Digest Logo

„დედამისმა გამოქვაბულში, მარტომ იმშობიარა... მერე მწყემსიც გამოჩენილა... ასეთი ბიბლიური დაბადება იშვიათია...“ - 2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა

1727886223
გოდერძი ჩოხელი

ქართველი ღვაწლმოსილი, ყველასათვის საყვარელი მწერალი, გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა, სოფელ ჩოხში. იგი 70 წლის გახდებოდა.

ჩოხელი 2007 წელს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.

მხოლოდ დროს შეუძლია დაამოწმოს, სჭირდები თუ არა ქვეყანას. მისი გარდაცვალებიდან გასულმა 17-მა წელმა გვაჩვენა, რომ არათუ დაიკარგა ინტერესი გოდერძი ჩოხელის მიმართ, არათუ გაქრა მისი სახელი ლიტერატურის ისტორიიდან, არამედ, პირიქით - გამძაფრდა მონატრება და მწერალთან შეხვედრის სურვილი ქართველ მკითხველში, მისი ფილმების მიმართ სიყვარული - მაყურებელში. უკვდავების საბუთად უკეთეს არგუმენტს ვერ მოიხმობს კაცი.

1997 წელს მწერალი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ საზოგადოებამ წიგნი შეიძულა და ამას ძალიან განიცდიდა:

„არა მხოლოდ წიგნმა დაკარგა მკითხველი, არამედ, ჩემი აზრით, იმ წიგნებმაც კი, რომელთა გარეშეც ქართველი ქართველად არ მეჩვენება, დაკარგეს ადგილი ჩვენი მომავალი თაობის გულში. მე ამას ვამბობ ჩემი შვილების მაგალითზე, რომლებთანაც ჩხუბი მიწევს იმაზე, რომ ვაჟა-ფშაველა წავაკითხო და რატომღაც არა მგონია, რომ ეს კერძო მაგალითია! ჩემი აზრით, დღეს ეს საზოგადო სენია. ქართულ სიტყვას, ქართულ მწერლობას მოწყვეტილი მოზარდი უგულო ქართველად გაიზრდება და მას შეიძლება, აღარც კი გაუკვირდეს როცა ეტყვიან, რომ ქართველებმა ილიას ტყვია ესროლეს!

რაც შეეხება წიგნის როლს 21-ე საუკუნეში, ჩემი აზრით, წიგნს ყველა საუკუნეში ჰქონდა განსაკუთრებული როლი და ადგილი და 21-ე საუკუნეშიც დაიკავებს იგი ღირსეულ ადგილს, განსაკუთრებულად ღირსეულსაც კი, რადგან მგონია, რომ დროებითი მოვლენები გადაივლიან და დამიანებს სულიერი მოთხოვნილებები გაუჩნდებათ წიგნის კითხვისა“,- ამბობდა გოდერძი ჩოხელი.

მას განსაკუთრებით უყვარდა ფოლკლორისტი წყვილი, ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე, რომელთაც სამივე შვილი მოუნათლა და კურთხევა სპეციალურად აიღო. უახლოესი მეგობარი გოდერძი ჩოხელს იხსენებს და მისი დაბადების ისტორიას ჰყვება:

„გოდერძის დაბადებაც ისევე უჩვეულო იყო, როგორც მისი ცხოვრება. თუნდაც იმით გამორჩეული, რომ ღია ცის ქვეშ დაიბადა; დედამისი - ლელა დეიდა, ცხვარ-ძროხას საძოვარზე მიერეკებოდა.  „ხოსრო კლდე“ ჰქვია იმ ადგილს, სადაც მუცელი ასტკივებია. გამოქვაბულს შეაფარა თავი; მარტომ იმშობიარა; მერე ნათესავი მწყემსიც გამოჩენილა. ასეთი ბიბლიური დაბადება იშვიათია - ასე დაიბადა გოდერძი ჩოხელი.

თავიდან ფეხამდე წრფელი ადამიანი იყო, ბავშვის გულითა და ისეთი კრიალა თვალებით, როგორც ახალდაბადებულ ბავშვს აქვს, მასში არაფერი არაბუნებრივი და მოჩვენებითი არ იყო“, - ამბობს ამირან არაბული ერთ-ერთ ინტერვიუში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ასაკი შენთვის მართლაც მხოლოდ ციფრებია“ - ნინო ნადირაძე საბერძნეთში მოგზაურობს

⭕ისრაელში ტერორისტულ თავდასხმას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

🎥 „ნუ მეძახი“ – გია ყანჩელის გენიალური კომპოზიცია დავით ლონდარიძისა და ნათია დევდარიანის შესრულებით