Digest Logo

„აქციებში არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზება, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, უაღრესად შემაშფოთებელია“ - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

1733221143
საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, შემაშფოთებელია ამგვარი მოწოდების გაკეთება.

„სოციალურ ქსელ „X“-ზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამწუხარო და შემაშფოთებელი განცხადება, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“.

ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საპროტესტო აქციებზე; ხშირად მდგომარეობა ისე იძაბება, რომ შეკრება სხვადასხვა საგნის უმისამართო სროლასა და ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე.

ასეთ პირობებში სკოლის მოსწავლეთა და, საერთოდ, არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ მოწოდებული ყოველგვარი განცხადება, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული, რომელიც, წესით, თავად უნდა ცდილობდეს ხალხში არსებული პოლარიზაციისა და სიძულვილის განეიტრალებას, რათა მიმდინარე მოვლენებისგან მომავალი თაობის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიადგეს, არის უაღრესად შემაშფოთებელი.

ამას ემატება ისიც, რომ ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცდილობენ უცხო ადამიანები სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ წასვლას და შედიან სკოლებში, არღვევენ სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს მიმართავენ მოწოდებებით, რაც იწვევს სამართლიან აღშფოთებას, ყოვლად დაუშვებელია და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.

ინტერნეტში ვრცელდება აგრეთვე ცრუ ინფორმაცია, თითქოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლაში სწავლა შეწყვეტილია, რასაც თავად აღნიშნული სასწავლო დაწესებულების დირექციაც უარყოფს სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში: „სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჩვეულებრივად“.

„მიმდინარე პროცესებში არასრულწლოვანთა ჩართვა პოლიტიკური აქტორების ან არასრულწლოვანთა მშობლების მხრიდან დანაშაულად მიმაჩნია. ვგმობთ იმ ძალადობას, რომელიც ბოლო დღეებში ხდება.გთხოვთ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს, პოლიტიკურ დაპირისპირებას სკოლაში ნუ გადმოიტანთ“, - აღნიშნავს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორი მამუკა თედიაშვილი.

ასევე პასუხისმგებლობას მოკლებულია სამართალდამცველების დისკრედიტაციისა და პოლარიზაციის გამომწვევი დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცველები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სასულიერო პირები ქაშუეთის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ ღამე მორიგეობენ და მსგავსი ფაქტები არასდროს დაუფიქსირებიათ.

დასასრულ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს“, - წერს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დროა, რომ გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დროა, რომ გამოხატონ სოლიდარობა საპროტესტო აქციების მიმართ მთელი საქართველოს მასშტაბით“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕შეიძლება თუ არა ადამიანი დაზიანდეს ჰაერიდან ჩამოვარდნილი ტყვიით და სად მიდის ის ჰაერში სროლის შემდეგ?

⭕ „ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენას, შემდეგ უკვე ლევანმაც აღარ ინება სიცოცხლის გაგრძელება…“ – რას წერს ახლობელი ლევან პირველისა და მისი დის შესახებ, რომლებიც 3 თვეში ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ

⭕„არ მეგონა თუ მშვიდობისკენ მოწოდებას „მხარეობა“ ან „უმოქმედობა“ ერქვა...თუ დედა ერთმანეთთან მოჩხუბარ თავის შვილებს მშვიდობისკენ მოუწოდებს, ხოლო შვილი ამ მოწოდებას მას მიკერძოებაში ჩაუთვლის, მაშინ ჩანს რომ ამ შვილშია პრობლემა...“ - დეკანოზი სერაფიმე დანელია