ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი საზოგადოებას თაღლითობის ახალი, სქემის შესახებ აფრთხილებს. ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, გარკვეული პირები ფონდის სახელითა და მძიმე დაავადებების მქონე ბავშვების ფოტოებით მანიპულირებით, მოქალაქეებისგან ფულად შემოწირულებებს ითხოვენ.
თაღლითობის ფაქტები თავიდან ძირითადად თბილისში ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო დღეებში მსგავსი შემთხვევა ზუგდიდშიც გამოვლინდა, სადაც თაღლითები მოქალაქეებს კერძო საცხოვრებელ მისამართებზეც კი მიადგნენ.
ფონდის მოძღვარი, იღუმენი ნაზარი (ბასილაია) საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
„ბოლო პერიოდში არაერთხელ მოგვაწოდეს ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის სახელით სხვადასხვა ლოკაციაზე მოქალაქეებისგან შემოწირულებებს აგროვებენ. პირები მოქალაქეებს მიმართავდნენ მძიმე დაავადებების მქონე ბავშვების დახმარების მოტივით, იყენებდნენ ფონდის ბენეფიციარების ფოტომასალას და აცხადებდნენ, რომ მოქმედებდნენ ფონდის ადმინისტრაციის დავალებით.
რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში მომხდარი შემთხვევის შესახებაც შევიტყვეთ, სადაც ერთ-ერთ ოჯახში მისულმა პირმა, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის სახელით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ითხოვა შემოწირულება. ამ პროცესში გამოყენებული იყო ჩემი და ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების ფოტოსურათებიც.
გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს არასოდეს განუხორციელებია და არც მომავალში განახორციელებს შემოწირულებების შეგროვებას მსგავსი ფორმით!“, – ნათქვამია განცხადებაში.
ფონდის დამფუძნებლები, ადმინისტრაცია და მოძღვარი ერთმნიშვნელოვნად ემიჯნებიან და გმობენ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საზოგადოების ნდობის ბოროტად გამოყენებასა და ქველმოქმედების იდეის დაზიანებას ისახავს მიზნად. ისინი მოუწოდებენ თითოეულ მოქალაქეს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მსგავსი საეჭვო ფაქტების დაფიქსირებისთანავე აცნობონ ფონდის ადმინისტრაციას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ ბავშვობის სიყვარული, რომელიც დიდებაზე ძლიერი აღმოჩნდა: ლეო მესისა და ანტონელას სამაგალითო ისტორია