ნუცა თოფურია 24 წლის უნიჭიერესი და ულამაზესი მომღერალია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა პროექტ „მხოლოდ ქართულიდან“ გაიცნო, თუმცა მისი, როგორც მომღერლის, კარიერა გაცილებით ადრე, 9 წლის ასაკში დაიწყო და უკვე არაერთ სცენაზე გაგრძელდა, მათ შორის თეატრის და მეგა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ შოუში.
ბავშვობა, ოჯახი, მეგა პროექტებში მონაწილეობის ემოციები და გამოცდილება, სამომავლო გეგმები და პირადი ურთიერთობები, ამ და სხვა საინტერესო თემაზე ნუცა „დაიჯესტთან“ გულახდილად საუბრობს.
- ვინ არის ნუცა თოფურია?
მე ვარ მომღერალი ნუცა თოფურია, 24 წლის თბილისიდან, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს მეგრული გვარი. ჩემი მთავარი პროფესია მომღერლობაა, თუმც ახლა ხალხი ცოტა დაბნეულია, ზოგი მეძახის მოცეკვავეს, ზოგი მეძახის მსახიობს, ზოგიც კი მომღერალს.
- როგორი ბავშვობა გქონდათ და როდის აღმოაჩინეთ სიმღერის ნიჭი?
მქონდა საოცარი და ბედნიერი ბავშვობა, უკვე 9 წლის ასაკში მქონდა ტელევიზიასთან, საოცარ ხალხთან და მუსიკოსებთან შეხება. ჩემი მუსიკალური კარიერა დაიწყო „ანაბანა“-დან, იმის მერე კი შემიძლია ვთქვა, რომ სულ ვმღერი. ერთადერთი, როცა პაუზა მქონდა მუსიკაში ეს იყო სწავლის პერიოდი.
ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, კონცერტებს ჩემს ქუჩაზე ვატარებდი. არ მახსენდება, როცა რამეზე მეთქვა მინდაო და არ შეესრულებინათ ჩემ მშობლებს, არ ჰქონდა მნიშვნელობა როგორ მოახერდებდბენ ამას, მთავარი იყო მათთვის, მე რაც მინდოდა ის მქონოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ოჯახში მუსიკით არავინ იყო გატაცებული, ერთადერთი, ვინც სამოყვარულო დონეზე მღერის მამაჩემის დედა იზა ბებიაა, რომელთან ერთად ვმღერით ხოლმე.
- ვინ იყო ბავშვობის კუმირი, მისაბაძი მომღერალი?
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა თიკა ჯამბურია, ვუსმენდი ხოლმე მის რეპერტუარს. ასევე მიყვარდა კრისტინა აგილერა, ბიონსე და ჯესი ჯეი.
- რა როლი აქვს დედას თქვენ ცხოვრებაში?
დედაჩემი, პატარაობიდან დიდ ასაკამდე, ჩემი ცხოვრების ყველა ასპექტში ჩართულია, ყველგან დამყვებოდა. ვფიქრობ, ადამიანი მოწოდებით იბადება დედად, და დედაჩემი სწორედ ასეთია. მე-11 კლასამდე სკოლაში ჩემი ჩანთა დაჰქონდა. ყველაფერში ჩართულია, იმდენად დამოკიდებული ვარ დედაზე ზოგჯერ ვსაყვედურობ კიდეც, რომ შენი ბრალია ასეთი დამოკიდებული რომ ვარ-მეთქი. ზოგჯერ, როცა სადღაც მივდივარ და დედაჩემი არ არის სახლში, ვურეკავ და ვეკითხები: რა ჩავიცვა? ვიცი, რომ ყველაზე კარგ რჩევას მომცემს. დედაჩემი არის დედობის მაგალითი და ეტალონი, თუ როგორი იყოს დედა, მე ყველანაირად ვეცდები ჩემი შვილებისთვის ვიყო ისეთი, როგორი დედაც არის ხათუნა. დედაჩემმა საკუთარი ცხოვრება გადადო და მისი ცხოვრება მე და ჩემს ძმას მოგვიძღვნა.
- წარმატების მიღწევა ზოგადად რთულია, მაგრამ თქვენ პატარა ასაკში უკვე ხართ წარმატებული, შემდგარი ადამიანი. როგორი იყო ეს გზა და გაიხსენეთ მეგა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის პერიოდი?!
- როცა ცხოვრებაში სიახლე მჭირდებოდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა ეს გამოწვევა ჩემთვის. აქ იყო უამრავი სტრესი, ფიზიკური შრომა, თუმცა ერთი წამითაც არ მინანია პროექტში მონაწილეობის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება დაპაუზდა იმ პერიოდში. პროექტში მონაწილეობას დაემთხვა საახალწლო კონცერტები, სადაც ყველაფერს გამოვაკლდი, მათ შორის იყო თეატრიც და ჩემი თავი მივუძღვენი „ცეკვავენ ვარსკვლავებს.“
პროექტის დროს ვცდილობდი ზედმეტად არ დამესტრესა თავი, ყველაფერს ვუყურებდი მარტივად, რაშიც დამეხმარება ჩემი პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. საბოლოო ჯამში, როცა პროექტში შედიხარ, ისიც კარგად უნდა გქონდეს გააზრებული, რომ მას მოსდევს უსამართლობა. მე არ ვამბობ, რომ თედოს გამარჯვება უსამართლობა იყო.
მთავარია ის დიდი სიამოვნება, რომელიც მე არ პროექტიდან მივიღე და ის კომპლიმენტები „ნუცა შენ რა მაგრად ცეკვავ.“ ასევე ძალიან დიდი მადლობელი ვარ და ეს იცის კიდეც ჩემმა მეწყვილემ იაკობ ყუფუნიამ, ის რომ არ ყოფილიყო მე ამდენ რამეს ვერ გავაკეთებდი.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროექტმა მომცა ეს იყო, რომ ჩემში აღმოვაჩინე შინაგანი ძალა და გამძლეობა, რომელიც მეგონა, რომ არც მქონდა.
ჩემი მშობლები ყოველთვის მზრდიდნენ პრინცესასავით, პროექტში მონაწილეობის დრო კი ამდენ ფიზიკურ ტკივილს რომ გავუძელი, მივხვდი რომ ძლიერი ვყოფილვარ, ეს ყველაფერი კი სწორედ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დამსახურებაა.
- ცხოვრების ამ ეტაპზე რით ხართ დაკავებული და რა არის ახალი შემოქმედებით ცხოვრებაში?
მაქვს დაგეგმილი კონცერტები, როგორც ცალკე ასევე გიორგი ცხადაძესთან ერთად. ასევე თეატრში ვდგამთ ახალ „ხანუმას“, პრემიერა იქნება 13 აპრილს, რომლისთვისაც 2 თვეა ვემზადებით. ვთამაშობთ ქეთოს და კოტეს, სადაც მთავარი როლი მე და გიორგი ცხადაძეს გვაქვს.
- თქვენ ცხოვრებაში ბევრი თაყვანისმცემელი იქნება, მიგიღიათ თუ არა უცნაური საჩუქრები?
ყურადღება ყოველთვის სასიამოვნოა, ჩემ შემთხვევაში არასოდეს ყოფილა ისეთი თაყვანისმცემელი, რომლებიც ზღვარს გამოვიდოდნენ და შემაწუხებდნენ.
რაც შეეხება საჩუქრებს, არასოდეს მიმიღია უცნაური საჩუქრები, ყოველთვის კარგ და სასიამოვნო საჩუქრებს მჩუქნიდნენ.
- საინტერესოა, ნუცა თოფურიას გული არის თუ არა დაკავებული?
რაც შეეხება ჩემ პირადს, სულ ვამბობ ხოლმე, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდებში ჩემი გული, რომ დაკავებული ყოფილიყო, მე ასეთი არ ვიქნებოდი. ნუცა თოფურიას სჩვევია დაშტერება და მიხარია, რომ ამ პერიოდში არავინ განსაკუთრებული არ არის, ვისზეც შემიძლია რომ ვისაუბრო. ჩემ ცხოვრებაში, როცა იქნება მნიშვნელოვანი ადამიანი, ვისზეც ვისაუბრებ სულ ვფიქრობ, რომ უნდა იყოს განსაკუთრებული, რადგან ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი და ემოციური თემაა.
როცა ეს ადამიანი ჩემ ცხოვრებაში იქნება, მე აუცილებლად ვისაუბრებ მასზე.
- რა არის თქვენი უცნობი მხარე, რაც ნაკლებად იცის საზოგადოებამ?
