მაიკო ვაწაძისა და ანდრია გველესიანის ოჯახური ცხოვრება პატარას დაბადებამ კიდევ უფრო ბედნიერი გახადა და დღეს ორივე მათგანის დიდი სიყვარული პატარა სანისაკენ არის მიმართული.
მაიკო ვაწაძე: სანი წინა წელს დაიბადა და წელს პირველი ზაფხული იყო, როცა ერთად დასვენების საშუალება გვქონდა. ამიტომ, შევეცადეთ, მისთვის არც მთა დაგვეკლო და არც – ზღვა. თუმცა, დასვენებების სეზონი დასრულდა და ახლა ახალი შემართებითა და ძალებით უნდა შევუდგე ჩემს საქმეს.
– ანდრია როგორი წარმოგედგინა მამის ამპლუაში და როგორი აღმოჩნდა?
– წარმომედგინა, რომ ძალიან კარგი მამა იქნებოდა, რადგან ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ბავშვის დაბადების შემდეგ შეიცვალა, კიდევ უფრო მზრუნველი გახდა. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ანდრია ჩვენი შვილისთვის მეორე დედაა. რაც ბავშვს სჭირდება, აბსოლუტურად ყველაფერი კარგად გამოსდის და ყველანაირად მეხმარება. უფრო სწორად, როცა ანდრია სახლშია, ბავშვისთვის ჩემზე მეტს ის აკეთებს. სანიც ჩემზე მეტად ანდრიაზე გიჟდება. როცა ანდრია სახლშია, მასზეა მიწებებული (იცინის).
– არ ეჭვიანობ?
– არა. მიხარია, ცოტას ვისვენებ ხოლმე (იცინის). ეგოისტური მომენტი საერთოდ არ მაქვს, არც ეჭვიანი ვარ. ბავშვობიდან ასეთი ვარ – გაგვიმართლა მეც და ანდრიასაც (იცინის). ანდრიაც არ არის ეჭვიანი. აქამდე ერთმანეთს ვეუბნებოდით. „ყველაზე მეტად მიყვარხარ“ და ახლა ორივე ბავშვს ვეუბნებით, რომ ის გვიყვარს ყველაზე მეტად. ეს ძალიან სასიხარულოა და ჩემი აზრით, ასეც უნდა იყოს.
– მითხარი, ყველაფერს აკეთებსო, მაგალითად, რა გამოსდის კარგად?
– რაც საჭიროა, ყველაფერი. ყველაზე კარგად ბავშვის დაძინება გამოსდის. თუმცა, ჰიგიენიდან დაწყებული, გაგრძელებული გართობით და გასეირნებით – აბსოლუტურად ყველა საჭიროებას მშვენივრად ართმევს თავს.
– სანის მამის სიმღერა მოსწონს?
– ვაიმე, გიჟდება (იცინის). ძალიან მოსწონს, როცა ანდრია უმღერის და სიმღერის გარეშე, საერთოდ არ იძინებს. ანდრიამ პატარა უკულელე აჩუქა. თვითონ გიტარა რომ ეჭირა ხელში, უკრავდა და მღეროდა, სანი გიჟდებოდა, ისე მოსწონდა. უნდოდა, თვითონაც შეხებოდა სიმებს და ამიტომ, ანდრიამ გადაწყვიტა, უკულელე ეჩუქებინა. ახლა ერთად სხედან, უკრავენ და მღერიან. გიჟდება მამაზე და გულწრფელად რომ ვთქვა, სანი დაპატარავებული ანდრიაა (იცინის). მუსიკასთან მიმართებით, ყველაფერში ძალიან ჰგავს და რაც უფრო იზრდება, ვაკვირდები და ვხედავ, რომ ცდილობს, ყველაფერი გაიმეოროს, რასაც ანდრია აკეთებს. მისი ქურთუკების ჩაცმა უნდა, მის ფეხსაცმელს მოჰკიდებს ხელს და აქეთ-იქით დააქვს. მოკლედ, ყველაფერი უყვარს, რასაც ანდრია ეხება.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: tbiliselebi.ge