მსახიობი ნანა დათუნაშვილი სტუმრად გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ იმყოფებოდა სადაც მეუღლის, სოსო გოგიჩაიშვილის სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ იოსებ გოგიჩაიშვილი ცოტა ხნის წინ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა:
„ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, თეატრშიც, უნივერსიტეტშიც, სკოლაშიც. მომწონდა ერთი ბიჭი, მაგრამ დიდი კბილები ჰქონდა და ტუჩები არ ეკუმებოდა. გარდაიცვალა ეს ადამიანი. მაგრამ სულ რცხვენოდა თავისი კბილების. ყველა ვიღაცასთან დაჯდა და ამ ბიჭთან არავინ სკოლაში. მივედი და დავუჯექი. საათი მაჩუქა. შემიყვარდა ეს ბიჭი. ისე შემიყვარდა ნამდვილი სიყვარული მეგონა. ერთი წლის შემდეგ სხვა სკოლაში გადავედი და იქაც ყველამ იცოდა, რომ ეს ბიჭი მიყვარდა. იმას არ ვუყვარდი, ერთი გოგო იყო პატარა ლამაზი ჩვენთან მწვანეთვალება.
მე სოსო შემიყვარდა ნამდვილი სიყვარული რასაც ჰქვია ეს იყო. არ ვაცილებინებდი ხოლმე თავს, მაგრამ უკან მომყვებოდა და ერთი გაჩერების იქით ჩამოდიოდა ხოლმე. ეს მიდიოდა ისევ უკან. ერთხელაც გამომყვა და ჩამეხუტა. მიყვარხარო მითხრა და გაიქცა. იმის მერე 65 წელიწადია ერთად ვართ. არ გვიღალატია კი არა გვერდზეც არ გაგვიხედია. ამის ცოცხალი მოწმეები არიან ჩვენი შვილები და შვილიშვილები. შვილიშვილები რომ მეკითხებოდნენ ვინ გიყვარსო ყველაზე ძალიან, მოლოდინი ჰქონდათ რომ რომელიმე მათგანს დავასახელებდი. და ვუპასუხებდი, რომ ბაბუ მიყვარდა. ეს იცოდა შვილებმაც და შვილიშვილებმაც. იმ წუთში ვუპასუხე სიყვარულით როგორც მომეხვია. მაშინ ასე არ იყო, უბრალოდ თითს არავინ დაგადებდა.
მამაჩემი ძალიან მკაცრი იყო და სულ ფიქრობდა, რომ არ შერცხვენილიყო. ის კი არა რომ ჩემი შვილი იყოს კარგადო. დედაჩემს რომ ვუყვებოდი ხოლმე, დამარტყამდა გაჩერდი შენ საზიზღაროო. მე მაინც ვუყვებოდი ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი სიყვარულით. ერთხელ სურათი გადავიღეთ ძალიან არტისტული ფოტო იყო. პიანინოზე მედო სულ და ერთხელ მამაჩემმა იკითხა ვინ არისო, ჩემმა დამ უთხრა ფრანგი მსახიობიაო - იმდენად გვეშინოდა, რომ არ გაეგო.
გავტკეპნეთ რუსთაველიდან საბურთალომდე, მალევე არ შევუღლებულვართ. მაშინ არ გვქონდა არც ერთს საშუალება იმის, რომ სერიოზული ნაბიჯი გადაგვედგა. მაშინ სოსოს 50 მანეთი ჰქონდა ხელფასი. ერთი დღე თენგიზ დაუშვილი იყო სოსოს მეგობარი, სადღაც შეგვიყვანა და ხელი მოგვაწერინა. 10 მანეთი გადაიხადა“, - გაიხსენა ნანა დათუნაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ: