Digest Logo

„ჩემს თავში უფრო დარწმუნებული გამხადა. გვერდით ძალიან დიდი მეგობარი და ადამიანი მყავს, რომელმაც ჩემი ცხოვრება გაამდიდრა“ - მარკუს მეტრეველი ცოლზე

1662273126
მარკუს მეტრეველი

მომღერალმა მარკუს მეტრეველმა ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული დალი ხაბულიანია, რომელიც წლების წინ გაიცნო. თუმცა, დაქორწინება ოთხი წლის შემდეგ გადაწყვიტეს. როგორც თავად ამბობენ, ამ პერიოდში კარგად გაიცნეს ერთმანეთი და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგეს ნაბიჯი, ერთ ჭერქვეშ ეცხოვრათ. წყვილი კახეთში ახალშეძენილ აგარაკზე ცხოვრობს და ბედნიერებით, სიყვარულითა და სასიამოვნო გარემოცვით ტკბება. 

ამის შესახებ ის „თბილისელებს“ ესაუბრა.

– მარკუს, გილოცავ დაოჯახებას! ულევ სიხარულსა და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ. მოგვიყევი, სად გაიცანი შენი რჩეული?

– დიდი მადლობა მოლოცვისთვის. მე და დალიმ ერთმანეთი რუსთავის ქალთა კოლონიაში გავიცანით. 2018 წელს, 14 სექტემბერს მიწვეული ვიყავი ნანა ცინცაძის საღამოზე, სადაც რამდენიმე სიმღერა უნდა შემესრულებინა. ამ საღამოზე ნანას მისი მეგობარი დალი ხაბულიანი ახლდა. დალი რომ დავინახე, იმდენად საინტერესო და პოზიტიურ ადამიანად აღვიქვი, უცბად დავმეგობრდით და დავახლოვდით. არ დამავიწყდება, კონცერტის დროს ერთმანეთს გავხედეთ და ეს მზერა იყო ყველაფრის დასაწყისი. შეიძლება, ითქვას, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, შეყვარება იმ ადამიანის, ვისაც დიდი ხანი ელოდებოდი შენს ცხოვრებაში. მომხიბლა ამ ადამიანის სიძლიერემ, პოზიტიურობამ, იუმორმა, კეთილგანწყობამ და სიკეთემ... ჩვენი პირველი შეხვედრა იყო ორი სხეულის გაერთიანება, ემოციური, შინაგანად სუფთა მდგომარეობის სუფთა მენტალური ერთობა, რომელიც აღიბეჭდა ჩვენს კავშირზე. კონცერტის დამთავრების მერე, დალის მძღოლმა წამოგვიყვანა და მანქანაში ვფიქრობდი: როგორ გავძლო ამ ადამიანის გარეშე ხვალ-მეთქი (იცინის). იმდენად ჩემი ადამიანი აღმოჩნდა, შინაგანად ვფიქრობდი: როგორ შეიძლება, ხვალინდელი დღე ამ ადამიანის გარეშე დავიწყო-მეთქი და თურმე, დალიც ზუსტად იმავეს ფიქრობდა. პირველივე დღიდან ეჭვიანობაც დავიწყე (იცინის). მანქანაში ვკითხე: დალი, სად მიდიხარ-მეთქი. მიპასუხა: მეგობრებთან ერთად ყავა უნდა დავლიოო. ბუნებით არ ვარ ეჭვიანი, მაგრამ ვიეჭვიანე (იცინის). რას არ გაგრძნობინებს და გაგიცოცხლებს სიყვარულის გრძნობა. ამ ადამიანმა პირველივე შეხვედრისთანავე ამაფორიაქა და თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება. დღეს კი ერთმანეთის დანახვა ჩვენთვის ყველაზე დიდი სიურპრიზია და ახალი ენერგია. ჩემი ორი ბოლო სიმღერა დალის მივუძღვენი და ახალ სიმღერაზე ვმუშაობ და მასაც ამ უნიკალურ ადამიანს ვუძღვნი. სხვათა შორის, ჩვენს აგარაკზე, სულ ჩართულია ჩემი სიმღერები და სულ ჩემი ხმა ისმის (იცინის). არაჩვეულებრივი მეზობლები მყავს, მაგალითად, მანჩო, რომელიც ნამცხვრებით გვანებივრებს და მე აქედან – ჩემი სიმღერებით. ძალიან მაგარი ხალხია კახელები, ყველა რაღაცას მჩუქნის. თან, სრული კომფორტია, ისეთი ასფალტი დააგო სიღნაღის მუნიციპალიტეტმა, თავი შვეიცარიაში მგონია (იცინის). მოკლედ, პატარა შვეიცარიაში ვცხოვრობ და ჩემი ოცნების სახლში, რომელიც სულ მქონდა წარმოდგენაში და, რაც მთავარია, ჩემი საყვარელი ადამიანის გვერდით.

