ქმრის მიერ მოკლული 39 წლის ქალი საგარეჯოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს - მედიკოსები მის გადარჩენას 8 დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ქალს იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული თავის არეში, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც ადგილობრივები ჟურნალისტებთან ჰყვებიან, ციკო სულიკაშვილს ყოფილი ქმარი, მიშა სუხიშვილი თავს 8 დღის წინ დაესხა. ჯერ ტელეფონზე დაურეკა, თუმცა, მას შემდეგ რაც ქალმა არ უპასუხა, მის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, სადაც მათ 10 წლის არასრულწლოვან შვილს ეძინა, ყოფილ მეუღლეს ქვით უმძიმესი დაზიანებები მიაყენა და ტერიტორია დატოვა. სახლში ასევე ეძინათ მოკლული ქალის ბებიას და მამას.
„ორი შვილი ჰყავს, გოგო და ბიჭი, გოგო სტუდენტია, ბიჭი პატარაა. სახლში იყო მამაც და ბებიაც, რატომ ვერ გადაარჩინეს არ ვიცი. ციხეში იჯდა, 1-2 კვირის გამოსული იყო ამინისტიით.
არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, არც შერიგებული იყო“.
„ალბათ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო, დამოკიდებული იყო ეგ ბიჭი და სულ ძალადობდა ცოლზე. ბოლოს უჩივლა, დაიჭირეს და რატომ გამოუშვეს არავინ იცის“, - ამბობენ ადგილობრივები.
რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, როგორც ახლობლები ჰყვებიან, კაცმა შური ქალზე იმის გამო იძია, რომ ყოფილმა მეუღლემ ორჯერ უჩივლა ძალადობისთვის. ბოლოს ბრალდებული ციხეში სასჯელს ქალზე ძალადობისთვის იხდიდა, თუმცა ამნისტიის შესახებ მიღებული კანონის საფუძველზე საპატიმრო დატოვა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა) და იმავე კოდექსის 19, 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „მ“, „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ღმერთო მაპატიე“ - ხათუნა ხოფერიას მიერ წაკითხული ლექსი
⭕„კლასიკურ ვარიანტს გადავუხვიეთ და აი, რა გამოგვივიდა“ - კადრები ბექა ხოფერიას მეუღლის ფოტოსესიიდან