მე ვარ ძალიან კარგი მძღოლი, მიყვარს სიჩქარე და მანქანები, სწორედ ახლა გამოვცვალე მანქანა, რომელიც ძალიან სწრაფია. შეიძლება ითქვას, რომ ვარ აზარტული მძღოლი და ძალიან დავინტერესდი მანქანების თემით. მე მიყვარს სიჩქარე, ვცდილობ, რომ საგზაო მოძრაობის ყველა წესი დავიცვა, მაგრამ სიჩქარის გადაჭარბების ჯარიმებს ვერ ავუდივარ, სხვა მხრივ ყველაფერი ნორმაშია.
- უკავშირდება თუ არა თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოს - სცენას და რომ არა საქართველო, სად იცხოვრებდით?
მე ვარ მთელი გულით პატრიოტი ადამიანი იმდენად მიყვარს საქართველო, სადმე რომ მივდივარ სამოგზაუროდ ძალიან ბედნიერი ვარ, როცა სამშობლოში ვბრუნდები. არასოდეს მქონია სხვა ქვეყანაში წასვლის სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი იქაური პოტენციალი და მაქვს ამერიკაში წასვლის შანსებიც, იმდენად მიყვარს საქართველო და თბილისი რომ ამაზე არ მიფიქრია. ჩემთვის ამ ეტაპზე და ამ გადმოსახედიდან საქართველოდან წასვლაზე ფიქრიც კი არ არის, მაგრამ არასოდეს თქვა არასოდესო და არ ვიცი რა იქნება მომავალში.
- თქვენი ვიდეოებიდან ყოველთვის მოდის დადებითი ენერგეტიკა, როგორ ახერხებთ ამას, რა არის საიდუმლო ამის?
ვფიქრობ ადამიანი, როგორიც არის ისეთი უნდა იყოს, ბევრ ადამიანს ვიცნობ რომლებიც რეალურ ცხოვრებაში სულ სხვანაირები არიან ეკრანზე და ინტერვიუში კი, რადიკალურად სხვა ადამიანები ხდებიან სულ მიკვირს ხოლმე მსგავსი საქციელები.
მე პირადად, ვცდილობ ყოველთვის ვიყო ისეთი, როგორიც ვარ.
View this post on Instagram
- საქართველოში ცნობადობას უფრო მეტი დადებითი აქვს თუ უფრო მეტი უარყოფითი?
ვიქნები უსამართლო თუ ვიტყვი, რომ საქართველოში პოპულარობას უფრო მეტი უარყოფითი აქვს-თქო, ჩემ შემთხვევაში ასე არ არის, მაგრამ ზოგადად ჩვენ გარშემო, დიდი რაოდენობით არის ნეგატივი. არადა ვგიჟდები ქართველ ხალხზე და საქართველოზე, იმდენად შეგვიძლია ხოლმე უცბად გაერთიანება თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება, მაგრამ სოციალურ ქსელში დიდი უარყოფითი ამბები და კომენტარები ტრიალებს მე ვცდილობ, რომ არც ვუპასუხო ნეგატიურ კომენტარებს.
- რა არის ის, რაც არ მოგწონთ ქართულ ტრადიციაში?
ყველაზე მეტად რაც მომწონს ეს არის, რომ ყველა საქართველოს კუთხეს აქვს თავისი დამახასიათებელი სამოსი, საჭმელი და სიმღერა.
- ქართული ტრადიცია, რომელიც არ გიყვართ?
- ეს არის ქელეხი, ტრადიცია, რომელიც მეზიზღება და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ავკრძალოთ.
- რის და ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება?
თამამად და დაუფიქრებლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩემი ოჯახი, მათ გარეშე ჩემ ცხოვრებაში არც არაფერი წარმომიდგენია. ისინი ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პროდიუსერები არიან.
- რას ურჩევდით დამწყებ მსახიობებს და მომღერლებს?
არ შეგეშინდეთ, იყავით თავდაჯერებულები და ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის და გაუშვით კოსმოსში ენერგია რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, და გამოვა აუცილებლად. უნდა იცოდეთ, რომ თუ მიღებული შემოთავაზებას დათანხმდებით თუ გამოგივათ ბევრ დადებით კომპლიმენტს მიიღებთ, მაგრამ თუ რამე არ გამოგივათ მიიღებთ უარყოფით კომპლიმენტსაც და ეს კარგად უნდა გქონდეთ გააზრებული და ყოველთვის ირწმუნეთ. საკუთარი თავის.
ავტორი: თათია ამაღლობელი
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: