Digest Logo

„ახლა ასე აღარ არის, ერთად აღვნიშნავთ, მაგრამ შემდეგ ორივეს შინ მიგვეჩქარება, ოჯახსა და საყვარელ ადამიანებთან“ - როგორ დამეგობრდნენ ნუგზარ კვაშალი და ვახტანგ ტატიშვილი

1734787557
ნუგზარ კვაშალი

„კარგი მეგობარი ოთხფოთლიან სამყურას ჰგავს, ძნელად საპოვნელია და მისი მპოვნელი იღბლიანია“ – ირანული ანდაზა.

ჩვენს ცხოვრებაში ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ხან ცხოვრების ბოლომდე ჩვენ გვერდით რჩებიან, ხან კი მალევე ქრებიან. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანები ერთმანეთს შემთხვევით არ უკავშირდებიან. მათი გზების გადაკვეთის უკან ყოველთვის არსებობს რაღაც ღრმა მიზეზი, რომელიც ჩვენს სამომავლო მოძრაობას განსაზღვრავს. მეგობრები კი ჩვენს ცხოვრებას სხვადასხვა ფერით ავსებენ, ალამაზებენ, აფერადებენ და ჩვენს პატარა სივრცეს ამ დიდ სამყაროში უკეთესობისკენ ცვლიან. და მაშინ, როდესაც ვფიქრობთ, რომ ცხოვრების ტრავმებს ვერ გავუძლებთ და სამყაროს კიდეში აღმოვჩნდებით, მეგობრები სირთულეების გადასალახ გზებს გვანახვებენ. ამ გზაზე კი მათთან ერთად ყოველი ნაბიჯი უფრო მსუბუქი ხდება… როცა რეალობა რთულია, მეგობარი ის სარკე ხდება, რომელშიც იმედი აირეკლება.

ჟურნალმა „OK“ ნუგზარ კვაშალი ჩაწერა, სადაც მან ვახტანგ ტატიშვილთან მეგობრობაზე ისაუბრა:

ბატონო ნუგზარ, როდის და როგორ დაიწყო თქვენი და ბატონ ვახტანგ ტატიშვილის მეგობრობა?

ნუგზარ კვაშალი: ჩემი და ვახტანგ ტატიშვილის მეგობრობა მაშინ დაიწყო, როდესაც ანსამბლ „ივერიაში“ მოვხვდი. ეს იყო 1972 წელი და მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ ნიჭიერი ადამიანების გვერდით ვიმღერებდი. ეს არ იყო მხოლოდ ჩემი და ვახტანგ ტატიშვილის ან მხოლოდ ჩემი და თემურ წიკლაურის მეგობრობა, ეს იყო ანსამბლის 12-ვე წევრის გამორჩეული მეგობრობის ისტორია. როდესაც ჩვენმა ანსამბლმა იუმორისტულ ნაწილშიც დაიწყო განვითარება, მაშინ მე, ვახტანგ ტატიშვილი და თემურ წიკლაური უფრო მეტად დავახლოვდით. 1985 წელს კი შეიქმნა მიუზიკლი, სახელწოდებით „თოვლის ბებოს ზღაპარი“, სადაც ჯუჯების როლი შემოგვთავაზეს. როლზე უარის თქმას ვაპირებდით, მაგრამ საბოლოოდ პროექტი გამოვიდა. სიკეთე, სიყვარული და სილამაზე საზოგადოებაში გავავრცელეთ და 160-ზე მეტი კონცერტი ჩავატარეთ თანმიმდევრობით. ეს იმ დროისთვის რეკორდი იყო. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და სიმღერამაც განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. 10 წლითა და 2 დღით არის ვახო ჩემზე დიდი, თუმცა ეს ხელს არ გვიშლიდა, საუკეთესო მეგობრები ვყოფილიყავით. ორი ჯუჯის სიმღერას მოჰყვა მეორე და მესამე სიმღერაც და მისი პოპულარობა ჩვენ ყველაზე მეტად გვახარებდა. ვახო მეუბნება, ჩემი მეორე ნახევარი ხარო. კონცერტებს ახლაც ვმართავთ ხოლმე საქართველოს რეგიონებში. ბოლო 5 წელიწადში 300-მდე კონცერტი ჩავატარეთ. სანამ ფეხზე ვდგავართ და შესაძლებლობა გვაქვს, სიყვარული, სიკეთე და სილამაზე ყველგან მოვაფრქვიოთ, ამას ყოველთვის გავაკეთებთ.

როგორ ხვდებით ხოლმე ახალ წელს, რაიმე გამორჩეული საახალწლო ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

ახალგაზრდობაში ახალი წლის პერიოდში, ძირითადად, გასტროლები გვქონდა ხოლმე. ხშირად აღმოვჩენილვართ უცნაურ და საინტერესო თავგადასავლებში. ვეცნობოდით იმ ქვეყნის ტრადიციებს, სადაც მივდიოდით. ახალ წელს კი ჯერ ქართული დროითა და წეს-ჩვეულებებით აღვნიშნავდით, შემდეგ კი იმ ქვეყნის დროითა და ტრადიციებით, სადაც იმწუთას ვიმყოფებოდით. ახლა ასე აღარ არის, თუ კონცერტი გვაქვს, რა თქმა უნდა, ერთად აღვნიშნავთ, მაგრამ შემდეგ ორივეს შინ მიგვეჩქარება, ოჯახსა და საყვარელ ადამიანებთან.

ბატონო ვახტანგ, თუ გახსოვთ, როდის და როგორ დაიწყო თქვენი და ნუგზარ კვაშალის მეგობრობა?

ვახტანგ ტატიშვილი: 16-17 წლის იყო ნუგზარ კვაშალი, როდესაც ანსამბლ „ივერიაში“ მოვიდა. მაშინ შევხვდით ერთმანეთს პირველად. თუმცა ორი ჯუჯის პერსონაჟმა უფრო მეტად დაგვაახლოვა და ეს ჯუჯები დღემდე მოგვყვებიან. უკვე 40 წელზე მეტია ვართ ჯუჯებიც და მეგობრებიც. ძალიან მხიარული წლები გავატარეთ ერთად.

რა არის ამდენწლიანი მეგობრობის საიდუმლო ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად?

მეგობრობაში მთავარი მეგობრობაა. მეგობრები ერთი გობიდან ჭამენ და ერთნაირად იყოფენ ყველაფერს – ავსაც და კარგსაც.

როგორ ხვდებით ხოლმე ახალ წელს?

ადრე ახალი წელი კონცერტებით გვქონდა დატვირთული. ახლა შედარებით ნაკლებად ვართ დაკავებულები, თუმცა ბავშვების გასახარებლად ყოველთვის ვმღერით ორი ჯუჯის სიმღერას. ახლა ძირითადად შინ ვხვდებით ახალ წელს, ოჯახის წევრების გარემოცვაში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „52 წლის მერე რომ პოულობ მოპარულ შვილს - ეს ემოცია როგორ უნდა გადმოსცე?“ - თამუნა მუსერიძე ემოციურ კადრებს აქვეყნებს

🎥 რომელ ხელზე უნდა გავიკეთოთ ბეჭედი იმისთვის, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოვიზიდოთ

🎥 „მინდა გასწავლოთ ისეთი პრაქტიკა, რაც წლებია მეხმარება ჩემი სურვილების ასრულებაში, ეს არის ჯადოსნური კალმის პრაქტიკა“ - თათია გარანიძის ვიდეომიმართვა

წყარო: okmagazine.ge