Digest Logo

„17 წლის ასაკში მივიღე ნარკოტიკი, რომელსაც 6 წელი მოვიხმარდი...“ - მუსიკის სიყვარული, მოგზაურობის მიზანი, სტელასთან შეხვედრა და სამომავლო გეგმები - ალექსი კიკვიძისა და სტელა კოხის გულახდილი ინტერვიუ

1712069714
სტელა და აალექსი

ქართველი მუსიკოსი ალექსანდრე კიკვიძე, რომელიც ქართველმა მაყურებელმა ჯერ კიდევ წლების წინ, სხვადასხვა პროექტიდან გაიცნო და შეიყვარა, ახლა სოციალურ ქსელში თავის გერმანელ მეუღლესთან, სტელა კოხთან ერთად დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იგი „დაიჯესტს“ მისი და სტელას ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე უყვება. 

წყვილის თანაცხოვრება 2 წელზე მეტს ითვლის, ისინი, როგორც ცხოვრებაში, ასევე შემოქმედებით საქმიანობაშიც პარტნიორები არიან და ერთად უკრავენ ბარში, ქუჩაში, მეგობრების გარემოცვაში, რესტორნებსა თუ კორპორაციულ საღამოებზე. 

სტელა ქართულად მშვენივრად საუბრობს და ძალიან უყვარს მეუღლის სამშობლო - საქართველო.

როგორც ალექსიმ ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, 6 წელი ნარკოტიკს მოიხმარდა და დედამისი ისე გარდაიცვალა მძიმე სენით, ეს ამბავი ვერც გაიგო. სწორედ ეს ფაქტი აღმოჩნდა ალექსისთვის გარდამტეხი მომენტი, რამაც იგი კვლავ ფხიზელი ცხოვრების გზაზე დააყენა.

მაშ ასე, ექსკლუზიური ინტერვიუ სოციალური სივრცის ერთ-ერთ პოპულარულ ქართულ-გერმანულ წყვილთან:

ვინ არის ალექსი კიკვიძე და როგორ გახდით საქართველოში პოპულარული?

ალექსი: მე ვარ ალექს კიკვიძე 39 წლის საქართველოდან, რომელიც ცხოვრობს ბარსელონაში. პროფესიით ვარ მუსიკოსი, თავიდან მიწისქვეშა გადასასვლელში ვუკრავდი, შემდეგ კი ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთ რეალით შოუში დამარეგისტრირა, რომელიც „მაესტროს“ ეთერში გადიოდა. 

შემდეგ კი იყო X ფაქტორი, სადაც ჩემ მუსიკალურ გამოსვლას დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა, ხალხმა ჩემი სიმღერები აიტაცა.

საქართველოში ამ პოპულარობამ მომცა ის, რომ დიდი სცენაზე დგომა ვისწავლე, ასევე ვისწავლე ხალხთან ურთიერთობა და ბევრ ცნობილ სახესთან დღემდე მაქვს კომუნიკაცია. 

მოვლენა, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა?

ალექსი: სრულიად გულწრფელად ვამბობ თქვენთან პირველად, რომ სანამ მუსიკალურ ცხოვრებას დავიწყებდი, 17 წლის ასაკში მივიღე ნარკოტიკი, რომელსაც 6 წელი მოვიხმარდი, ისე რომ დედაჩემი აზრზეც არ იყო. ამაყობდა კიდეც იმით, რომ მისი შვილი მსგავს რამეს არ მოიხმარდა. 

ერთი დრო იყო, ე.წ ლომკა მქონდა, სახლში ვეძებდი გასაყიდად რამე ნივთს, რა დროსაც დედაჩემის საუბარი მოვისმინე შემთხვევით, რომელიც მის მეგობრებს ეუბნებოდა -  „მადლობა ღმერთს, რომ ჩემი შვილი წამალს არ იკეთებს“ - ეს სიტყვები კი ჩამრჩა გულში... როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა, ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და დავიწყე ფიქრი....  ჩემ მეორე „მე“-ს დავუწყე საუბარი, „დედაშენი გენდობოდა და ამაყობდა შენით“, ამის კი ძალიან შემრცხვა და გადავწყვიტე გადამეგდო ნარკოტიკიც, ამ ხერხით დედაჩემს ბოდიში მოვუხადე და ჩემი საქციელიც ვინანე. 

ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი ნეგატიურიდან გადავიდა კარგში, რადგან დედაჩემი რომ არ გარდაცვლილიყო მე წამლის მიღებას ისევ გავაგრძელებდი, დედაჩემმა გაწირა საკუთარი ცხოვრება, იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება შეენარჩუნებინა.  მე, ამ პერიოდის განმავლობაში არ ვყოფილვარ ბინძური სულის ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ნარკოტიკზე დამოკიდებულება, საკუთარი თავი მაინც არ გავწირე....ეს ისტორია მინდა მოტივაცია იყოს ბევრი ადამიანისთვის და გაითვალისწინონ, რომ თუ მოინდომეს ყველაფერს გადალახავენ.

რაც შეეხება კიდევ დანარჩენ მოვლენებს, რომლებმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა ეს იყო როდესაც პირველი მეუღლისგან შვილები მეყოლა.

ასევე იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როცა წამოვედი სამოგზაუროდ და შევხვდი მშვენიერ სტელას „ბეკეკას.“ 

რა იყო მოგზაურობის მთავარი მიზანი?

ალექსი: მიზანი ის იყო, რომ ფართო ასპარეზზე გავსულიყავი მუსიკალური კუთხით და ჩემი მუსიკალური ნიჭი გამომეტანა, ასევე მქონოდა უცხო კულტურასთან შეხება, მყოლოდა უცხოელი მეგობრები. ყოველთვის მქონდა საქართველოდან წამოსვლის სურვილი და ჩემ მუსიკასთან ერთად მემოგზაურა. 

როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია და სტელასთან შეხვედრა...

ალექსი: პირველად, როცა ადამიანი ჩადის უცხოეთში მას გარკვეული სირთულეები ახლავს, არ იცი ენა, კულტურა, ქუჩები და არ იცნობ ქალაქს, თუმცა ამ სირთულეებს ჩემს მუსიკასთან ერთად გავუძელი, აქ როცა ჩამოვედი ქუჩაში დავიწყე დაკვრა. შემდეგ ავიღე ლიცენზია და დავიწყე ბარსელონას ბარებში დაკვრა.  რამდენიმე წელი ვიცხოვრე ბარსელონაში, შემდეგ ჩემ ყოფილ მეუღლეს დავშორდი და წავედი კუნძულზე, დავიწყე დაკვრა, სწორედ აქ შევხვდით მე და სტელა ერთმანეთს, როცა ვუკრავდი, ისიც დაშორებული იყო მის ყოფილ ქმარს. 

2022 წლის 25 სექტემბერი იყო, როცა ვუკრავდი და ჩემს წინ დაჯდა და დავიწყე დაკვრა და ფლირტაობა...

რა იგრძენით როდესაც ალექსი დაინახეთ?

სტელა: უცნაურად გამოიყურებოდა დიდი წვერი ჰქონდა. ძალიან მომეწონა მისი მუსიკა, რომ ვუყურე, ვუსმინე, მივხვდი საინტერესო სტილი ჰქონდა. ვისაუბრეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი საერთო გვქონდა.

რა მოგწონთ საქართველოში ყველაზე მეტად?

სტელა: ყველაფერი, რაც ვიცი საქართველოზე, ვიცი ალექსი რასაც მიყვება და მასწავლის იქიდან. აქ ბევრი ქართული რესტორანია და მომწონს ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით კი იმერული კერძები, ფხალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი. ხინკალი კარგია, მაგრამ მე ხორცს არ ვჭამ.

რა არ მოგწონთ საქართველოში?

