Digest Logo

„ძლიერი კაცი იპოვის გზას, რომ ქალი რაღაც-რაღაცებში დაიმორჩილოს“ - რას ამბობს თათა გიორგობიანი

1710252470
თათა გიორგობიანი

იღბალი და შრომისმოყვარეობა - რომელი განსაზღვრავს ადამიანის წარმატებას, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი კარიერის თუ ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და როგორ უნდა გააძლიერო საკუთარი თავი – ამაზე მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი „თბილისელებს“ ესაუბრა.

თათა გიორგობიანი: თავი საკმაოდ იღბლიან ადამიანად მიმაჩნია. ჩემი ცხოვრების ბევრ ეტაპზე სწორედ იქ აღმოვჩნდი, სადაც ჩემთვის მნიშვნელოვანი შანსები გამოჩნდა. საერთოდ, ვფიქრობ, ადამიანი შინაგანად რა განწყობაზეც არის, ისეთივე მდგომარეობებსა და სიტუაციებს იზიდავს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენი შრომა ნაყოფს გამოიღებს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბევრს შრომობენ, მაგრამ მათი ენერგია ნაყოფიერად არ იხარჯება, არ აქვთ თვალსაჩინო შედეგები. ასეთი ადამიანები სულ წუწუნებენ, მუდმივად ნეგატივს ასხივებენ და საკუთარი წარმატების თვითონაც არ სჯერათ. შესაბამისად, მათი ცხოვრებაც ასე ეწყობა, აღარც უმართლებთ.

– ამ ურთიერთობას შინაგანი თვალსაზრისით თუ მოჰყვა ცვლილებები?

– პირველ რიგში, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით ისეთი ადამიანია, რომელიც აბსოლუტურად იაზრებს, თუ რას ნიშნავს, ქალს ჰქონდეს საკუთარი კარიერა და იყოს ძალიან დაკავებული. მას ნათქვამიც აქვს, შენ რომ ჩემ გამო ყველაფერი დათმო და ის პიროვნება აღარ იყო, ვინც ხარ, ასეთი არც მომეწონებიო. აბსოლუტურად იაზრებს, რომ რაღაცები მოაკლდება მასაც და მეც, ყველაფერი ერთად ვერ მოხერხდება, მაგრამ ამას გაგებით უდგება, ისე, როგორც ნორმალური ადამიანები უნდა იქცეოდნენ. მგონია, ამაში გასაოცარი არაფერია. ჩემი არჩევანი იყო ასეთი – მინდოდა, მესწავლა, მემუშავა და ოჯახი მქონოდა, ისიც შესაბამისად აფასებს და აღიქვამს ჩემს დამოკიდებულებებს, ყველანაირად გვერდით მიდგას. შეიცვალა ის, რომ შინაგანად ძალიან თავდაჯერებული ვარ. ისევ ფსიქოლოგიას უნდა დავესესხო, არსებობს დასკვნა, რომ თუ ადამიანს სურს, იყოს შემდგარი, რეალიზებული კარიერაში, მშვიდი და სტაბილური, მას სჭირდება კარგი ბაზა პირად ურთიერთობებში, საიდანაც ენერგიას მიიღებს. როდესაც ადამიანს პირად ცხოვრებაში დიდი სტრესი და ნერვიულობა ხვდება, იქ იხარჯება ის რესურსი, რომელიც სწავლისა თუ მუშაობისთვის არის საჭირო. ამიტომ ეს ურთიერთობა ჩემთვის არის უდედესი ხელშეწყობა, რომ მე ბევრად უფრო თავდაჯერებულად ვაკეთო ჩემი საქმე. დალაგებული პირადი ცხოვრება ნამდვილად ეხმარება ადამიანს კარიერაში ფრთების გაშლაში.

– ინტერესების თვალსაზრისით ბევრი საერთო გაქვთ?

– რადგან კონსტანტინე სათვალეს ატარებს, ვხუმრობ ხოლმე, ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანს სათვალე მართლა ნაკითხობისა და განათლების გამო უკეთია-მეთქი (იცინის). ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი საერთო და სასაუბრო გვაქვს, დაწყებული ფეხბურთიდან დამთავრებული ფანტასტიკის სფეროთი. ვმსჯელობთ, ცოტას ვკამათობთ კიდეც და ეს ძალიან გვსიამოვნებს. ინტელექტუალური კამათი ორივეს გვხიბლავს.

– ლამაზი და წარმატებული ქალების რომ ეშინიათ კაცებს, ეს მითი, ალბათ, დაამსხვრია.

– მაპატიონ, მაგრამ მგონია, რომ ძლიერ კაცებს არ ეშინიათ (იცინის). ალბათ, სუსტს შეეშინდება, მაგრამ ძლიერი კაცი იპოვის გზას, რომ ქალი რაღაც-რაღაცებში დაიმორჩილოს. ყველაფერში შეიძლება, არა, მაგრამ ზოგადად, ქალს კაცში იზიდავს დომინანტობა. ეს არ ნიშნავს, რომ თანასწორუფლებიანები არ უნდა იყვნენ ან ჩაგვრას უნდა ჰქონდეს ადგილი, უბრალოდ, მამაკაცი ფიზიკურად უფრო აქტიური როლის მატარებელია, ვიზუალურადაც უფრო დიდია და დამცველობითი ფუნქცია აქვს – ამას გვერდს ვერ ავუვლით. ამიტომ, მგონია, რომ ჰეტეროსექსუალი ადამიანებისთვის ასეა – ქალებს მამაკაცში მოსწონთ დომინანტობა. თუმცა, მთავარი სიყვარული, პასუხისმგებლობა და მეგობრობაა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„თვალწინ მომიკვდი დედი, ოღონდ აქ მყავდე დე, შენს გაყინულ ხელებს გაგითბობდი, დედი“ - გარდაცვლილი ემიგრანტის შვილის ემოციური პოსტი

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი გაზაფხულზე ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან და საინტერესო თავგადასავალს შექმნიან

წყარო: tbiliselebi.ge