Digest Logo

„ენების სწავლაში უნიჭო ვარ...“ - რას ჰყვება ყველასათვის საყვარელი გიდი, ციცინო ზივზივაძე?

1739371304
ციცინო ზივზივაძე

ციცინო ზივზივაძე საქართველოში ერთ-ერთ ცნობილი გიდია, რომელიც მცხეთაში ჩასულ სტუმრებს დეტალურად აცნობს ქვეყნის ისტორიასა და კულტურულ ძეგლებს. იგი დაჯილდოებულია გამორჩეული მანერებით და სპეციფიკური აქცენტით, რომლითაც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ციცინო ზივზივაძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ კარიერასა და ცხოვრებაზე ისაუბრა:

– მხოლოდ საქართველოში კი არა, უცხოელ ტურისტებშიც გაითქვით სახელი. ვიცი, რომ ბევრი უცხოელი მოდის და ითხოვს, თქვენ იყოთ მისი გიდი.

ციცინო ზივზივაძე: მართალია. გინდ – რუსულენოვნები და გინდაც – ინგლისურენოვნები. მე არსად მისწავლია ინგლისური ენა, ეს სვეტიცხოველში, ტურისტებთან ურთიერთობაში ვისწავლე. არც რუსული ვიცი კარგად, ქართული აქცენტით ვსაუბრობ. თავიდანვე ვეუბნები ხოლმე, კარგად არ ვიცი ენა-მეთქი, მაგრამ მპასუხობენ, მოგვწონს თქვენი აქცენტი და გვინდა, თქვენ მოგვითხროთ აქაურობის ისტორიაო. ქართველებსაც რომ მოჰყვათ ინგლისურენოვანი ტურისტები, მომძებნიან ხოლმე და მთხოვენ, მე ვიყო მათი გიდი. არ ვიცი, ალბათ, ინტერნეტსივრციდან მიცნობენ.

მე გრამატიკულად რუსული და ინგლისური კი არა, ქართული არ ვიცი უშეცდომოდ და ძალიან დახვეწილად. საერთოდ, მე ენების სწავლაში უნიჭო ვარ. მიჭირს მისი სრულყოფილად დაუფლება.

ხალხს ჰგონია, რომ ნიჭიერი ვარ, რადგან თვითონ ვისწავლე რუსული და ინგლისური, მაგრამ ალბათ, პატრიოტი რომ ვარ, ღმერთმა ქარიზმა მომცა, რაც ამ საქმეს სჭირდება, ყველაფერი მისი ნებით ხდება, თორემ რა განსაკუთრებული გიდი მე ვარ? როცა შენი ქვეყანა გიყვარს, ღმერთის მადლი დაგყვება და გეხმარება. ვცდილობ, ყველას მისი ინტერესის, ეროვნების, რელიგიისა და კულტურის მიხედვით ვესაუბრო და მივაწოდო ინფორმაცია. ვიცი, ვისთან საიდან უნდა დავიწყო საუბარი, ვისთან რაზე უნდა გავაკეთო აქცენტი. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ქრონოლოგიას. ყველაფერი ღმერთის ნებითაა და ალბათ, მე ასე საუბრის ქარიზმა დამაყოლა. მეუბნებიან ხოლმე, ერთი სპექტაკლია თქვენი გადმოცემის უნარიო, არ ვიცი, მე ეს არ მისწავლია, ბუნებრივად იღებს ჩემი საუბარი ამ ფორმას. ეს თავიდანვე ასე იყო.

– სხვა გიდები კონკურენტებად არ მიგიჩნევენ?

ციცინო ზივზივაძე: ვინც თბილისიდან მოდის და დიდი ჯგუფები მოჰყავს, ყველას კარგი დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ. ყველა დიდი სიყვარულით მომიკითხავს ხოლმე, მაგრამ ორი ადგილობრივი გიდია, რომელსაც არ მოსწონთ ჩემი ცნობადობა. არ უხარიათ, მე რომ მცნობენ და მათ არა. ცდილობენ, ცილი დამწამონ და არასწორად იქცევიან. არ მინდა, ბატონო, ისინი იყვნენ ცნობილები, მე არ მაქვს ამის მოთხოვნილება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„50 წელია, სვეტიცხოველში ვარ...ვცდილობ, ყოველთვის ენერგიულად გადმოვცე ჩვენი ისტორია...“ - რას ჰყვება ციცინო ზივზივაძე?

⭕„რას უნდა ვუცქერდე ახლა მოაზროვნე ახალგაზრდა საქართველოზე უკეთესს?...“ - რას წერს გია მურღულია

⭕„გიგზავნით სიყვარულს საქართველოდან“ - ჯორჯინა უზკატეგუია ოჯახურ კადრებს აქვეყნებს