Digest Logo

ახლად აღმოცენებული ოლიგარქის პროექტი თუ დამოუკიდებელი ტელევიზია?- „რეპუტაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულება“

1720423996
tv 24 გუნდი

10 ივნისს ახალმა ტელეარხმა TV 24-მა დაიწყო მაუწყებლობა. რა ვიცით მათ შესახებ? - არხზე უკვე გადის საინფორმაციო გამოშვება - ახალი ამბები, ასევე ერთი პოლიტიკური თოქ-შოუ და დოკუმენტური ფილმები. 

ვის ეკუთვნის „ტვ 24“?

ტელეკომპანიის 100 %-ი წლის მფლობელია შპს „ნომი ინვესთმენტი“ - ბიზნესმენ შოთა შალელაშვილის ოჯახი. უფრო კონკრეტულად შპს „ნომი ინვესთმენთის“ მფლობელი მოქალაქე ირა ფიჩხაძეა. იგი ბიზნესმენ შოთა შალელაშვილის მეუღლეა.

შოთა შალელიშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტარი იყო პარტია „ქართული ოცნებიდან“. მან პარლამენტი ვადაზე ადრე, 2019 წლის ოქტომბერში დატოვა. ამჯერად იგი პარტიის - „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. 

როგორც შოთა შალელაშვილი ამბობს, მისმა ცოლმა ტელევიზიის ყიდვის გადაწყვეტილება თავად მიიღო იმის გამო, რომ ქვეყანაში „ობიექტური ტელევიზია არ არსებობს“.

„ქვეყანაში არ არსებობს ობიექტური ტელევიზია, ადამიანები ვერ იგებენ სად არის სიმართლე, თუ გადართავენ სახელისუფლებო ტელევიზიაში, მონტე კარლოში ვცხოვრობთ, თუ აქეთ გადმორთავენ და მეზობელმა საჩხერეში ვიღაცის მაისური მოიპარა, ეს არის ოპოზიციურ ტელევიზიების გაშუქება. გასაშუქებელი კარგი კარგად უნდა გაშუქდეს, ცუდი ცუდად. ობიექტური უნდა იყოს ტელევიზია“, - ამბობს შოთა შალელაშვილი „ნეტგაზეთთან“.

არხის საინფორმაციო გადაცემის წამყვანი და გენერალური დირექტორი ჟურნალისტი ნანა ლეჟავა არის, (შენიშნვნა: სანამ მასალა მომზადდა, მან არხი უკვე დატოვა) საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას ასევე ჟურნალისტი იმედა დარსალია იკავებს.

ვინ არიან არხის სხვა ცნობილი სახეები:

ირაკლი აბსანძე - იგი „პირველ არხზე“ ყოველკვირეულ პოლიტიკურ-თოქშოუს, უძღვებოდა. იგი სამსახურიდან 2021 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.

იმედა დარსალია - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი. იგი „პირველ არხზე“ ყოველკვირეული გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანი იყო. 2021 წელს არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გადაცემა დაიხურა.

ლაშა დვალიშვილი - ახალგაზრდა ჟურნალისტია, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი2“-ში მუშაობდა.  2021 წელს მან ტელევიზია დატოვა და „ტვ პირველის“ გუნდს შეუერთდა. მოგვიანებით ამ ტელევიზიიდანაც წავიდა. ამჟამად იგი, „ტვ 24“-ზე საინფორმაციო გამოშვების წამყვანია. 

გიორგი ცხვიტავა - ჟურნალისტი და სამხედრო მიმომხილველია, რომელიც ამავე არხზე თოქ-შოუ „24/6-ზე“ გიორგი ცხვიტავასთან ერთად უძღვება.

ლაშა ბაბუხადია - ჟურნალისტი, იგი „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვების კორესპონდენტი იყო, რომელიც ამჟამად „ტვ 24“-ის გუნდს შეუერთდა, როგორც სოცმედიის მიმართულებით, რედაქტორის პოზიციაზე. ამის შესახებ ინფორმაცია მან „დაიჯესტს“ დაუდასტურა.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, არხზე „იმედიდან“, „პირველი არხიდან“, „ფორმულიდან“ სხვადასხვა დროს წასული ჟურნალისტები, ოპერატორები და ტექნიკური გუნდი იყრის თავს.

აღსანიშნავია, რომ ტელევიზიას ახლა დროებითი მისამართი აქვს, იგივე შენობა, საიდანაც წლების განმავლობაში „ტვ პირველი“ მაუწყებლობდა.

„ჩვენი მიზანია ვიყოთ საუკეთესო და ყველაზე სანდო ადგილი ახალი ამბებისთვის.
TV24-ის გუნდის ყველა ჟურნალისტმა იცის, რომ პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს გადამოწმებული ინფორმაცია. გვჯერა, რომ TV24-ის, როგორც საინფორმაციო პლატფორმის რეპუტაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულება, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაკეთოთ უმაღლესი ხარისხის ჟურნალისტიკა“, - ნათქვამია, არხის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში.

ახლა მთავარი შეკითხვაა - არის თუ არა „ტვ 24“ წინასაარჩევნო პროექტი? - „დაიჯესტმა“  იმ დროისთვის, არხის გენერალურ დირექტორთან ნანა ლეჟავასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს არც სატელეფონო ზარს და არც მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

ბიზნესმენ შოთა შალელაშვილის თქმით, ოჯახის წევრის მიერ ტელევიზიის შეძენა, მის პოლიტიკურ გეგმებს არ უკავშირდება.

TV24 - 2014 წელს დაფუძნდა, თუმცა აქამდე გასართობი გადაცემებით შემოიფარგლებოდა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გამიკვირდა, რომ რონალდომ თამაშში ჩემთან კონტაქტზე დაიწყო აპელირება” - რას ჰყვება ლუკა ლოჩოშვილი

„თუ გინდა, რომ პარტნიორმა არ გიღალატოს, არსებობს პატარა საიდუმლოებები...“ - რას ამბობს ანზორ ოდიშარია

„ან როცა ადამიანებს ვაქებთ მაშინ დავფიქრდეთ, ან როცა ვლანძღავთ მაშინ, ყველას მოსაწონი მოსაზრებები არ არსებობს“ - გოგა ჩანადირი