Digest Logo

„ეს გამარჯვება მხოლოდ მოგონებად და ლამაზ თარიღად არ უნდა დარჩეს“ - შოთა არველაძე

1711998538
შოთა არველაძე

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობა, მოზარდები, მომავალი ფეხბურთელები უკვე გამარჯვებულ საქართველოში იღვიძებენ“ - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს.

შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლას კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ეს მომენტი ყველამ გამოვიყენოთ და „ენერგია ერთობისკენ მივმართოთ“.

„რამდენიმე დღის შემდეგაც, არ ნელდება იმ ერთიანობის და სიხარულის განცდა, რომელიც ეროვნული ნაკრების წარმატებამ განაპირობა. ფეხბურთში ბევრის მნახველ ადამიანებს თითქოს ემოციები ისე მძაფრად აღარ უმუშავებთ, როგორც გულშემატკივრობის თუ თამაშის პირველ პერიოდში. ჩვენც ბევრი გვინახავს, ბევრჯერ გაგვიხარებია გულშემატკივარი და ბევრჯერ გვიგრძნია ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის პასუხისმგებლობა, მაგრამ ის, რასაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია, არაფერს ჰგავს.

ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე, ყოველი დილა და ღამე იმის ფიქრით დაიწყება და დამთავრდება, როგორი იქნება ჩვენი პირველი მოგზაურობა, ემოციები და დიდი საფეხბურთო ფორუმი, საყვარელ გუნდთან ერთად. ეს გამარჯვება მხოლოდ მოგონებად და ლამაზ თარიღად არ უნდა დარჩეს. ვფიქრობ, ეს მომენტი ყველამ უნდა გამოვიყენოთ, გადავაფასოთ მიმდინარე თუ წარსულში მომხდარი ამბები, 26 მარტი შემოტრიალების წერტილად უნდა მოვნიშნოთ, ყველგან და ყველასთან, სადაც რესურსი და სურვილია, ეს ენერგია ერთობისკენ მივმართოთ.

გუნდთან ერთად, მინდა კობის [საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლებან კობიაშვილი] და იაშკას [ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი] პირადად მივულოცო ეს წარმატება. ვიცი, რამდენს ნიშნავდა მათთვის ფინალი, ეს პერიოდი და მთელი ის გზა, რომელიც ამ წარმატებამდე გაიარეს.

ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობა, მოზარდები, მომავალი ფეხბურთელები უკვე გამარჯვებულ საქართველოში იღვიძებენ. ისტორიები, რომელსაც ისმენდნენ აღარ დაუკავშირდება მხოლოდ წარსულს და უკვე ჰყავთ ამ ამბის შემოქმედი, მისაბაძი ფეხბურთელები და გუნდი, ვის მაგალითზეც ხვალ გაიზრდებიან. ახალი კვირა, ახალი თვე და 74 დღე ევროპის ჩემპიონატამდე! მე ვარ საქართველო“, - წერს შოთა არველაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გუნდი F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

🎥 „ემოციების გამოხატვა მინდოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შვილს სიცხე ჰქონდა და ეძინა, არ მინდოდა გამეღვიძებინა“ - რას ჰყვება ნაკრების გულშემატკივარი

„აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოვაცხადეთ“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

მაკა ჩიჩუა იუბილარია - კადრები საქართველოს ყოფილი პირველი ლედის წვეულებიდან