– ოთხი წელი იყავით შეყვარებულები და ხვდებოდით ერთმანეთს. ზრდასრულ ასაკში ეს საკმაოდ დიდი პერიოდი ხომ არ არის, რომ დაქორწინებისკენ ნაბიჯი გადაგედგათ?

– გვინდოდა, კარგად ჩამოვყალიბებულიყავით, კარგად გაგვეცნო ერთმანეთი, გაგვერკვია, საით წავიდოდა ეს ურთიერთობა – იქნებოდა მოწონება, მეგობრობა თუ სიყვარული. დავაკვირდით, გავიცანით და იმ ეტაპამდე მივედით, გვეცხოვრა ერთად და დაგვეწყო ცხოვრების ახალი ფურცლის გადაშლა. ზოგადად, ეს წელი ჩემთვის ძალიან პოზიტიურად და ენერგიულად დაიწყო. მე და დალი უკვე ოთხი წელია, ერთად ვართ და ყოველთვის გვინდოდა ჩვენი აგარაკი შეგვეძინა. ავარჩიეთ კახეთის რეგიონი, რადგანაც ის ძალიან ბევრ სასიამოვნო მოგონებასთან არის დაკავშირებული და ძალიან გვიყვარს. ბევრი ვეძებეთ და ბოდბისხევში მივაგენით მიტოვებულ, ძველ სახლს, რომელიც იყიდებოდა და შევიძინეთ. მთლიანად ამორტიზებული იყო და ძალიან დიდი ენერგია, სიყვარული ჩავდეთ და მარტის თვიდან მისი რემონტი დავიწყეთ. მოვიყვანეთ იმ ეტაპამდე, რომ საცხოვრებლად ძალიან კარგია. „სიყვარულის სახლი“ დავარქვით და გვინდა, მას ყველაფერი პოზიტიური უკავშირდებოდეს. ამ სახლს სიმშვიდე, შინაგანი განწყობა და სასიამოვნო წუთები მოაქვს. სასწაული ენერგეტიკა აქვს. ძველი ავეჯი, ჩემი ხელით გავაახლე და სასწაული გამოვიდა. ასე რომ, ჩემი და დალის დიზაინით და ექვსთვიანი შრომით, ულამაზესი აგარაკი გამოვიდა.

– უკვე ხუთი თვეა, დაოჯახდით, თუმცა, ერთად არსად ჩნდებოდით. რატომ მალავდით ურთიერთობას?

– გამოცდილი მაქვს, თუ რას ნიშნავს პირადი ცხოვრების გასაჯაროება, რა მოჰყვება მას – რამდენი ცუდი თვალი, ენერგია და ჭორი. ამიტომ, თავს ვიკავებდით, რომ ჩვენი თანაცხოვრება გაგვესაჯაროებინა. რაც შეეხება გასაჯაროებას, სიღნაღის ერთ-ერთ სასტუმროში ყავას ვსვამდით, გადავიღეთ ფოტო და დავდე სოციალურ ქსელში. დაიწყეს სპონტანურად მოლოცვა და უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი (იცინის). დალის შემოსვლამ ჩემს ცხოვრებაში შეცვალა ის, რომ მე დღეს ძალიან სტაბილური ადამიანი ვარ. არ მიყვარს „გულაობა“, ამ ადამიანმა კი ჩემი საინტერესო ვარიანტი დამანახვა და სტაბილურობა გაამყარა. ჩემს თავში უფრო დარწმუნებული გამხადა. გვერდით ძალიან დიდი მეგობარი და ადამიანი მყავს, რომელმაც ჩემი ცხოვრება გაამდიდრა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„სპექტაკლს ვთამაშობდი, როდესაც ძალიან ცუდად გავხდი. ბოლომდე ვიდექი სცენაზე და შემდეგ საავადმყოფოში წამიყვანეს“ - რას ჰყვება ბესო მეგრელიშვილი

🔵ქუჩები, სადაც წყალი შეწყდება - გადაამოწმე შენი მისამართი

🔵მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და სეტყვა - უახლესი დღეების პროგნოზი

წყარო: tbiliselebi.ge