ რეაგირებდა. სურვილი ჰქონდა, მაგრამ არაფერს ცვლიდა. ამიტომ გადავწყვიტე, ეს თემა ყოველდღიურ რეჟიმში გადამეტანა, მაგრამ რომ არ დასტრესილიყო, იუმორით მიმეწოდებინა (იცინის). არ ვიცი, რამდენად ექნება შედეგი. ჯერჯერობით არც ეს მოქმედებს. მეც კი მოვიმატე წონაში, რომ დამენახვებინა, შენ თუ არ უფრთხილდები შენს გარეგნობას და არ ცდილობ, ფორმაში იყო, მაშინ მეც ასე მოვიქცევი-მეთქი. შედეგად ახლა მეც მომატებული ვარ, მაგრამ არც ამან გაამართლა. მოკლედ, სხვადასხვა მეთოდს ვტესტავ და ვნახოთ, რა გაამართლებს (იცინის).
– იყო მიზანი, რომ საზოგადოებისთვის ყოფილიყავი არა მხოლოდ ირაკლის მეუღლე, არამედ საკუთარი ნიშა გქონოდა?
– ჩემი მთავარი მიზანი ეს არ ყოფილა, არც პოპულარობა მნდომებია არასდროს. ყველაფერი თავისთავად მოხდა. პირველად გადაცემაში ნიაკოს ხათრით წავედი. მთხოვეს, როგორც ნიაკოს დედა, ისე მოდითო და უარი ვეღარ ვთქვი. რაც შეეხება საზოგადოების წინაშე ჩემი თავის დამკვიდრებას, ირაკლისგან დამოუკიდებლად, ეს თავისთავად მოხდა, განგებ არასდროს მიცდია. სოციალური ქსელიდან ძალიან დიდი ნდობა მოვიპოვე, ალბათ, იმიტომ, რომ კარგად ესმით ჩემი ხედვებისა და მიდგომების. ამაზე ირაკლი ხუმრობს ხოლმე, უკვე ჩემზე მეტად პოპულარული ხარო (იცინის). ირაკლი თვითონ დიდად ვერ მეგობრობს სოციალურ ქსელთან, მაგრამ მე ვცდილობ, დავამეგობრო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„უსაზღვროდ მიყვარხარ, მადლობა ყველაფრისთვის...“ - მარიამ მათიაშვილის ემოციური მილოცვა თეა დარჩიას
⭕ჩარლზ მესამეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს
წყარო: tbiliselebi.ge