
მსახიობი და იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. მიუხედავად სირთულეებისა, ცდილობს, თავისი ნიჭი და გამოცდილება მაქსიმალურად გამოიყენოს და მომავალში, უამრავი სასიამოვნო სიახლე შესთავაზოს თავის გულშემატკივრებს, რაზედაც ვახო ბიჭიკაშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა:
„ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში, დამოკიდებულებები და შეხედულებები ცხოვრების მიმართ. ჩემს ქვეყანაში ყოველთვის ვამბობდი და ვწუწუნებდი, დრო არ მაქვს-მეთქი და ახლა ამერიკაში მივხვდი, თურმე, რა მნიშვნელოვანი ყოფილა დრო და ვისწავლე, რაც არ ვიცოდი – ამ დროის სწორად გადანაწილება, ფასი და ადამიანის შრომაც უფრო მეტად დავაფასე. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ცხოვრება ძალიან მარტივი მეგონა. დილით ვიღვიძებდი და მივდიოდი ერთ ლოკაციაზე სამუშაოდ. მერე ან სტუდიაში მივდიოდი, ან მეგობრებთან ერთად ვატარებდი დროს და საღამოს სახლში ვბრუნდებოდი. ეს იყო მთელი ჩემი დღის რუტინა და ქართული გრაფიკი.
აქაური გრაფიკი კი იმდენად განსხვავებულია, იმდენად დაკავებული ხარ და იმდენად გაქვს დროის დეფიციტი, ამას, უბრალოდ, ენით ვერ გადმოგცემთ. ფაქტობრივად, არაფრის დრო აღარ გრჩება და თუ გაჩერდი, სჯობს, გული გააჩერო. აქ დრო ძალიან აჩქარებულია, სულ ორშაბათი და სულ პარასკევია. ვხუმრობ ხოლმე, ჩემთვის კვირა არ არსებობს, ყოველი დღე შაბათია-მეთქი (იცინის). ეს ტექსტი მართლა ამერიკაში მცხოვრებ ხალხზეა დაწერილი, ასე მგონია (იცინის). მით უმეტეს, როცა ორი დროით ცხოვრობ – ამერიკულითა და ქართულით, ორმაგად რთულდება. ემიგრაციაში მყოფი ადამიანი იმდენად ბმაში ხარ შენს ქვეყანასთან, ჩათვალეთ, გაორმაგებული ემოციით ცხოვრობ. როცა ამას გამოცდი, მიხვდები, რომ ეს საშინელი მომენტია. ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები, წარმატებულები თითქმის ყველა სფეროში, გაფანტულები ვართ სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენი ერის წარმომადგენლების წარმატებებით მართლა ანათებს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე. დეტალურად არასოდეს მიფიქრია ამაზე, მაგრამ ახლა სულ ამაზე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს მშვიდობიან და წარმატებულ აწმყოს და მომავალს“, - ამბობს ვახო ბიჭიკაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვინერვიულე, არავის საქმე არ არის ჩემი პირადი“ - გია ფარადაშვილი საზოგადოების მხრიდან ბულინგზე