Digest Logo

„ეს იყო სწორედ ჩემი სისუსტე...მეგონა, ის ადამიანი მობრუნდებოდა, უფრო კეთილგანწყობილი გახდებოდა...“ - რას ჰყვება მაკა შალიკაშვილი?

1747228982
მაკა შალიკაშვილი

ბევრისთვის საყვარელი მსახიობის, მაკა შალიკაშვილის მიერ წაკითხულმა ლექსებმა წარმოუდგენელია, ემოცია არ გამოიწვიოს და ადამიანი არ ჩააფიქროს. ის ყოველთვის იქცევს ყურადღებას თავისი ორიგინალური ჩაცმის სტილით და მიაჩნია, რომ ესეც მისი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა, როგორც მისი წაკითხული ლექსები. ამბობს, რომ ცხოვრებამ ბევრჯერ მიიყვანა საჭირო დროს საჭირო ადგილას და ამისთვის მადლიერია. 

ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მაკა შალიკაშვილის ინტერვიუს ჟურნალ „თბილისელებთან“, სადაც პროფესიასა და ლექსებზე საუბრობს:

მაკა შალიკაშვილი: რისთვისაც შეგვქმნა განგებამ, ზუსტად ის მასწავლა. მასწავლა, რომ ადამიანი უნდა იყო კეთილგანწყობილი და ჭკვიანი. ამ სიჭკვიანეში კი ვგულისხმობ იმას, რომ შეძლებისდაგვარად ეცადო, უსმინო გულს. როცა ხვდები, კონკრეტული ადამიანი არ არის შენი ადამიანი, არ იცის შენი ფასი, დიდად არ გიყურებს კარგი თვალით, მისგან არ უნდა ელოდო სიკეთეს და გატანას, დისტანცია უნდა დაიჭირო. არ უნდა მოუშვა ადამიანი იქამდე, რომ გაწყენინოს, გატკინოს, გიღალატოს და გული დაგწყვიტოს. განგებამ სწორედ ეს მასწავლა, რომ საკუთარი თავი შევიყვარო, პატივი ვცე ჩემს თავს და ვიცოდე, რომ იმ ადამიანებთან არ ვიურთიერთო და არ შევიდე ისეთ ახლო ურთიერთობაში, რომ მერე ტკივილი არ მომაყენონ. თუმცა, არის მომენტი, როცა ხვდები, ადამიანს არ უყვარხარ, მაგრამ მასთან ურთიერთობას განაგრძობ. ალბათ, ამით ცდილობ, დაანახვო შენი სიკეთე და გქონდეს იმედი, რომ ის ამას დაინახავს.

– ყოფილა შემთხვევა, როცა ხვდებოდი, არ იყო „შენი ადამიანი“, მაგრამ მასთან ურთიერთობას მაინც განაგრძობდი?

– როგორ არა. ეს იყო სწორედ ჩემი სისუსტე. რაღაცნაირად ვერ ვაღწევდი თავს, მეგონა, ის ადამიანი მობრუნდებოდა, უფრო კეთილგანწყობილი გახდებოდა, დაინახავდა ჩემს გულს და იმავეთი მიპასუხებდა. საბოლოო ჯამში, ასე არ მოხდა. თუ ადამიანს არ უნდა, დაგინახოს, არ დაგინახავს. წლებმა და გამოცდილებამ მომიტანა ის, რომ ამ სისუსტისგან გავთავისუფლდი. თავისუფლება სწორედ ისაა, როცა შეგიძლია, სიკეთე აკეთო ადამიანებთან, ვინც შენიანია, ვისაც უყვარხარ და ვინც შენი გულისა და სულის ადამიანია. არ ვარ ბოროტი. ბოროტებების კეთება არ არის ჩემი საქმე. ხშირად მავიწყდება, რაზე ვარ ნაწყენი ადამიანზე. არც გულში ჩადება ვიცი და არც სამაგიეროს გადახდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე არ მახსოვს.

– რომელი თვისება მოგწონს შენში და რომელი პირიქით, არ მოგწონს და ცდილობ, გამოასწორო?

– არ მომწონს, რომ ვჩხუბობ, ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსია. როცა ვჩხუბობ, ძალიან ვტკენ ადამიანს და ეს მე მეორე წუთს არ მახსოვს. თუმცა, ჩხუბში შეურაცხყოფის მიყენებას არ ვგულისხმობ. ამ დროს ხმამაღლა ვლაპარაკობ და ჩემს სიმართლეს ვამტკიცებ. ემოციური ადამიანი ვარ და რომ ვერ ვახერხებ ჩემი სიმართლის დამტკიცებას და ვერ ვაგებინებ, მერე ვყვირი. შეიძლება, ისიც მართალია, მეც, მაგრამ ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანებმა არ უნდა იჩხუბონ. ჩვენ კი იმის გამო ვჩხუბობთ, რომ ის თავის სიმართლეს მიმტკიცებს, მე – ჩემსას, თან, ხმამაღალი ტონით. ბევრჯერ მინანია ეს საქციელი, რადგან მას სწყენია, მე კი მეორე წუთს არც კი გამხსენებია, რა მეწყინა. ასე რომ, რაც არ უნდა ნაწყენი ვიყო, ადამიანს უკადრებელს არასოდეს ვაკადრებ, არ გავლანძღავ საშინელი სიტყვებით, თუმცა, ხმამაღლა ლაპარაკი მჩვევია. ხოლო, თვისება, რომელიც ჩემში მომწონს, არის ის, რომ ვარ ძალიან ალალი ადამიანი. ვაღიარებ, ხანდახან არ მინდა, ასეთი ალალი რომ ვარ (იცინის). თუმცა, მე ჩემი ხასიათით ძალიან ვამაყობ, ეს ჩემი გენეტიკაა. ყველა ასეთი მყავს და შეუძლებელია, მე სხვანაირი ვიყო. და, რაც არ უნდა ნაწყენი ვიყო, არ ვიცი სხვა ადამიანებთან მასზე ცუდი საუბარი. არც ჩემს შვილს განვაწყობ მასზე ცუდად და არც მის შვილს ვაჩვენებ იმ განწყობას, რაც მისი მშობლის მიმართ მაქვს. ჩემი ოქროს წესია: ჩვენს შვილებს არ უნდა ეხებოდეს ჩვენი, დიდების ურთიერთობები. ადამიანს რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდე, არ მიყვარდეს და არ ვუყვარდე, როცა მას რაღაცის გამო ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ, არ არსებობს, მათ ამაში ავყვე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕პარაძიუდოისტი ლაშა ყიზილაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

🎥 „როცა თაყვანისმცემლები გაწუხებენ“ - Geo Team გიორგი ჩაკვეტაძის მხიარულ ვიდეოს აქვეყნებს

⭕„ეს ჩვენი სიყვარულის ულამაზესი დაგვირგვინებაა, ვემზადები ცხოვრების ახალი ეტაპისთვის“ - როგორ ემზადება მარიამ ელიეშვილი დედობისთვის