Digest Logo

„ამ ფაქტმა დამაკარგვინა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მეგობარი მეგონა“ - რას ჰყვება მარიკა ბაკურაძე

1704960546
მარიკა ბაკურაძე

2023 წელი მარიკა ბაკურაძისთვის საკმაოდ დატვირთული გამოვიდა. სირთულეებიც იყო და განსაკუთრებულად კარგი ამბებიც, თუმცა, ამ ყველაფერზე თავად მოგვიყვება. 

მარიკა ბაკურაძე: წუწუნი არ მიყვარს, მესმის, რომ უკეთესზე უკეთესი არსებობს, მაგრამ ყოველთვის უნდა დავაფასოთ ის, რაც გამოგვივიდა, ის, რაც დაგეგმილი გვქონდა და განვახორციელეთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ 2023 წლის. ჯანმრთელობა და მშვიდობა რომ ყველას გვინდა, ეს განხილვას არ ექვემდებარება, მაგრამ ეს წელი ჩემთვის კიდევ რამდენიმე პუნქტით იყო მნიშვნელოვანი.

პროფესიული თვალსაზრისით ძალიან სერიოზული წინსვლა მქონდა იმ მხრივ, რომ წელს გავხდი „ოქროს გლობუსის“ საერთაშორისო ჟურნალისტთა გუნდის წევრი. მომეცა საშუალება, რომ მსოფლიო კინოს შერჩევის პროცესში მეც ჩავრთულიყავი, მენახა 214 ფილმი, რომელიც წელს არის წარდგენილი ამ პრემიაზე. შემერჩია ფილმები, ხმა მიმეცა ჩემი ფავორიტისთვის და ეს იყო, დაახლოებით, რვათვიანი პროცესი. მთელი ეს თვეები ახლო შეხება მქონდა დიდ კინოსთან და ეს იყო ძალიან სერიოზული სამუშაო. თან, ამ საქმეს ჩემი ქვეყნის სახელით რომ ვაკეთებდი, როგორც ქართველი ჟურნალისტი, ძალიან ამაყი ვიყავი. უდიდესი მადლობა ქართული ფილმის ხელმძღვანელს, ხათუნა ხუნდაძეს, ვინც ჩემი კანდიდატურა ამ პოზიციაზე წარადგინა. რთული იყო, მაგრამ იმდენად საინტერესო და იმდენად მიხაროდა, რომ დიდი ამბის ნაწილი ვიყავი, დიდი სიამოვნებით ჩავატარე ეს სამუშაო.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ წელს უკავშირდება, ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ბევრი რამ დამანახვა. ეს იყო ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება. გამომცემლობა „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გამათავისუფლეს ერთი მესიჯის საფუძველზე, სრულიად უმიზეზოდ. მათი თქმით, დაიწუნეს ჩემი მუშაობის ხარისხი. არადა, იმ დილითაც ვმუშაობდი და ჩემს მუშაობას უხარისხობის არაფერი ეტყობოდა, თან ამ საქმეს 15 წელი ვაკეთებდი. რეალურად, ეს იყო არსებული საშინელი დეპოლარიზაციის შედეგი. ვხედავთ, რომ ჩვენი საზოგადოება ორ პოლიტიკურ ფრთად არის დაყოფილი და რადგან მე ტელეკომპანია „იმედში“ ვმუშაობ, მათ კი ჩვენი ჟურნალისტებისა და ტელევიზიის მიუღებლობა აქვთ, გამოვიდა, რომ მათ ღიად გამისწორეს ანგარიში. გარკვეულწილად, ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი – ადამიანის დევნა. მაგრამ მეორე მხრივ, ამ ფაქტმა ძალიან ბევრი ადამიანის რეალური სახე დამანახვა. დამაკარგვინა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მე მეგობარი მეგონა. მე ასე მეგონა, მაგრამ მათ წარბიც კი არ შერხევიათ ამის გამო, მხარდაჭერაზე ზედმეტია ლაპარაკი. ესენი, ძირითადად, თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს წარმომადგენლები არიან, ვინც ჩემი მოწყობილი პრეზენტაციებით დაიწყეს თავიანთი კარიერა, მაგრამ ახლა ვერ მოერივნენ „ბაბლისგან“ ბულინგის შიშს, რომ ელემენტარულად, ჩემ მხარდასაჭერად ორი სიტყვა ეთქვათ. მათ თუ ეს ჰგონიათ სიტყვის თავისუფლება, კი ბატონო. მეორე მხრივ, ამ ამბის გახმაურებამ გამოიწვია უბრალო ადამიანების ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩემ მიმართ. იმდენი უცხო ადამიანი მაჩერებდა ქუჩაში თუ მწერდა სოციალურ ქსელში და მეუბნებოდა, რომ მხარს მიჭერდა და ვუყვარდი, რომ ჩემი აზრით, ნამდვილად ღირდა ამ ყველაფრად.

