
მომღერალ თაკო ვადაჭკორიასთვის საკუთარი დაბადების დღე გამორჩეულად საყვარელი თარიღია, რომელსაც შესაბამისი მოგონებები უკავშირდება. ასაკის მატება კი დიდი ცოდნისა და გამოცდილების წყაროა, რასაც მადლიერებით ხვდება.
თაკო ვადაჭკორია: ახლახან 37 წლის გავხდი და ეს დღე მშვიდად აღვნიშნე. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, იმიტომ რომ, ძალიან დიდი სამეგობრო მყავს და არ მიყვარს ადამიანების გამოტოვება, თუ დაბადების დღეს ვიხდი. იმდენად გრანდიოზული და დიდი გამოდის, რომ ერთ ნათლობასა და ქორწილს უდრის (იცინის). წელს სხვა გეგმები მაქვს და შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ მშვიდად და წყნარად გამეტარებინა ოჯახის წევრებთან ერთად. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი.
– წლების მატებასთან ერთად, გარეგნობაზე ზრუნვას თუ მოუმატე?
– ჯერ ერთი, პროფესია მაქვს ისეთი, რომ მინდა თუ არ მინდა, სულ ფორმაში უნდა ვიყო. როგორც აღვნიშნე, ძალიან პერფექციონისტი ვარ, მაქსიმალისტი და მომთხოვნი, შესაბამისად, მე ვუწესებ ჩემს თავს სტანდარტებს, როგორი უნდა ვიდგე სცენაზე. ეს ერთი, მეორე – არასდროს ვუვლი თავს, არ ვიკლებ წონაში და არ ვვარჯიშობ იმიტომ, რომ ვიღაცას მოვეწონო. ამას ვაკეთებ მხოლოდ საკუთარი კომფორტისთვის, იმიტომ რომ მე მაწუხებს. 4 და 5 კილოც მაწუხებს და ზოგადად, მოუვლელობა. ასე, უბრალოდ, არ შემიძლია. შესაბამისად, თავი რომ უფრო თავდაჯერებულად, ბედნიერად და ხალისიანად ვიგრძნო. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო გენეტიკას – ჩემი გენეტიკის ქალები საკმაოდ გვიან ბერდებიან და ნაოჭებიც დიდხანს არ უჩნდებათ. ამ მხრივ, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯერჯერობით ინიექციური ჩარევა არ დამჭირვებია და იმედი მაქვს, ცოტა ხანი კიდევ არ დამჭირდება. ჩემი თავის მაქსიმალური მოვლა ხარისხიანი კრემებით დატენიანებაა, ოღონდ არ არის აუცილებელი არაამქვეყნიური ფასების იყოს, უბრალოდ, შემადგენლობა უნდა მოირგო. ეს კი ინდივიდუალურია. ჩემი სახის მოვლის პროცედურები დილისა და საღამოს რუტინისგან შედგება. სახლის პირობებში ცივი წყლითა და ყინულით ვცდილობ, მის გამკვრივებას. ასევე, არ მავიწყდება ვარჯიში. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც წლებთან ერთად აღმოვაჩინე, ეს არის სწორი კვების რაციონი. ამიტომაც, სამსახურში კონტეინერებით დამაქვს საჭმელი. ეს ცოტა სასაცილო ამბავია, იმიტომ რომ ძირითადად, კვების ობიექტებში, ანუ, რესტორნებში დავდივარ საკუთარი საკვებით (იცინის). იმდენად მაწუხებდა კუჭ-ნაწლავი და ისეთი ცუდი შეგრძნებები მქონდა, რომ რაღაც ზომა უნდა მიმეღო. იმასაც აღვნიშნავ, რომ ვარჯიშისა და სწორი კვების დაწყების წინ აუცილებლად უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს. მე მხოლოდ ამის შემდეგ მომცა შედეგი ვარჯიშმა და სწორმა კვებამ.
ამ ყველაფერთან ერთად, ჩემთვის თმა და მისი მოვლაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თმის ფერი კარგად არ მაქვს, ეს ჩემთვის ტრაგედიაა. საბედნიეროდ, ჩემი სტილისტი არაჩვეულებრივი გოგოა და შესაბამისად, ამ მხრივ, მშვიდად ვარ (იცინის).
– როგორია დღევანდელი თაკო?
– დღევანდელი თაკო იმდენად განსხვავდება ბავშვობისა და სტუდენტობის თაკოსგან, ვიტყოდი, რომ ორი სხვადასხვა ადამიანია. ახლა მგონია, რომ მთებს გადავდგამ. რაც არ უნდა დავისახო მიზნად, ყველაფერს გავაკეთებ. იმდროინდელ თაკოსთან რომ შემახვედრა, ვეტყოდი: ვაუ, ყოჩაღ! ჩემში ძალიან დიდი გარდასახვა მოხდა. რომ წარმოიდგინოთ, პრინცესული გოგო ჟანა დარკად იქცა. ამ ასაკში კიდევ უფრო დიდ ცვლილებას ვგეგმავ, რაზედაც ჯერ არ ვისაუბრებ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამომივა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ტრაგიკულად დაღუპული მეგი ჯაიანი 22 წლის გახდებოდა - ემოციური კადრები სოცქსელიდან
წყარო: tbiliselebi.ge