ჟურნალისტი და ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. ხატიას დიდი ოჯახი ჰყავს - მეუღლე და 4 შვილი. მის ცხოვრებაში ყოფილა რთული პერიოდები, რომელიც მისი თქმით, მარტივად გადაულახავს. როგორც იგი „დაიჯესტთან“ ამბობს საკმაოდ იღბლიანი ადამიანია და ყველაფერს რასაც მიზნად ისახავს, მარტივად აღწევს კიდეც.
ხატია ოჯახზე, საქმიანობასა და ურთიერთობებზე „დაიჯესტს“ ესაუბრა.
ვინ არის ხატია სიჭინავა? სად ხართ და რას საქმიანობთ ახლა?
ჩემ თავს დავახასიათებდი, როგორც ამორძალი, რადგან ბავშობიდან დღემდე მიზნისკენ ვიბრძვი და ყოველთვის ვაღწევ, რადგან დანებება ჩემი არ არის, სწორედ ამიტომ ვამსგავსებ ჩემ თავს ამორძალს. ხატია არის ამორძალი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ისე დაალაგოს თავისი ცხოვრება, როგორც თავად უნდა.
ტელევიზიაში მუშაობას იმდენი დრო და ენერგია სჭირდება, ამის საშუალება არ მაქვს, ჩემი ენერგია და დრო ოჯახს სჭირდება, ამიტომ ეს საკითხი არც განიხილება, რომ მე ტელევიზიაში დავბრუნდე. ძირითადად ვარ, ხოლმე სტუმრის ამპლუაში.
ამჟამად მაქვს ბავშვთა განვითარების ცენტრი, რომელსაც „ნეირო ბალანსირების ცენტრი“ ჰქვია. აქ ვეხმარები პატარებს გაიარონ ადაპტაცია. ბავშვთა ცენტრს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ჩემთვის, რადგან ჩემს უმცროს ვაჟს პირდაპირ უკავშირდება. ერთ დღეს, როდესაც შევამჩნიე, რომ ჩემი შვილი სახელზე არ რეაგირებდა, მივხვდი, რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა.
ამიტომ მშობლებს ვურჩევ, რომ დროულად მიაქციონ მსგავს პრობლემას ყურადღებას ფრაზა - „აცადე და ალაპარაკდება“ შეიძლება წინა წლებში მუშაობდა, მაგრამ ახლა აღარ. თუ რამე არ მოგწონთ თქვენ შვილში, დედის ინტუიციას ეს არ გამოეპარება, შეიძლება ეს სხვა ოჯახის წევრებისთვის იყო უმნიშვნელო დეტალი, მაგრამ თუ თქვენ გული გეუბნებათ, რომ ბავშვს დახმარება სჭირდება, სჯობს დროულად დაეხმაროთ.
როგორია 4 შვილის დედობა - როგორი დედა ხართ?
4 შვილის დედობა დიდი პასუხისმგებლობაა, რაც უფრო მეტი შვილი გყავს, მით უფრო მეტი გაქვს პასუხისმგებლობაც და უფრო მეტი ენერგია გჭირდება. მე მიმაჩნია, რომ ბავშვი მხოლოდ გაჩენა არ არის, მთელი შენი ენერგია და რესურსი ბავშვებში უნდა გადაანაწილო.
შვილების ცხოვრებაში მაქსიმალურად ვარ ჩართული. ძალიან ემოციური დედა ვარ და მინდა, რომ ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშ იყოს.
რამდენად გეხმარებათ მეუღლე შვილების აღზრდაში და სახლის საქმეებში?
რამაზი შესანიშნავი მამა და მაქსიმალურად მეხმარება ყველაფერში, შვილებთან აქვს მეგობრული დამოკიდებულება და ცდილობს ყველა თავისუფალი დრო მათთან ერთად გაატაროს.
რამდენად ეჭვიანი მეუღლე ხართ?
ჩემზე არაეჭვიანი ადამიანი თუ არსებობს არ მგონია, არც მე და არც რამაზს არასოდეს ჩაგვიხედავს ერთმანეთის ტელეფონებში.
როგორი ადამიანი ხარ კარიერის მიღმა - შეგიძლია, პირად ურთიერთობაშიც ჩადო დიდი შრომა?
პირად ურთიერთობაში აუცილებლად უნდა ჩადო დიდი შრომა, არა მარტო შეყვარებულების დროს, არამედ ცოლ-ქმრობის დროსაც, რათა არ მოხდეს ურთიერთობის გაუფასურება.
