ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ მოძალადე, პრორუსული, ჰომოფობიური მცირე ჯგუფების მიერ 14 მარტს გამართულ აქციაზე ევროკავშირის დროშის დაწვა ვანდალიზმია.
მეუფე ნიკოლოზი რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან აქციასაც ეხმაურება და ამბობს, რომ „გაუმართლებელია, პოლიციელების მისამართით ქვების დაშენა“.
ის ასევე აცხადებს, რომ პრორუსული მცირე ჯგუფების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი სასულიერო პირი, დეკანოზი სპირიდონი "ყოველგვარი ლოცვა-კურთხევის გარეშე იქცეოდა, რაც დაუშვებელია".
„არ მიმაჩნია არავითარ შემთხვევაში გამართლებულად, რომ პოლიციელებს ცეცხლიანი რაღაცები ესროლა ან ქვები დაუშინო, არ მიმაჩნია ეს სწორად და მეორეს მხრივ, ევროკავშირის დროშის დაწვაზე თუ მეუბნებით, მიმაჩნია, რომ ვანდალიზმია. დეკანოზ სპირიდონზე ასე ვიცი, რომ საპატრიარქომ ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, რომ ის ყოველგვარი ლოცვა-კურთხევის გარეშე იქცეოდა, რაც დაუშვებელია", - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი ფორმულასთან საუბარში.
15 მარტს საპატრიარქო რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციასა და მოძალადე, პრორუსული, ჰომოფობიური მცირე ჯგუფების მიერ გამართულ აქციას ერთი განცხადებით გამოეხმაურა.
14 მარტს გამართულ აქციასთან დაკავშირებით საპატრიარქოში აცხადებენ, რომ პარლამენტთან მყოფი სასულიერო პირი თვითნებურად, საეკლესიო კანონიკის დარღვევით მოქმედებდა და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი.
რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციაზე კი საპატრიარქო ამბობს, რომ „ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია მოლოტოვის კოქტეილების „საშუალებით“.
***
ძალადობრივმა, პრორუსულმა და ჰომოფობიურმა მცირე ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოგლიჯეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს. აქციაზე იმყოფებოდა სასულიერო პირიც.
ამ აქციის მონაწილეებთან მხოლოდ ერთი პოლიციელი იდგა. იმ სვეტთან კი სადაც დროშა ფრიალებდა, ხუთამდე პოლიციელი მოგვიანებით გაჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მოძალადე, პრორუსული ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
მოგვიანებით, საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციელებმა ევროკავშირის დროშა აღმართეს.
პრორუსულმა დაჯგუფებებმა ევროკავშირის დროშა წარსულშიც ჩამოგლიჯეს. 2021 წლის 5 ივლისის მეორე დღეს, ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული დროშა ჩამოხსნეს. 7 ივლისს კი დროშა მაშინდელმა სპიკერმა, კახა კუჭავამ აღმართა.
ამის შემდეგ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადი გახდა.
პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დროშების დაზიანებისთვის მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდება. ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს მოერიდეთ საფინანსო ოპერაციებს, ახალ კავშირებს“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„ზემოდან დიდ ძუძუებიანი ქალი ადგა, ქვემოდან ვიღაც პენისის გადიდებას მთავაზობდა“ - არჩილ მარშანია
წყარო: formulanews.ge