„ძალიან კმაყოფილი ვარ, რაც მქონდა ჩაფიქრებული, ყველაფერი გავაკეთე. სულ არ ვდარდობ და მწყინს, მიჩვეული ვარ, რადგან პირველი სპექტაკლიდან მაგინებენ და როცა არ მაგინებენ, მწყინს, ესე იგი რაღაცა არ გამომივიდა“, - ამ განცხადებით ეხმაურება სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნის“ კრიტიკას რეჟისორი რობერტ სტურუა.
როგორც გადაცემაში „იმედის დღე“ რეჟისორმა აღნიშნა, ქართველებს საბჭოთა კავშირის ადამიანის თვისებები შერჩათ, რამაც სკანდალები გამოიწვია, ისე, რომ სპექტაკლი არ უნახავთ და აგინებენ.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, რაც მქონდა ჩაფიქრებული, ყველაფერი გავაკეთე. არ ვუღალატე შოთა რუსთაველის არცერთ ტექსტს. როგორც აქვს დაწერილი, ისე აღვნიშნე ყველაფერი. ეტყობა საბჭოთა კავშირის ადამიანის თვისებები ქართველებს შერჩათ, რამაც სკანდალები გამოიწვია, რადგან სპექტაკლი არ უნახავთ და აგინებენ. პასტერნაკი თუ გახსოვთ, ნობელის პრემია მიანიჭეს და დედა უტირეს. არც ჰქონდათ წაკითხული „დოქტორ ჟივაგო“ და მაინც აგინებდნენ. გარიცხეს მწერალთა კავშირიდან. ასე მომექცნენ მეც ქართველები. სამი სპექტაკლი ნახა მაქსიმუმ 2400-მა და ყველა წერს, რომ ვნახეო. მეცინება ამაზე. თუ საერთოდ არ მოგწონვართ, თქვით პირდაპირ, ნუ დაიჩემებთ, რომ ნანახი გაქვთ და აზრები გამოგაქვთ [სპექტაკლიდან]“, - აღნიშნა სტურუამ.
წამყვანის კითხვაზე, თუ რას უპასუხებს კრიტიკას, რომ რუსთაველის თეატრისთვის შეუფერებელია თინათინის ჩაცმულობა და „სტურუამ მაყურებელს სცენიდან პორნოგრაფია შესთავაზა“, სტურუამ განმარტა:
„ვინც ამას ამბობს, რუსთაველს არ კითხულობს. რუსთაველს უწერია, რომ თინათინი ავთანდილს ხვდება შიშველ ტანზე შემოცმული ტყავის უსარჩულო ქურქით. ვერ გავაშიშვლე, მაშინ ხომ ჩამქოლავდნენ ქართველები, თან წესიერი ქართველები წერენ ამას ვიცი. ფეხები გამოვუჩინე [თინათინს] მხოლოდ. სირცხვილი ქართველებს, ვინც არ ენდობა რუსთაველის ფრაზებს. სულ არ ვდარდობ და მწყინს, მიჩვეული ვარ, რადგან პირველი სპექტაკლიდან მაგინებენ და როცა არ მაგინებენ, მწყინს, ესე იგი რაღაცა არ გამომივიდა“, - აღნიშნა სტურუამ.
ცნობისთვის რობერტ სტურუას სპექტაკლი, რომელიც შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დაიდგა, საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ პერსონაჟები ვულგარულები იყვნენ და მათ საერთო არაფერი აქვთ პოემის გმირებთან. ნაწილი კი აღფრთოვანებით შეხვდა სპექტაკლის სიუჟეტს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მუდამ იბრწყინე“ - შორენა ბეგაშვილი თბილისშია, ნახეთ მოდელის ახალი კადრები