სამართალდაცველებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით „მთავარი არხის“ დილის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად ახალგაზრდა ქალმა თავად მიმართა.
აღნიშნულ ფაქტზე ბრალდებული ადვოკატმა პირველი კომენტარი უკვე გააკეთა და აღნიშნა, რომ ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს.
„დილას ჩვენს შორის საუბარი შედგაო.. ღამე გავათენე, ძალიან დაღლილი ვიყავი, ჩამეძინაო და რომ გავიღვიძე სახლში აღარ იყოო“, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე ლაშა ნაკაიძეს ბრალდება წარუდგინა და საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ბრალდებული ლ.ნ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.
დაზარალებულის მომართვის საფუძველზე, სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე:
„მთავარი არხი“ ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს