
ქალთა ციხის პატიმარი მედავითნე - ჩაკეტილ სივრცეში სასჯელის მოხდასთან ერთად, პასუხისმგებლობა სხვა პატიმრების სულიერ სიმშვიდეზეც აიღო. ციხეში მოწყობილ სალოცავში, ის ყველაზე მეტ დროს ატარებს, კითხულობს ლოცვებს და ლოცულობ ს ყველასთვის. უკვე მეორე წელია, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისოსებს მიღმა ხვდება. მედავითნე პატიმრის სურვილი და მიზანია, რომ ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდი დღესასწაული, გისოსებს მიღმა, ყველამ ერთად იზეიმოს, სივრცეში, სადაც უფალს ადამიანები ყველაზე ახლოს გრძნობენ.
პატიმარი ქალი, ერთ დროის ბიზნესმენი, გრძელ და რთულ გზას იმედით მიჰყვება. ამბობს, რომ მეგზურად უფალი აირჩია, დანიშნულების ადგილად კი, თავისუფლება, მთავარი, რაც 2 წლის წინ დაკარგა.
სევდას მალევე ცვლის სადღესასწაულო განწყობა. აღდგომის დადგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. წითელი კვერცხები ციხეში მოწყობილ სალოცავში მიაქვს. ამ დღეს მსჯავრდებულებს მეტი თავისუფლება აქვთ - ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს მთავარ დღესასწაულამდე რამდენიმე საათით ადრე, საკნის კარს უხსნის.
სალოცავის შემდეგ, დღესასწაული საკნებში გრძელდება - პასკა, წითელი კვერცხი და წვენით სადღეგრძელოები - ეს ციხის ტრადიციული სუფრაა.
ქალთა ციხის შემდეგ, „კურიერი P.S" რუსთავის #16 დაწესებულებაშიც შევიდა. მსჯავრდებულებმა სხვა ციხეებში მყოფებზეც იზრუნეს. პასკები პატიმრებისთვის გამოცხვა. მომზადდა ტრადიციული სადღესასწაულო კერძებიც.
პატიმრები აქვე მოწყობილ სალოცავში იკრიბებიან, სადაც თითქმის ყველა ხატი მათი დაწერილია. სააღდგომო საგალობელი იმ კედლებში განსაკუთრებული გრძნობით სრულდება.
ქსნის #15 დაწესებულება - ეს ტაძარი ციხის ადმინისტრაციის და პატიმრების ერთობლივი ძალებით, რამდენიმე წლის წინ აშენდა. მსჯავრდებულები ეკლესიის ეზოს განსაკუთრებულად უვლიან. მებაღეობაც აქ ისწავლეს. სააღდგომო სამზადისი იქ უფრო მასშტაბურია, რადგან დაწესებულებაში ბევრი პატიმარი ცხოვრობს.
გალობის მასწავლებელი და პატიმარი მოსწავლეები - ქსნის ციხის პატიმართა გუნდის შესრულებით, სააღდგომო გალობას მთელი ციხე ელოდებოდა.
ასაკით ყველაზე პატარა პატიმარი მგალობელი ლუკაა, სანამ ციხეში აღმოჩნდებოდა, განსხვავებული ცხოვრების წესი ჰქონდა. ახლა კი, ყველაზე დიდ დროს ეკლესიას უთმობს და ცდილობს, ამ გზაზე ბევრი მეგზური ჰყავდეს.
ახლა კი, პატიმარ ბერზე გიყვებით, რომელიც მონასტერში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ, გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ქსნის ციხის მგალობელთა გუნდში ის ყველაზე გამოცდილია. პატიმრობის ძირითად დროს მსჯავრდებულებთან საუბარში ატარებს. საგალობლებთან ერთად, მისი საკნიდან ხშირად ისმის ხალხური სიმღერის ხმაც.
ასეთია მსჯავრდებულების ყოფა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, მონანიებით და თავისუფლების იმედით სავსე გარემოში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დედიკო სულ ჩვენ გვერდითაა“ - დაღუპული შორენა ონიანის საფლავზე მისი ტყუპები იმყოფებოდნენ
⭕„ქრისტე აღდგა!“ - ირაკლი მაქაცარია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს