
მოსაზრება, რომ ადამიანის ჯანმრთელობას მისი სულიერი მდგომარეობა განსაზღვრავს ძველბერძნულ ფილოსოფიასა და მედიცინაში გაჩნდა, როცა „ფსიქო“ და „სომა“ (ანუ სული და სხეული) ერთ მთლიანობად ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ, პლატონმა და არისტოტელემ განიხილეს. მათი ნააზრევი გაიზიარა გერმანელმა ექიმმა იოჰან ჰაინროტმაც, რომელმაც 1818 წელს შემოიღო „ფსიქოსომატიკისა“ და „ფსიქოსომატური დაავადებების“ ტერმინი.
ფსიქოსომატური დაავადებები
ფსიქოსომატიკა - მეცნიერებაა, რომელიც ფსიქოლოგიურ, ემოციურ და სოციალურ მოვლენათა გავლენას იკვლევს ფიზიოლოგიურ დაავადებებზე, ფსიქოსომატური დაავადებები კი, სნეულებათა ის ჯგუფია, რომელიც ვეგეტატიური დისფუნქციისა და ასთენიური სინდრომის, ემოციური დისბალანსისა და ბიოლოგიური რიტმის დარღვევის შედეგად ვითარდება.
ფსიქოსომატური დაავადებების გამომწვევი მიზეზები:
* შინაგანი კონფლიქტი - ბრძოლა ურთიერთგამომრიცხავ სურვილებს შორის,
* თვითდასჯა - რეალური ან წარმოსახვითი დანაშაულის მრავალჯერადი განცდა,
* პირობითი სარგებელი - ფსიქოლოგიურად არაკომფორტულ სიტუაციაში მოხვედრის შიშით წარმოქმნილი ჯანმრთელობის პრობლემები,
* წარსულის გამოცდილება - ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგი,
* შთაგონება - სხვათა შთაგონებით ან გავლენით წარმოქმნილი პათოლოგიის სიმპტომები,
* იდენტიფიკაცია - საკუთარი თავის გაიგივება სნეულთან.
ფსიქოთერაპევტთა მტკიცებით, ფიზიოლოგიურ დაავადებათა 80%, სინამდვილეში ფსიქოლოგიური ხასიათისაა, რადგან ადამიანის ჯანმრთელობას მეტწილად მისი განწყობა და ფიქრები, ხასიათის თავისებურებები და დამოკიდებულება განსაზღვრავს მარცხისა და წარმატების მიმართ. მეტიც, ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიტიკური თეორიის თანახმად, სომატური დაავადებები მხოლოდ სიმბოლოების ენაა, რომლითაც სხეული ერთგვარ სიგნალს იძლევა და მთელი ხმით „ყვირის“ მოუგვარებელ ფსიქიკურ პრობლემებზე.
ფსიქოსომატური სნეულებები:
* გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - არტერიული ჰიპერტენზია, რევმატიზმი,
ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, გულის იშემიური ტკივილი, არითმია და ინფარქტი.
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, წყლულოვანი კოლიტი, ბილიარული დისკინეზია (ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ფუნქციური დაავადება),
* ნერვული სისტემის დაავადებები - ქრონიკულ თავის ტკივილი, დაძაბულობის თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.
* კანის დაავადებები - ნეიროდერმიტი, ეგზემა და ფსორიაზი,
* გინეკოლოგიური დაავადებები - რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიები, პრემენსტრუალური სინდრომი, გესტოზი, მშობიარობის შემდგომი დეპრესია.
ფსიქოსომატური დაავადებების გამომწვევი ნეგატიური ემოციები
ფსიქოსომატურ დაავადებებს მეტწილად მოუწესრიგებელი ფსიქოლოგიური პრობლემები და ნეგატიური ემოციები - ბრაზი, წყენა და გულდაწყვეტა, მრისხანება, შური და განგაშის გრძნობა, სტრესი და დეპრესია პროვოცირებენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ +23 გრადუსი - დღეიდან საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
წყარო: imedinews.ge