Digest Logo

„გამიჭირდა 15 წლის მერე დავბრუნდებოდი სცენას, როგორც მსახიობი...“ - გიგი დედალამაზიშვილი სცენაზე, სულ სხვა ამპლუით

1720777433
გიგი დედალამაზიშვილი

გიგი დედალამაზიშვილი ყველასთვის ცნობილი ბენდ „მგზავრების“  უცვლელი წევრი და ლიდერია. „თეატრის“ სცენაზე მან სამსახიობო როლიც მოირგო და საკმაოდ წარმატებით. გიგიმ მონაწილეობა მიიღო ისეთ ცნობილ მიუზიკლებში, როგორიცაა „ჩიკაგო“ და „მამა მია“ და როგორც თავად ამბობს, დაუვიწყარი გამოცდილება შეიძინა.

გიგისთან საინტერესო ინტერვიუს Teatri.ge- ავრცელებს.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ პროფესიით მსახიობი ხართ. რამ გიბიძგათ, რომ გარდა თქვენი წარმატებული მუსიკალური კარიერისა, მსახიობის როლიც მოგერგოთ? 

გიგი: დაბრუნება იყო მოულოდნელი, რადგან ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი, რომ 15 წლის მერე დავბრუნდებოდი სცენაზე, როგორც მსახიობი.  ზაალ ჩიქობავამ დამაბრუნა სცენაზე, როგორც მსახიობი და ახლა უკვე ძალიან ბედნიერი ვარ. თავიდან გამიჭირდა, იმიტომ რომ რთული იყო ადაპტაციის პროცესი. თუმცა შემდეგ გამარტივდა, ცურვასავით ყოფილა.

„თეატრი“ ქართულ რეალობაში სრულიად ახალი კონცეფციაა, თქვენ რამ მიგიზიდათ ამ სივრცეში ყველაზე მეტად?

გიგი: იმ ფაქტმა, რომ უნიკალურია და ასეთი ჟანრი, მსგავსი კონცეფციის მიუზიკლები საქართველოში არ არის. „თეატრში“ ორი რამ არის გაერთიანებული: კულინარია და თეატრი. ორივე ძალიან ეხმარება ერთმანეთს და მთლიანობაში ქმნის საერთო პროდუქტს, საერთო სათქმელს და ეს ძალიან საინტერესოა.

როგორ აბალანსებთ თქვენი, როგორც „მგზავრების“ მთავარი მომღერლის ვალდებულებებს ,,თეატრის” სამსახიობო როლებთან, და თუ არსებობს რაიმე გამოწვევა, რომელიც შეგხვედრიათ თქვენი კარიერის ამ ორი ასპექტის მართვაში?

გიგი: რთული არ არის ბალანსი, რადგან მყავს დუბლები, რომლებიც თავიდანვე ვიცი, რომ ჩემს გვერდით იქნებიან. მე თუ არ ვიქნები, ისინი შეითავსებენ როლს. აქედან გამომდინარე, არასდროს არ ყოფილა მომენტი, რომ ამ ორ საქმეს ხელი შეეშალა ერთმანეთისთვის.

როგორია „თეატრში“ მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით ისეთ ლეგენდარულ შოუებში, როგორიცაა „ჩიკაგო“ და Mamma Mia?

გიგი: ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან რთული იყო ორივეზე მუშაობა, განსაკუთრებით „ჩიკაგოზე“. გამოვყოფ იმიტომ, რომ ჩემი აზრით, „ჩიკაგო“ ბევრად უფრო რთული სპექტაკლია, ვიდრე „მამმა მია“. აქ არის ცეკვა, სიმღერა, საჭიროა სამსახიობო მონაცემები და აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო იყო მუშაობა ორივე მიუზიკლზე.

როგორ წარმოგიდგენიათ „თეატრის“ მომავალი, რა როლს ითამაშებს ეს უნიკალური სივრცე საქართველოს კულტურული სფეროს განვითარებაში?

გიგი: მე მგონია, რომ თეატრმა უკვე დაიმკვიდრა თავისი ნიშა და ადგილი. მჯერა, დროთა განმავლობაში ბევრი სხვადასხვა კარგი და წარმატებული სპექტაკლი გვექნება, გვეყოლება ჩვენი მაყურებელი, რომელიც უკვე პრინციპში გვყავს. მათი რაოდენობა უფრო და უფრო გაიზრდება და გვექნება ძალიან დიდი რეპერტუარი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მუდმივად შეყვარებული ვარ, ეს მახალისებს და მაბედნიერებს“ - ნანა შელია ასაკზე და ჩაცმის სტილზე

„არც სარკეში ვიხედები, არც განვიცდი ასაკს“ - რას ამბობს 78 წლის პოლიციის პოლკოვნიკი

🎥 ოფიციალური წარდგენა საქართველოს ჰიმნის ფონზე - ზურიკო დავითაშვილი სენტ ეტიენის ფეხბურთელია