
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად დეკანოზის ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მორიგი ამონარიდი გავრცელდა, სადაც საუბარია საქართველოში ქრისტიანობის შენარჩუნებაზე, რომელიც საუკუნეებს ითვლის.
„საქართველოს ფუნქცია რა არის?
- საქართველო არის ქვეყანა, სადაც „ქართულ ენაზე ჟამი შეიწირვის“,
ანუ წირვა და ლოცვა აღევლინება,
ანუ ქართულ ენაზე მისტიკური კავშირი ღმერთთან;
ანუ საქართველო ტრადიციულად არის ქვეყანა იმ ადამიანებისა, რომლებიც ეკლესიის წევრნი არიან,
ეკლესიის წევრთა ერთობა გარკვეულ სივრცეს იკავებს - ქართველები კი ამ სივრცეს იკავებენ საქართველოს ტერიტორიაზე,
ამიტომ, საქართველოს ტერიტორიის საზღვრები და ეკლესიის საზღვრები ერთმანეთს ემთხვევა;
ეკლესია შენობა ხომ არ არის - ეკლესია ჩვენ ვართ, ვინც მონათლულები ვართ,
ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ერთი დიდი ეკლესიაა;
ქართველებმა ძალიან უცნაურად მიიღეს ქრისტიანობა:
წმ. ნინო რომ შემოვიდა, თოთხმეტი წლის იყო,
წარმართულ ქვეყანაში,
სადაც წარმართული კერპები იყო,
ეს არის პერიოდი, როდესაც ქალს ისედაც ბევრის უფლება არ აქვს და თოთხმეტი წლის ბავშვს მით უმეტეს არვინ მოუსმენს,
და მაშინ, საქართველოში,
ქალს,
გოგონას,
უპატრონოს, არანაირი სოციალური სტატუსი არ ჰქონდა, მონად იწოდებოდა,
და როგორ შეძლო, რომ თავის სიცოცხლეში საქართველო მეფიან-დედოფლიანად გამხდარიყო მართლმადიდებლური ქვეყანა?!
საოცრებად არ გეჩვენებათ?!
და ვახტანგ გორგასლის დროს,
შეიძლება უფრო მომგებიანიც ყოფილიყო მაზდეანები გავმხდარიყავით სპარსელების გამო,
და არა ქრისტიანები ბიზანტიელების გამო,
მით უმეტეს ნათესაური კავშირი ვახტანგ გორგასალს სპარსელებთან უფრო ჰქონდა,
მაგრამ არა - ქრისტიანობა ავირჩიეთ,
და გიორგი მეშვიდეს დროს,
ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე იყო,
საქართველო პრაქტიკულად განადგურდა თემურლენგის შემოსევის დროს,
და ქართველებმა, ფაქტობრივად,
განაცხადეს მზაობა, სრულიად დახოცილიყვნენ,
სრულიად გამწყდარიყვნენ - ოღონდ ქრისტესათვის არ ეღალატათ,
შეგახსენებთ თემურლენგი ვინ არის - ეს არის ადამიანი, რომელსაც მთელი აზია დაპყრობილი ჰყავდა,
ითვლებოდა ჩინეთის იმპერატორადაც,
ჩრდილოეთ კავკასია მაშინ გამუსლიმანდა, ისინიც ქრისტიანები იყვნენ მანამდე - ერთხელ შემოუარა და ყველა გაამუსლიმანა,
ირანი,
ოსმალეთი - ყველა ხელში ეჭირა,
მთელი შუა აზიის ქვეყნები,
საქართველო უბრალოდ გასასვლელი იყო ევროპაში,
ევროპაში რომ გავიდოდა ზურგში ქრისტიანული ქვეყანა არ უნდა ჰყოლოდა,
იფიქრა - ამას უცებ გავამუსლიმანებ და გავივლიო,
და არ გამუსლიმანდა საქართველო.
შემოვიდა ერთხელ,
შემოვიდა ორჯერ,
სამჯერ,
ოთხჯერ….
რვაჯერ
ქვა-ქვაზე არ დატოვა,
ბოლოს, იდეურად დამარცხდა,
გიორგი მეშვიდეს დაუწერა წერილი - „ვაღიარებ, რომ საქართველო არის ქრისტიანული ქვეყანა“;
- რა არის საქართველოს მისია?!
- საქართველო მსოფლიოს აჩვენებდა გმირობას,
რომ ქრისტესათვის, არამარტო სიცოცხლე - არამედ სიკვდილიც ღირს;
ასეთები ვიყავით ქართველები, და იმიტომ ვართ ახლა ჩვენ ქრისტიანები,
თორემ, ჩვენს წინაპრებს ასე რომ არ ეომათ და ასე რომ არ ეშრომათ, ვინ მოგვიყვანდა აქამდე?!
აი, ეს არის საქართველოს მისია - ყველას აჩვენოს, რომ მზად ვართ მოვკვდეთ ქრისტესათვის!“,- აღნიშნულია დეკანოზის ქადაგებების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ამონარდიში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „თქვენი ყურება არასდროს მბეზრდება“ - აჩიკო სოლოღაშვილის და თიკა ფაცაციას ახალი ფოტოები
🎥 „ზოგიერთი გრძნობს წვიმას, ზოგი კი მხოლოდ სველდება“ - სალომე ღვინიაშვილის ცეცხლოვანი ცეკვა წვიმაში