უნდა გაამრავალფეროვნოთ ურთიერთობა, არ უნდა ტკეპნოთ ერთი ადგილი, თორემ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი გადავა რუტინაში. მე და რამაზი ვცდილობთ, რომ მთელი დღის განმავლობაში, როცა ერთად არ ვართ ვწეროთ თუ როგორ გვიყვარს ერთმანეთი და მივცეთ სტიმული ერთმანეთს.
როგორ ინარჩუნებთ ამდენ წლიან სიყვარულს - რა არის საიდუმლო?
ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული კომპრომისებზე, მაგალითად როდესაც ჩემი ქმარი ცუდ ხასიათზეა მე მაქსიმალურად ვცდილობ არ დავუბრუნო პასუხი და ვიყო ჩუმად, რადგან ჩემი პასუხის გაცემა ნიშნავს, რომ სერიოზულ უთანხმოებაში გადავა ეს კამათი და ვცდილობ ხოლმე, ის რაზედაც არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს სხვა დროს ვუთხრა, რომ აი იმ დროს შენ მართალი არ იყავი.
ჩემ შვილებს ჰგონიათ, რომ ცოლ-ქმარი საერთოდ არ ჩხუბობს, რადგან მე და რამაზს ბავშვების წინ ელემენტარული პრობლემაც კი არ განგვიხილავს.
ჰარმონია ურთიერთობაში არის იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე მხარე ხვდება, რა და როდის უნდა გააკეთოს, თუ რომელიმე მხარე ამას ვერ იაზრებს, მაშინ ჰარმონიაზე აქ ზედმეტია ლაპარაკი, ყველას გვაქვს ჩვენი ხასიათი და თუ მე ჩემ ხასიათს გავიტან ბოლომდე ნიშნავს, რომ ოჯახში ჰარმონია არ იქნება.
გრძნობთ თუ არა თავს იღბლიანად და რა არის ის, რაც თავს ძალიან იღბლიანად გაგრძნობინებს?
მე ალბათ იღბალთან ერთად დავიბადე.
როდესაც ჩემ ცხოვრებაში, რაღაც ცუდი ხდება ვისახავ მიზანს და ყველა გზა მეხსნება, იშვიათად ვისახავ მიზნებს, მაგრამ თუ დავისახე ის აუცილებლად ასრულებადია, ამაში ეჭვი 1 წამითაც არ მეპარება.
რა არის ის 3 რამ, რაც თქვენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია?
ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი როლი აქვს: სიყვარულს, რწმენას (როგორც ღმერთის, ასევე საქმის) და ბრძოლას.
რა როლი აქვს მშობლებს თქვენ ცხოვრებაში?
ჩემ ცხოვრებაში მშობლებს დიდი როლი აქვს, იმისთვის რომ მე ასეთი შევდექი. 13 წლის ვიყავი, როდესაც ჩემ მშობლებს ოჯახი დაენგრათ, და მე უკვე 13 წლისამ ვიცოდი, როგორი მინდოდა და როგორი არ მინდოდა ყოფილიყო ჩემი ოჯახი. ბავშვობიდან უკვე კოდი მედო, თუ როგორი ოჯახი უნდა მყოლოდა და ჩემი მშობლების ოჯახის დანგრევამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში, ალბათ ამიტომ შევდექი ასეთი ჭკვიანი.
თქვენ სოციალურ ქსელში პოსტებს ხშირად აქვს კრიტიკა რას ეტყოდით კრიტიკოსებს?
კრიტიკაზე არანაირი რეაქცია არ მაქვს, განსაკუთრებით კი თუ ეს არის არაჯანსაღი. კოვიდის, დროს ხშირად მაკრიტიკებდნენ, თუმცა მე არავისთვის მომიწოდებია თქვენ არ აიცრათ, რადგან მე არ ვიცრები ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ მე ვარ დამნაშავე, მაგრამ ეს არასოდეს არ მითქვამს.
მე უბრალოდ ვერ ვიტან, როცა მე არ ვარ რაღაცაში დარწმუნებული და მაძალებენ. რაც უფრო მეტს მაძალებ უფრო ვჯიუტდები. გამომდინარე იქიდან, რომ არავის ეზარებოდა და მთელი საქართველო ჩემ წინააღმდეგ იყო უფრო და უფრო ვძლიერდებოდი.
ავტორი: თათია ამაღლობელი
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕24 თებერვალი სარკისებური თარიღია - ჩაატარეთ ეს რიტუალი, რომ წარმატება მოიზიდოთ