Digest Logo

„ჩემი ძმის შვილის ქორწილი იყო, თამადა ვიყავი... რომ გავიგე ეს ამბავი, მივატოვე იქაურობა და წამოვედი თბილისში“ - ბადრი ვადაჭკორია 9 აპრილს იხსენებს

1712678809
ბადრი ვადაჭკორია

საყოველთაო დაუმორჩილებლობა, საქართველოს დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციის საფუძველი, დამსხვრეული მითი რუსეთთან ბედნიერი თანაცხოვრების შესახებ - 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორიის ერთ-ერთი პირველი ფურცელია.

ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიით და მსხვერპლით დაწყებული თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

ამ დღის ერთ-ერთი მთავარი ფოტომემატიანე  ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია გახლავთ, რომელმაც შთამომავლობას დაუვიწყარი და ემოციური კადრები შემოუნახა. „დაიჯესტმა“ 77 წლის ცნობილ  ჟურნალისტსა და ფოტოხელოვანს 1989 წლის 9 აპრილის გახსენება სთხოვა.

- გაიხსენეთ 1989 წლის 9 აპრილი, როგორ აღმოჩნდით მოვლენების ეპიცენტრში? 

იმ ღამეს, 8-ში წავედი ლანჩხუთში, ჩემი ძმის შვილის ქორწილი იყო, თამადა ვიყავი და გავიგე ეს ამბავი. მივატოვე იქაურობა, ქორწილი და წამოვედი თბილისში. რა თმა უნდა, ძალიან ცუდი ამბავი იყო.

- როდესაც ერთად მდგომ ხალხს უყურებდით, რას განიცდიდით?

ხალხი იყო აღტყინებული. ყველა ვყვიროდით - საქართველოს გაუმარჯოს! ასეთ ამბავში ვიყავით და მთელი პერიოდი გავატარეთ ჯოს ჯოს ძახილში. 

- თუ ხვდებოდით, რომ ეს დღე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე იქნებოდა? 

კი.

- რა გრძნობაა, როდესაც 9 აპრილის ფოტომემატიანედ მოგიხსენიებენ? 

არის რამდენიმე ძალიან სევდიანი ფოტო.

- ამდენი წლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში და საზოგადოების აზროვნებაშიც, როგორ შეაფასებთ დღევანდელ ვითარებას ... 

ორად გაყოფილია საზოგადოება, რომელსაც აღრეული აქვს კარგი და ცუდი რა არის. მე სხვანაირად გავიზარდე. რატომ მომწონდა ის? მე მივტირი არა საბჭოთა კავშირს, არამედ იმ პერიოდს, როდესაც ყველა ბედნიერი ვიყავით და ერთმანეთი გვიყვარდა. ყოველ კვირაში 2-3ჯერ ვიკრიბებოდით მეგობრები და ვქეიფობდით. შურისგან დაცლილები ვიყავით, მე ახლაც ასე ვარ. რითაც შემიძლია ყველას ვეხმარები.

- თანამედროვე სამყაროში რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად? 

ყველაფერი შექმნილია ადამიანისგან, სულიერი და ფიზიკური განადგურებისთვის. აქეთ მიდის ყველაფერი. „ოქროს მილიარდზე“ უნდათ მოსახლეობის დაყვანა, როგორც ამბობენ. რაც მეტს ვიგებ, მით უფრო ვითრგუნები. არადა ბევრ ინფორმაციას ვიღებ. 

- რა იქნებოდა თქვენი გზავნილი საზოგადოებაში და რას უსურვებდით საქართველოს? 

ქვეყანას სიყვარული, ერთმანეთის სიყვარული სჭირდება. ეგ არის რა, გიყვარდეს საქართველო, გიყვარდეს ქართველი და საერთოდ, ადამიანი უნდა გიყვარდეს. ჩემთვის არ არსებობს ეროვნების მიხედვით ვინმე განვასხვაო. 

ავტორი: მედეა ლომიძე

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ყველაფერი გვიბრუნდება ცხოვრებაში, სიკეთის კეთება გაცილებით მარტივია, ვიდრე ცუდის“ - ბადრი ვადაჭკორიას გულახდილი ინტერვიუ

🎥 „სიყვარული და პატივისცემა, სხვა რა დაგვრჩება“ - რა კადრებს აქვეყნებს ლაშა ბექაური

🎥 „ასტროლოგიას არ უნდა მივანიჭოთ ჯადოსნური ჯოხის დატვირთვა, ყავა დავლიო თუ ჩაი, ამას არ სჭირდება ასტროლოგია“ - რამაზ გიგაური