„კარგი მეგობარი ოთხფოთლიან სამყურას ჰგავს, ძნელად საპოვნელია და მისი მპოვნელი იღბლიანია“ – ირანული ანდაზა.
ჩვენს ცხოვრებაში ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ხან ცხოვრების ბოლომდე ჩვენ გვერდით რჩებიან, ხან კი მალევე ქრებიან. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანები ერთმანეთს შემთხვევით არ უკავშირდებიან. მათი გზების გადაკვეთის უკან ყოველთვის არსებობს რაღაც ღრმა მიზეზი, რომელიც ჩვენს სამომავლო მოძრაობას განსაზღვრავს. მეგობრები კი ჩვენს ცხოვრებას სხვადასხვა ფერით ავსებენ, ალამაზებენ, აფერადებენ და ჩვენს პატარა სივრცეს ამ დიდ სამყაროში უკეთესობისკენ ცვლიან. და მაშინ, როდესაც ვფიქრობთ, რომ ცხოვრების ტრავმებს ვერ გავუძლებთ და სამყაროს კიდეში აღმოვჩნდებით, მეგობრები სირთულეების გადასალახ გზებს გვანახვებენ. ამ გზაზე კი მათთან ერთად ყოველი ნაბიჯი უფრო მსუბუქი ხდება… როცა რეალობა რთულია, მეგობარი ის სარკე ხდება, რომელშიც იმედი აირეკლება.
ჟურნალმა „OK“ ია ფარულავა და ციცინო შურღაია ჩაწერა, სადაც მათ მეგობრობაზე ისაუბრეს.
ია, როდის და როგორ დაიწყო თქვენი და ციცინო შურღაიას მეგობრობა?
ია ფარულავა: ეს იყო ბევრი წლის წინ. ჩვენი მეგობრობა 20 წელზე მეტს ითვლის. მახსოვს, სანამ ციცინო შურღაიას გავიცნობდი, ვნახე მასზე მომზადებული დოკუმენტური ფილმი და აღვფრთოვანდი ამ ადამიანით. შემდეგ ერთმანეთს ერთ-ერთ წვეულებაზე შევხვდით და დავმეგობრდით. ჩემი და ციცოს დამეგობრების შესახებ მითი შევქმენი, რომ ჩვენ დაგვაახლოვა ღომმა, ფელამუშმმა და მეგრულმა ძირებმა. როდესაც ციცინომ პირველად დამპატიჟა მის მიერ მომზადებული ფელამუშის გასასინჯად და როდესაც მე ეს ფელამუში დავაგემოვნე, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ის ჩემი სულიერი და იყო. ჩვენი მეგობრობა იწყება ფელამუშით, ღომითა და ტრადიციული მეგრული სამზარეულოთი. ციცინო საუკეთესო მზარეულია. მისი სუფრა და სტუმარმასპინძლობა ეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემაა.
რა არის საჭირო 20-წლიანი მეგობრობის შესანარჩუნებლად?
მეგობრობაში აუცილებელია, რომ ორივე ადამიანმა ერთმანეთს დაუთმოს. მე და ციცინო არ ვართ მარტივი ადამიანები, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუგებთ. ერთმანეთის ხასიათი და ბუნება კარგად ვიცით და ეს გვეხმარება სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია თქვენი ვიდეოები, რატომ დაიწყეთ ერთობლივი ვიდეოების გაზიარება საზოგადოებისთვის?
ჩვენ სერიოზული ადამიანები ვართ, მძიმე ხასიათებით და რაღაცით ხომ უნდა გავირთოთ თავი? ჩვენც ვერთობით და თქვენც გართობთ.
ახალ წელს როგორ ხვდებით ხოლმე? რაიმე საინტერესო საახალწლო ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
ერთადერთი, რასაც ყოველწლიურად ერთად ვაკეთებთ, ეს გოზინაყია. ციცოს განსაკუთრებული რეცეპტი აქვს, მე ნიგოზს ვჭრი და დანარჩენს ციცო უძღვება. ბოლოს გეტყვით, რომ გავუფრთხილდეთ მეგობრებს და მეგობრობას. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო რამაა ჩვენს ცხოვრებაში და გახსოვდეთ, რომ მეგობრობა არის გზად და ხიდად. გაუფრთხილდით და გიყვარდეთ მეგობრები.
ციცინო, გახსოვთ, როდის დაიწყო თქვენი და ია ფარულავას მეგობრობა?
ციცინო შურღაია: ერთმანეთი დაახლოებით 20 წლის წინ გავიცანით. მე საქართველოში არ ვცხოვრობდი, თუმცა როდესაც თბილისში ჩამოვდიოდი, ერთად არაჩვეულებრივად ვატარებდით დროს.
როდის მიხვდით, რომ თქვენი მეგობრობა განსაკუთრებული და ღირებული გახდა?
როდესაც საქართველოში ძალიან იშვიათად ჩამოვდიოდი, ეს ურთიერთობა მაშინაც კი ძვირფასი იყო ჩემთვის. იას ჩემს ცხოვრებაში სიცოცხლე შემოაქვს, მისტიკური ქალია, რომელთან მეგობრობაც ყველას უხარია. იასთან ერთად სულ მხიარულ ნოტებზე ხარ, ჩემი ანტიდეპრესანტია. როდესაც ვნახულობ, მიხარია. მეგობრობა ადამიანების ისეთი ურთიერთობაა, რომელიც ბევრ საკითხს აერთიანებს – ეს ადამიანი გიყვარს, ამ ადამიანის გესმის, ეს ადამიანი არის შენიანი, შენნაირად აზროვნებს, შეიძლება გეწინააღმდეგებოდეს კიდეც, თუმცა ურთიერთგაგება მაინც არსებობს.
რას გვეტყვით იმ ვიდეოებზე, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებთ ხოლმე?
ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი სტრესია. მე ქირურგი ვარ და საქმე ადამიანის გარეგნობასთან მაქვს, რაც მისი სავიზიტო ბარათია. მე რომ რაიმე შემეშალოს, სხვის ცხოვრებასაც ვცვლი, ამიტომ ყოველდღიურად დაძაბული დღის რეჟიმი მაქვს. გარდა ამისა, გულის ოპერაცია გავიკეთე და ოფიციალურად მაქვს აკრძალული ცუდ გუნება-განწყობაზე ყოფნა. ამიტომ მე და ია ყველა მიზეზით ვმხიარულობთ. ამ ვიდეოებში სულ ვხუმრობთ და ხალხიც ერთობა, როგორც ჩანს. სულ სერიოზული ჩემი მტერი იყოს.))
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრობაში?
ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების ერთ სიმაღლეზე ფრენა. სხვადასხვა სიმაღლეზე მყოფი ადამიანები დიდხანს ვერ იმეგობრებენ. მე მინდა ყველას ვუსურვო ისეთი მეგობარი, როგორც ია არის ჩემთვის. ასევე, ყველას ვუსურვებ ბედნიერ და მშვიდობიან ახალ წელს, ბევრ ყვავილს, ბევრ სიყვარულსა და სიმდიდრეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რომელ ხელზე უნდა გავიკეთოთ ბეჭედი იმისთვის, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოვიზიდოთ
წყარო: okmagazine.ge