18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რა მოხდა ავთანდილის ქუჩაზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ ბინაში და რა უძღოდა მკვლელობას წინ, დეტალებზე მოკლულის მეგობარი „ამბებს“ ესაუბრა.
„საღამოს ფოტო გამოაქვეყნა შეყვარებულთან ერთად, ვიცოდი, რომ დაშორებული იყო მასთან, მაგრამ არ დავურეკე, ვიფიქრე, რომ მარტო არ იქნებოდა“, - ამბობს მეგობარი.
- არ გაგიკვირდათ, ეს ხომ პირველი საჯარო ფოტო იყო ბექა ჯაიანთან ერთად?
- დიახ, პირველად გამოაქვეყნა, ვიფიქრე, რომ შერიგდნენ და მან დაადებინა. ორი წელი ერთად იყვნენ. ორი კვირის წინ ჩვენ სამნი ერთად ვიყავით აუზზე, ვიდრე დაშორდებოდნენ.
- ამბობენ, რომ ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდათ, ბექა ჯაიანი მოძალადე იყო?
- დიახ, ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ არასოდეს უთქვამს კესოს, რომ სცემდა. თუმცა ერთხელ შევნიშნე, რომ ყელთან ჩალურჯება ჰქონდა, მითხრა, რომ ძლიერად მიჩქმიტაო. როგორც მივხდი, ერიდებოდა ჩემთან ამაზე ლაპარაკს, ვეტყოდი, შეეშვი, დაანებე თავი - მეთქი. მათი ურთიერთობის მომხრე არ ვიყავი, სულ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.
- ეჭვიანობდა?
- დიახ, სადმე რომ ვიყავით, არ ასვენებდა, სულ ურეკავდა. ვეუბნებოდი ხოლმე, გათიშე საერთოდ ტელეფონი-მეთქი. თითქმის ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა.
- ამბობენ, რომ სახლში ჩაკეტა და გასვლის უფლებას არ აძლევდაო...
- ჩემთან ერთად უშვებდა, მეც მივდიოდი მასთან. ღამის კლუბებში არ უშვებდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.ambebi.ge