მესამე და ძალიან სასიამოვნო ამბავი იყო მოგზაურობასთან დაკავშირებული ოცნების ასრულება. მოგზაურობა ძალიან მიყვარს და კონკრეტულად ამ მოგზაურობას წლები ვგეგმავდი. ზურგჩანთა მოვიკიდე და კუბაზე წავედი სამოგზაუროდ. მექსიკის სხვადასხვა ქალაქი და სოფლები მოვინახულე. ერთი თვე სრულიად მარტომ საოცარი ადგილები მოვიარე. აქამდე ასეთ ადგილებს მხოლოდ სიზმარში ვხედავდი. ყოველი დღე თავგადასავალი იყო. ესპანურ ენაზე ლაპარაკი, მათ კულტურაში ცხოვრება, იმ ხალხის ახლოს გაცნობა, ვინც შორიდან ყოველთვის მომწონდა, საოცრება იყო. მექსიკელი ავტორების, რეჟისორების, მხატვრების სამყაროს რეალობაში ხილვა ჩემთვის ახდენილი ოცნება იყო და ეს საჩუქარი ჩემს თავს თავად გავუკეთე.

მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანი – მე ძალიან მიყვარს მოგზაურობა და დამოუკიდებელი ცხოვრების სტილი. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ჩემი შვილებისთვის ამის მაგალითი მიმეცა და ამ მიმართულებით გზაზე დამეყენებინა. წელს ორივე მათგანს გაბედული ნაბიჯები გადავადგმევინე, ორივე საზღვარგარეთ მარტო გავუშვი სასწავლო პროგრამებით, ასევე, დასასვენებლად. ვენდე და თავიანთი თავი ჩავაბარე. მაინტერესებდა, როგორ გაივლიდნენ აეროპორტის გზას, როგორ იკონტაქტებდნენ უცხო ხალხთან და ასე შემდეგ. 14-15 წლის ასაკში დიდი პასუხისმგებლობა ავკიდე და მეც ვღელავდი, ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული. აეროპორტშიც დავრეკე და ყველაფერს ვაკეთებდი მათი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ მარტოები იყვნენ. რაც წამოიზარდნენ, სულ ვცდილობ, რომ მარტოები გაუმკლავდნენ ყველაფერს. მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სივრცე არ არის საკმარისი ამისთვის, საზღვრები გახსნილია და მინდოდა, უცხო ქვეყანაშიც მიეღოთ გამოცდილება. წელს, როგორც დედა, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს გამოცდილება შევძინე და ვფიქრობ, რომ რამდენიმე ნაბიჯით გაიზარდნენ, გამოუვიდათ.

– საახალწლო პერიოდი რამდენად გიყვარს?

– ძალიან ზარმაცი ვარ. როგორც კი დავამთავრებთ წლის ბოლო გადაცემას, სახლში მოვდივარ და რომ შევწვები, სანამ დასვენების დღეებია, დროს ხალათისა და სამზარეულოს გარემოცვაში ვატარებ. ძალიან მეზარება წვეულებები და ღამის თენებები. მთავარია, რომ 12 საათზე მე, დედა და ბავშვები ერთად ვიყოთ, ერთმანეთს ჭიქები მივუჭახუნოთ და მივულოცოთ. დეკორაციების საკითხი ჩემი უმცროსი შვილის თემაა, უფროსი შვილი ასეთ საკითხებში ჩემსავით ზარმაცია, მაგრამ მას მეგობრებთან ერთად წვეულებებზე სიარული და გართობა უყვარს. მე და დედაჩემი წყნარად ვართ სახლში. ერთი ტრადიცია მაქვს – მე ვაკეთებ გოზინაყს. ბებია რომ გარდაიცვალა, დედაჩემის რგოლი ამოვარდა და პირდაპირ მე გადმოვიბარე გოზინაყის მომზადების ტრადიცია.

სახლში გვაქვს ბებიასდროინდელი სპეციალური გოზინაყის ტაფა და ახლა მეც მას ვიყენებ. დანარჩენს, ყველაფერს, დედაჩემი და ბავშვები აკეთებენ. გოზინაყის მომზადება და ძილი – ეს არის ჩემი საახალწლო რიტუალების ნუსხა (იცინის).

