ქართველი გეოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი ელენე აბაშიძე 104 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი გახლდათ და თავისი მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს კარსტული რეგიონებისა და მიწისქვეშა წყლების შესწავლაში.
1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (ჰიდროლოგიის სპეციალობა). მუშაობდა როგორც პედაგოგად, ისე ჰიდროგეოლოგად სხვადასხვა სამეცნიერო და სახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტში.
მისი ერთ-ერთი მთავარი სამეცნიერო დამსახურება კარსტის წარმოშობის კვლევაა. საკანდიდატო ნაშრომში მან ეჭვქვეშ დააყენა იმ დროისთვის მიღებული „ხსნადობის თეორია“, ხოლო სადოქტორო დისერტაციაში კარბონატულ ქანებში კარსტის წარმოშობის ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიკური მექანიზმები შეისწავლა. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი.
მისი სამეცნიერო ნაშრომები საერთაშორისო დონეზეც აღიარეს. სადოქტორო კვლევისთვის ამერიკის საერთაშორისო ბიბლიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მეცნიერ ქალთა შორის „წლის ქალის“ საპატიო წოდება და შესაბამისი სიგელი მიანიჭა. ქართულ მედიაში მას ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „წლის მეცნიერის“ ტიტულის მფლობელს.
ელენე აბაშიძე სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გამოირჩეოდა პატრიოტიზმით, ხშირად გამოდიოდა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის თემებზე. იგი საქართველოს თავადაზნაურობის უხუცესი წარმომადგენელიც იყო.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „ბაბუს ბიჭები“ - გიორგი ჯაჯანიძე შვილიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს