Digest Logo

„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ დროშებს ტრიბუნებზე, ძალიან დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული“ - ნიკა კვეკვესკირი

1718274011
ნიკა კვეკვესკირი

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში განაგრძობს. 12 ივნისს, ფელბერტში, ჩვენი გუნდის ღია ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესი სავსე ტრიბუნის თანხლებით და გულშემატკივართა შეძახილების ფონზე წარიმართა.

ვარჯიშში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა.

„გუნდში, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განწყობაა. ემოციური იყო გერმანიაში ამდენი ქართველის ხილვა. როგორც იქნა, ეროვნული ნაკრები დიდ ტურნირზე მოხვდა და ემზადება დებიუტისთვის. ამაზე მაგარი გრძნობა უბრალოდ არ შეიძლება რომ იყოს. ყოველი დღე ახალი პოზიტიური ემოციებითაა დატვირთული. ვტკბებით ამ შეგრძნებებით, მაგრამ, ამავდროულად, ვემზადებით და ვცდილობთ კონცენტრირებულები ვიყოთ და მაქსიმალურად მზადყოფნაში შევხვდეთ პირველ თამაშს.

ხასიათისთვის და განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მონტენეგროში მოგებული ამხანაგური მატჩი. დამუშავდა რამდენიმე ტაქტიკური დეტალი, რამაც გაამართლა. ეს მეტ თავდაჯერებას მატებს გუნდს, რაც მნიშვნელოვანია ასეთი დიდი ტურნირის წინ. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

ფეხბურთელები, ვინც უცხოეთში ვთამაშობთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ დროშებს ტრიბუნებზე. მით უმეტეს, როდესაც ამას აქ ხედავ, ევროპის ჩემპიონატის წინ. ეს ძალიან დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. ველოდებით თითოეულ ქართველ გულშემატკივარს. ისინი ძალიან დიდი ძალა და მოტივაციის წყარო არიან ჩვენთვის. იმედია, ბევრი ქართველი მოახერხებს თამაშზე დასწრებას და ჩვენთან ერთად იბრძოლებს გამარჯვებისთვის“, - აცხადებს ნიკა კვეკვესკირი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ლევან ყოჩიაშვილი ცოლს დაშორდა: „ძალიან დიდი განცდა და ტრავმაა“ - მსახიობი გამორჩეული ეტაპები და ამბები, რომელზეც აქამდე არ უსაუბრია

🎥 13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა - ტრაგიკული თარიღის უმძიმესი კადრები

⭕„დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ დავიბრუნებთ ჩვენს თანაქალაქელებს და თანამემამულეებს“ - კახა კალაძე 13 ივნისის ტრაგედიაზე