– ბავშვობის ახალი წლებიც გავიხსენოთ. როგორი იყო?

– ჩემი ბავშვობის ახალი წლები 90-იანებში იყო, როცა არაფერი გვქონდა. მაშინ ძალიან დიდი გასაჭირი იყო. თბილისის გარდა ჩვენ რუსთავშიც გვქონდა სახლი. ისე გამოვიდა, რომ იმ წლებში რუსთავში იყო გაზიც და შუქიც, რაც თბილისში დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ამიტომ, მე, დედა და ბებია, ნოემბერში ავბარგდებოდით ხოლმე და რუსთავში გადავსახლდებოდით. დათბობამდე იქ ვრჩებოდით და ახალი წლის დღეებსაც იქ ვატარებდით. რუსთავი იყო პირველი ქალაქი, სადაც ღია ცის ქვეშ ახალი წლის შეხვედრა დაინერგა. როდესაც ნაძვისხის ფული არ გვქონდა, ძალიან პატარა ნაძვის ტოტს ვტეხავდით რუსთავის ტყე-პარკში, იმხელას, რომ ხე არ დაგვეზიანებინა. ოთახის კუთხეში ვამაგრებდით, ზედ სათამაშოებს ვკიდებდით და ეს იყო ჩვენი საახალწლო მორთულობა. გვერდებზე სავარძლებს ვუდგამდით და საახალწლო ფოტოები წლიდან წლამდე სულ ამ კუთხესთან გვაქვს გადაღებული. ერთი შეხედვით, ხომ, საცოდაობაა, ახლა ხალხი ჭერამდე ნაძვებს დგამს, მაგრამ ისეთი თბილი და საყვარელი იყო ის კუთხეც და მაშინდელი საახალწლო განცდებიც, რომ არ ვიცი... ძალიან მიყვარდა. ბებია მაგარი კულინარი იყო და ბეზეს მიცხობდა ხოლმე. მას რომ ხელი ასტკივდებოდა, მე ვეხმარებოდი კვერცხის ათქვეფაში, უგემრიელესი გამოდიოდა და მეც უბედნიერესი ვიყავი.

– თანამედროვე ბავშვებს ძალიან გრანდიოზული სურვილები აქვთ, მაშინდელი პატარა მარიკას ოცნებები თუ გახსოვს?

– მეოცნებე ტიპი არ ვარ, უფრო რეალისტი ვარ. იმდროინდელი სურვილები რომ ვთქვა, იტირებ (იცინის). მაშინ ახალი შემოსული იყო, ტვიქსი, სნიკერსი, მარსი და პიკნიკი. ტელევიზორში მათი რეკლამა რომ გადიოდა, საოცრად მინდოდა, რომ გამესინჯა. ჩემი სახლის წინ იყო მაღაზია და რომ ვხედავდი, ვიღაცები შედიოდნენ და შოკოლადები გამოჰქონდათ, მეც ამას ვნატრობდი, მაგრამ მაშინ ეს ჩემთვის მართლა მიუწვდომელი იყო. დედა მუსიკის პედაგოგია. მოსწავლე ან მშობელი ახალ წელს რომ მიულოცავდა და „მამბანერკას“ მიართმევდა ხოლმე, უნდა გენახათ, როგორ ვიზოგავდი იმ შოკოლადებს, ერთი თვე მყოფნიდა (იცინის). შოკოლადებს რომ შევჭამდი, მერე მის ქაღალდებს ვინახავდი მაცივარში და მისი სურნელითაც კი ვტკბებოდი (იცინის). დედას გეფიცებით, ჩვენ ასეთ გაჭირვებაში გავიზარდეთ. ახლა ჩემმა შვილებმა თუ მათი თაობის სხვა ბავშვებმა, რაც არ უნდა მოინდომონ, არაფერი აკლიათ და რაღაც სიგიჟეებზე რომ წუწუნებენ, არ ვიცი ხოლმე რა ვთქვა, ძალიან ვბრაზდები.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მილიონერების ასპექტი - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც პლუტონისა და იუპიტერის გაერთიანება დიდ ფინანსურ სარგებელსა და იღბალს მოუტანს

„ასეთი ადამიანები ალბათ ძალიან ცოტანი არიან და უნდა გავუფრთხილდეთ!“ - გიორგი ცაავა ნინი შერმადინზე

ხარკოვზე სარაკეტო შეტევის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა

წყარო: tbiliselebi.ge