„რეფორმატორი“ სოციალურ ქსელში ფსიქოთერაპევტ, ფსიქოლოგიის დოქტორის თამარ გაგოშიძის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც იგი ბავშვის ემოციური მხარდაჭერის და ქმედებებში დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
როგორც თავად აღნიშნავს, მშობელმა მხოლოდ სიყვარული კი არა, პატივისცემაც უნდა გამოხატოს, რადგან ამ ორს შორის განსხვავებას პატარები ძალიან კარგად ხვდებიან:
„რაღაც პერიოდის მერე, როცა ბავშვი დედას უკვე სცილდება, დაიწყო სიარული, უცებ აღმოაჩინა, რომ თავისი თავი გამოეყო დედას, შემოვიდა „მეს“ ცნობიერება და იძახის „მე თვითონ“, შემოვიდა თვით განცდა და აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა და მოქმედებებში დამოუკიდებლობის მიცემა, რატომ?
შემეცნებითი თვალსაზრისით ბავშვმა გარემო უნდა აღმოაჩინოს, ამ განცდაში მხარს ვუჭერთ მას, ვაღიარებთ მის ემოციებს, პატივს ვცემთ.
სიტყვა „პატივისცემა“ ადამიანებთან ურთიერთობისას ქართული ლექსიკონიდან უკვე ამოღებულია.
ბევრი ბავშვი მეუბნება: „მშობელი პატივს არ მცემს“, მე ვეკითხები: „ხომ უყვარხარ?“
ბავშვი ასხვავებს სიყვარულს და პატივისცემას და მეუბნება, განსხვავებაა ამ ორს შორის.
რას ნიშნავს პატივისცემა? რომ აღიარებ მის ავტონომიას, ხელს უწყობს თავად სცადოს.
დაეცა? უნდა ადგეს, ხელი მოჰკიდოს და კიდევ სცადოს. ამით სწავლობს დაბრკოლების გადალახვას, აღარ ეშინია“, - ამბობს თამარ გაგოშიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ აღნიშნა ევა ბარბაქაძემ 25 წლის იუბილე - კადრები დაბადების დღის წვეულებიდან