ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა.
ვარდისფერი ოქტომბრის მთავარი გზავნილი წლების განმავლობაში უცვლელია: დაავადების ადრეული აღმოჩენა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს!
ჟურნალისტი ნინო ხაჟომია, რომელმაც ძუძუს კიბო დაამარცხა, ერთ-ერთია ვინც ყოველთვის ღიად, საჯაროდ და გულწრფელად აზიარებს თავის გამოცდილებას როგორც ონკოპაციენტი. იგი „გვანცას პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ონკოლოგიის შიშზე, რთულ გადაწყვეტილებაზე და ოჯახის მხარდაჭერაზე ისაუბრა:
„ყველაფერი მოკვეთილი მაქვს, კუნთიც, ძუძუს თავებიც, რადგან არ უნდა დარჩეს ადგილი, სადაც კიბო შეიძლება ახლად გაჩნდეს. ეს ოპერაცია ძუძუს კიბოს რეციდივის რისკს ამცირებს 20-25%, ეს იცით რამხელა პროცენტია? ჩემთვის მარტივი იყო, დავიძინე ძუძუებით და გავიღვიძე პლასტმასას ძუძუებით, მერე რა ხომ? მაგრამ მერე ვიფიქრე ძალიან დიდი ხანი, მე რომ იმ წუთს არ გამეკეთებინა ეს ოპერაცია, ალბათ ვიფიქრებდი, საერთოდ გავიკეთებდი თუ არა რეკონსტრუქციას იმიტომ, რომ არ ვთვლი, რომ ძუძუ რამეს ცვლის. ძუძუ არ ნიშნავს სექსუალურობას, რაც უფრო დიდი გაქვს ან პატარა გაქვს ან საერთოდ გაქვს თუ არა, მაგით არ განისაზღვრება ქალის არც სექსუალურობა, არც ქალურობა, არაფერი დედამიწაზე, ეს არის ისევ სტერეოტიპულად, კაცების მიერ შექმნილი ფანტომი, რომ ერთმა გენიოსმა, რომ მომწერა TikTok-ზე, ქალი ძუძუს გარეშე იგივეა, რაც მაცივარი ლუდის გარეშეო. მან კი მიიღო პასუხი, მე შემიძლია, ზრდასრული 50 წლის ქალი ვარ და შემიძლია, ასეთ რეგვენს - რეგვენული პასუხი გავცე, მაგრამ არის ქალები, რომლებსაც ეს ცალკე ფსიქოლოგიურ ტრავმას მიაყენებს.
შენ თუ შენს სხეულს იღებ ისეთს, როგორიც ხარ და გიყვარს ისეთი, როგორიც გაქვს შენი სხეული, არ დაუწყებ მას ექსპერიმენტებს, მიიღებ ძუძუს გარეშეც, 2 კილოგრამით მეტი საჯდომით. მე ჩემი თავი ძუძუს კიბოს მერე ისე მომწონს, ცხოვრებაში რომ არ მომწონებია. რატო იცი? მოსმენა ვისწავლე და მივიღე ისეთი. ჰოდა ამ სხეულში არსებულმა რაღაცამ, რასაც მე სარკეში ვუყურებ და არ მომწონდა, გადამატანინა ის ჯოჯოხეთი, რაც გადამატანინა. როგორ არ ვცე ახლა პატივი ამას? რატომ უნდა ჩავუტარო ექსპერიმენტები? ასაკი ყველას მოგვემატება და ნაოჭებიც გვექნება და მივიღოთ ჩვენი თავები როგორებიც ვართ ისეთები“,- ამბობს ნინო ხაჟომია.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მე რომ ეს ჩვევა არ მქონოდა, შეიძლება აღარაფერი მშველებოდა...“ - ნინო ხაჟომია ონკოლოგიის შიშზე
⭕„რა თაობას ვზრდით? აღზრდა ძალადობა არ არის, დისციპლინა დამცირება არ არის!“ - რას წერს მედეა ადამია