სტელა: ადამიანები განსჯიან სხვის ცხოვრებას და ეს არ მომწონს, როცა სხვის ცხოვრებას განსკჯიან და აკრიტიკებენ. ერთხელ, თბილისის ცნობილ უბანში ერთ-ერთ მარკეტთან ალექსს ვაკოცე რიყეზე და ხალხმა, როდესაც დაგვინახა ეს ძალიან გაუკვირდათ და თქვეს „რას აკეთებენ, აქ მაგის ადგილია? სახლი არ აქვთო?“

რა საქმიანობს სტელა კოხი?

სტელა: სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ენებს ვსწავლობ, პარალელურად ვქმნი, ვუკრავ და ვმღერი. ასევე ვარ ფილმების გამხმოვანებელი. ჩემი მშობლები ძალიან გახარებულები არიან, რომ ასეთი პოპულარული ვართ და ქუჩაში მცნობენ. ყველა გვცნობს მე და ალექსს და მათ ეს თან მოსწონთ და თან ძალიან უკვირთ. 

თქვენი მეუღლე თქვენი მუსიკალური პარტნიორიცაა რა მუსიკას ქმნით, სად უკრავთ და ვინ არის თქვენი მსმენელი?

ალექსი: კი ასეა, ერთად ვუკრავთ ერთად ვმღერით, საერთო კომპოზიცია გვაქვს. ვუკრავთ ბარებში, რესტორნებში, კორპორაციულ საღამოებზე. შემხვედრია ბევრი ქართველი, მაგალითად ერთ-ერთმა ქართველმა, რამდენიმე დღის წინ მომწერა, რომ გერმანიაში შუქნიშანზე დაგინახეთ შენ და სტელა და „ძალიან ბუნებრივები ხართო“.

როგორ ფიქრობთ, რით დაიმსახურეთ საზოგადოების სიყვარული?

ალექსი: ალბათ, იმით, რომ ვინც ვართ რეალურ ცხოვრებაში ისინი ვართ ეკრანზეც. ჩვენი მოტივაციაა უბრალო ცხოვრებით იყო ბედნიერი და დააფასო შენს გვერდით მყოფი ადამიანები - იყო მართალი საკუთარ თავთან. 

თქვენ როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე?

ალექსი: თავიდან, ძალიან დიდი დროს ვაქცევდი კრიტიკას და ყველას ვცემდი პასუხს. სტელამ ერთ დღეს მითხრა, რომ ყურადღებას არ მაქცევ სულ ტელეფონში ხარ და მერე განადგურებული ხარო... ახლა კი უკვე, არც ვპასუხობ ნეგატიურ კომენტარებს. 

თქვენი სამომავლო გეგმები და უკავშირდება თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

სტელა: მთავარი გეგმაა, ვიყოთ ჯანმრთელი, ბედნიერი, მადლობელი. შესახლოა, პატარა სახლი მქონდეს საქართველოს ერთ-ერთ სოფელში, ბევრი ცხოველებით. 

ალექსი: საბოლოოდ რა თქმა უნდა კი, გეგმა საქართველოში დაბრუნებას უკავშირდება. მაგრამ, როდესაც შვილი გვეყოლება, გვინდა რომ სკოლის ასაკამდე აქ ვიყოთ შვილთან ერთად. 

და ბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

ალექსი: იმოგზაურონ ძალიან ბევრი, ეს არის ძალიან დიდი განათლება და გამოცდილება. 

ავტორი: თათია ამაღლობელი

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაზე კარგად თავს ჩემ ქვეყანაში ვგრძნობ“ - ბავშვობის ოცნება, ცნობილი ოჯახის შვილობა, მთავარი ღირებულებები და წარმატებული კარიერა - ინტერვიუ ნინი ბადურაშვილთან

„ხატია არის ამორძალი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ისე დაალაგოს თავისი ცხოვრება, როგორც თავად უნდა... მინდა, რომ ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშ იყოს“ - ხატია სიჭინავა ოჯახზე, საქმიანობასა და ურთიერთობებზე

⭕29-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები