Digest Logo

„ადამიანი ღმერთის ხატებაა, შენ კი დასცინი! ანუ ვის დასცინი? ღმერთს?!“ - გურამ ოთხოზორია

1673334744
მამა გურამ ოთხოზორია

დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამ ოთხოზორია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანის ცოდვილი ბუნების დაცინვა მიუღებელია.

მისი აზრით, როდესაც დასცინი ადამიანს, დასცინი ღმერთს, რადგან კაცი მის ხატად არის შექმნილი.

„ღმერთს უნდა დავეხმარო ადამიანის ხსნაში, ქრისტე ამბობს, ცოდვილთა დასასჯელად კი არა, დასახსნელად მოვედიო და, თუ ქრისტიანი ვარ, ქრისტეს სხეული ვარ, მეც ასე უნდა შევხედო ადამიანს. ღმერთთან რომ წარდგება ადამიანი თავისი მოუნანიებელი ცოდვებით, მას თავისი სიმცირე დაწვავს, იმიტომ რომ ღმერთის ნათელი მისთვის მწველი ნათელი იქნება. ღმერთი კი არ იძიებს შურს მასზე, არამედ ღმერთის სიყვარულის ცეცხლი დაწვავს მოუნანიებელ ადამიანს.

ჯოჯოხეთიც ღმერთია, როდესაც ღმერთის ნათელი ჯოჯოხეთად განიცდება ცოდვილისთვის. შესაბამისად, როდესაც ცოდვილს განვიკითხავთ, ჩვენ ღმერთს ვგმობთ, იმ გაგებით, რომ არ მოგვწონს ღვთის ქმნილება, რომელიც შესაძლოა, განზრახ ჩააგდო ღმერთმა ცოდვებში, რომ უფრო ამაღლებულიყო. ღმერთისთვის ცოდვა საშუალებაა, რომ ადამიანი უფრო ამაღლებული დაუბრუნდეს და, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს ცოდვა მოვუწონო და ამის თანამონაწილე გავხდე.

ჩვენ, ყველანი, ვცოდავთ, იმიტომ რომ გზაში, არასრულყოფილებაში ვართ და სწორედ ამიტომ მივილტვით სრულყოფილებისკენ. ებრაელები მკვლელზე მეტ დამნაშავედ მიიჩნევენ ადამიანს, რომელიც მეორე ადამიანს, თუნდაც, ცოდვების გამო, გააწითლებს სხვების წინაშე.

რატომ? იმიტომ რომ ადამიანი ღმერთის ხატებაა, შენ კი დასცინი! ანუ ვის დასცინი? ღმერთს! ღმერთი მას მოაქცევს და შენ რატომ ჩქარობ?! ქამის ცოდვა ხომ გახსოვს? მამა რომ ნახა შიშველი და დასცინა, მისმა ძმებმა, იაფეტმა და სემმა, კი მამის სიშიშვლე დაფარეს, ანუ ადამიანის სხვების თვალწინ გაშიშვლება ცოდვაა, თუმცა მას ის მისი სიშიშვლე დაწვავს, ღმერთთან რომ მივა.

თუნდაც, მაშინ, როდესაც ვიღაცაზე მის ზურგს უკან, სხვებზე ლაპარაკობ, შენ მას აწითლებ, არცხვენ. სახარება ამბობს: თუ შენი ძმა შესცოდავს შენ წინაშე, დაელაპარაკე პირისპირ, ამხილე, უთხარი, რომ ცუდი გაგიკეთა; თუ ვერ გაიგო, მაშინ დაუძახე 2-3 უახლოეს ადამიანს, უხლოესს და არა უცხოს და მათ წინაშე უთხარი იგივე; თუ მაინც ჯიუტობს, მაშინ შეკრიბეთ ეკლესია, ანუ ხუცესები და მათ წინაშე გაარჩიეთ საქმე, ხოლო, იქაც თუ იჯიუტებს, იყოს შეწირული, როგორც წარმართი, ოღონდ არა სიძულვილით, არამედ სიყვარულითო. რატომ იკვეთენ ეკლესიიდან? სძულთ?! რა თქმა უნდა, არა – იმიტომ რომ გონს მოვიდეს. მოკვეთა კურნების ყველაზე კრიტიკული საშუალებაა.

ადრეც ვთქვით, პავლე მოციქული ამბობს, სატანას გადაეცით ცოდვილი, ჯობია, სხეული წაერთვას, რათა სული გადარჩესო, ანუ ამ შემთხვევაშიც კი გადარჩენაზეა ლაპარაკი. ებრაულ სიბრძნეს გავიხსენებ: ელიაზარი ზღვის პირას მიდიოდა, ნახა ერთი მახინჯი კაცი, ისე შეზარდა, რას ჰგავხარო, უთხრა, იმ კაცმა კი მიუგო, მე რას მლანძღავ, ჰკითხე მას, ვინც ასეთად დამბადაო.

ანუ ელიაზარი მიადგა ზღვას, ესე იგი, სიბრძნეს (რაა სიბრძნე? როდესაც საკუთარ თავს ხედავ ღმერთის თვალებით) და ის მახინჯი კაცი, რომელიც დაინახა, თავად იყო, ანუ საკუთარი თავი შეზარდა, როდესაც ყალბი ხედვის მიღმა თავისი ნამდვილი სახე დაინახა; შეშინდა და საკუთარ თავს უთხრა, რა მახინჯი ხარო; ხოლო იმას მოჰკითხე, ვინც მე შემქმნაო, ნიშნავს, რომ მისი საზარლობაც ღმერთის დაშვებაა.

დიახ, ყველაზე მახინჯი იყო ავაზაკი, მაგრამ ჯვარზე ცხონდა! მარიამ ეგვიპტელი ასობით მამაკაცის გამრყვნელი იყო, მაგრამ მოციქულთა სწორია, იმიტომ რომ ღმერთი თავსა და ბოლოს ხედავს და მეც ასე უნდა შევხედო: ადამიანი ღმერთის ქმნილებაა და ბოლოს ღმერთის მსგავსი გახდება!

თუ ჩვენ ამ გზით არ წავალთ, გამოდის, რომ ღმერთის წინააღმდეგ მივდივართ: უარს ვამბობთ ადამიანის ცხონებაზე; უარს ვამბობთ ქრისტესთან ერთად ჯვარცმაზე და ადამიანთა ცოდვების ტვირთვაზე“, - წერს ოთხოზორია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გურამ ბაღდოშვილი დაშავებული ხელის ფოტოს აქვეყნებს

🔵ცნობილია ქართველი მზარეულის ვინაობა, რომელიც მოსკოვის სახინკლეში დამლაგებელმა მოკლა

🔵„მაშინ სად ეგდეთ, „პერედოზი“ მოუვიდა და ადამიანი ათი დღის მანძილზე ერთხელ რატომ არ მოიკითხეთ...“ - გიორგი მასხულია ქისტაურის მეგობრებზე