მსახიობ ბესო მეგრელიშვილის ცხოვრებაში ტაძრისკენ სავალი გზა მაშინ გამოჩნდა, როცა განსაცდელების წინაშე დადგა. მაშინ პირადი ცხოვრება აერია, უმუშევარიც დარჩა და დეპრესიაში ჩავარდა. ერთადერთი ხსნა კი ეკლესია აღმოჩნდა. ამის შესახებ ის „სარკეს“ ესაუბრა.
ბესო მეგრელიშვილი: ტაძარში სიარული წლების წინ დავიწყე. მაშინ პირველად ჩავაბარე აღსარება, ვეზიარე. თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში მივედი, სადაც მამა დავით (ქვლივიძე) მსახურობდა. ის ყოველთვის გვერდით მედგა და სულიერად მეხმარებოდა. ერთი-ორმა მოძღვარმა დახმარებაზე უარი იმის გამო მითხრა, რომ მსახიობი ვარ. ხომ იცით, ზოგიერთი სასულიერო პირი ძალიან მკაცრია ასეთ საკითხებში და ეს მათი საქმეა.
მე, როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ყველას ვურჩევ, ღმერთთან იმდენად ახლოს მივიდნენ, რამდენადაც შეძლებენ. მომწონს, როდესაც ადამიანები ეკლესიურად ცხოვრობენ.
– როცა უარყოფითი პერსონაჟის როლზე მუშაობთ, ამ დროს როგორია თქვენი ემოცია, სულიერი მდგომარეობა?
– სცენაზე უარყოფით პერსონაჟს რომ ასახიერებ, მთლიანად უნდა წარმოაჩინო მისი უარყოფითი სახე. ამავდროულად მასში უნდა ჩადო შენი მოქალაქეობრივი მსოფლმხედველობა – მაყურებელს დაანახვო, რომ ასეთი ცუდი არ უნდა გახდეს. სხვათა შორის, ამბობენ, თუ სცენაზე თამაშის დროს გარდაიცვალე, ამ ქვეყნიდან იმ ადამიანის ცოდვებით წახვალ, ვისაც იმ მომენტში ასახიერებდიო.
ზოგიერთ სპექტაკლზე სასულიერო პირები მოჰყავთ და სპექტაკლს აკურთხებენ ხოლმე. ჩემი აზრით, დოგმების არსებობა საჭირო არ არის. თუკი კაცობრიობა წინ მიდის, ჩვენც უნდა ავყვეთ ამ რიტმს. დღეს ჯორებით არავინ დადის, ყველა მანქანით დადის, ანუ წინ წავედით. მაშინ ჭეშმარიტმა ქრისტიანმა თანამედროვეობის ყველა გამოწვევაზე უარი უნდა თქვას. ასე თუ დავწვრილმანდით, ყველას რაღაც უარყოფით მხარეს მოვუნახავთ.
– თქვენს ცხოვრებაში ისეთი რამ თუ მომხდარა, როცა სასწაულის იწამეთ?
– ღვიძლზე, ფილტვზე რამდენიმე რთული ოპერაცია მაქვს გაკეთებული. რამდენიმე წლის წინ ახმეტელის თეატრში სპექტაკლს ვთამაშობდი, როდესაც ძალიან ცუდად გავხდი. ბოლომდე ვიდექი სცენაზე და შემდეგ საავადმყოფოში წამიყვანეს. ღვიძლსა და ფილტვზე სასწრაფო ოპერაცია გამიკეთდა. წლების მერე განმეორებითი ოპერაციაც დამჭირდა. რომ გადავრჩი, ამისთვის უფლის მადლობელი ვარ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ქუჩები, სადაც წყალი შეწყდება - გადაამოწმე შენი მისამართი
🔵მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და სეტყვა - უახლესი დღეების პროგნოზი
🔵„ერთგულებაზე და ფინანსებზე გააკეთეთ აქცენტი სტატუსში? ოკ“ - ოთო ლომთაძე „მთავარ არხს“